"ისეთი ხმაური ატყდა, თითქოს სასაკლაო ჰქონდათ მოწყობილი და ვიღაც ჭრიდა და კერავდა პაციენტებს!" - კვირის პალიტრა

"ისეთი ხმაური ატყდა, თითქოს სასაკლაო ჰქონდათ მოწყობილი და ვიღაც ჭრიდა და კერავდა პაციენტებს!"

გასულ კვირას მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი დააკავეს. პროკურატურამ საქმე სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე აღძრა. უკანონო საექიმო საქმიანობის გამო პასუხისგებაში მიეცა ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავაც, მაგრამ რადგან საქართველოში არ არის, მას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

25 წლის ნათია ცირეკიძე 20 თვეა, კომატოზურ მდგომარეობაშია და ოჯახი იმ ექიმების დასჯას ითხოვს, ვინც გოგონა ამ მდგომარეობაში ჩააგდო.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის ზაფხულში ნათია ცირეკიძემ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვახტანგ ყიფიანმა გაუწია. გამოძიების ცნობით, მან პაციენტი და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ გამოკვლევის შედეგები იტალიაში გაგზავნეს და იქიდან მოსული რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც სამართალდამცავების მტკიცებით, ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ, თუმცა, ოპერაცია 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ყიფიანმა თვითონ გააკეთა ისე, რომ მას არ ჰქონდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ორთოპედია-ტრავმატოლოგია. მან ოპერაციაზე დაიხმარა მაგდა ხოჭოლავა, რომელსაც, სამართალდამცავების მტკიცებით, ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტად მუშაობდა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ გოგონას ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა ისევ მიმართა საავადმყოფოს. ყიფიანმა პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებით ოპერაციაზე დაიყოლია იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები ჩაატარებდნენ. გოგონას განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა. მეორე ოპერაციაც, ისევე როგორც პირველი, გამოძიების ცნობით, იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად ყიფიანმა და ხოჭოლავამ გააკეთეს, რის Dშედეგადაც პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია. გამოძიების მტკიცებით, ორივე ოპერაციის დროს კლინიკას ხელმძღვანელობდა გიორგი ლობჟანიძე, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი მოვალეობა - დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების ლიცენზიის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად. ვახტანგ ყიფიანის ბრალდება - ექვსიდან ცხრა წლამდე, კლინიკის ხელმძღვანელის ბრალი კი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება მაგდა ხოჭოლავას, მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვდა, რასაც ადვოკატები არ დაეთანხმნენ. მათ სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაო შესთავაზეს. პროცესზე თავისი პოზიცია გამოხატა კლინიკის დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემაც: "თუ ჩემი პატიმრობა ნათია ცირეკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეცვლის, თანახმა ვარ, მომისაჯოთ". სასამართლომ დირექტორი 100.000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, ხოლო ყიფიანსა და ხოჭოლავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ ამჟამად მხოლოდ ყიფიანია საპატიმროში, რადგან ხოჭოლავა იტალიაშია.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მცირე თეორიული შანსიც კი რომ არსებობდეს, ჩემს ქმედებას გამოეწვია გოგონას ასეთი მძიმე მდგომარეობა, დაუფიქრებლად დავიკავებდი ბრალდებულის სკამს... თხოვნით მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს, გაეცნოს საქმის დეტალებს და მოახდინოს რეაგირება შეხედულებისამებრ. ასევე გთხოვთ ყველა კეთილის მსურველს, თავი შეიკავოთ ამ თემის პოლიტიზებისგან... მედიცინა - საქმე, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრებაა, თავის სიმართლეს აუცილებლად იპოვის. მჯერა, დეტალური გამოძიების და სასამართლოს გზით უმოკლეს ვადაში გაირკვევა სიმართლე,"- წერს ბრალდებული ვახტანგ ყიფიანი.

ექიმის დაკავებას ეხმაურება მისი ოჯახიც: "ვახტანგის საექიმო საქმიანობა 20 წელს აღემატება, ამ ხნის განმავლობაში მან ათასობით წარმატებული და ურთულესი ოპერაცია ჩაატარა. ვისაც კი მასთან უმუშავია, ყველა ადასტურებს საქმისადმი მის ერთგულებასა და პროფესიონალიზმს, ამ ფონზე უმძიმესი მოსასმენია ბრალდება, რომ თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული ექიმი ფულის გამოძალვის მიზნით გოგონას უტარებდა ოპერაციას, რომლის კვალიფიკაციაც არ გააჩნდა... განსაკუთრებით მძიმეა უსამართლობის განცდა მაშინ, როცა დადასტურებულია ფაქტი, რომ პაციენტის დამძიმებამდე და შემდგომ პერიოდში მას არანაირი მანიპულაცია არ ჩაუტარებია და პაციენტს ამ მდგომარეობამდე ვერ მიიყვანდა. სამართალდამცავი ორგანოების მიერ ოჯახში, მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ მისი და გიორგი ლობჟანიძის დაკავება განსაკუთრებული უსამართლობისა და დაუცველობის განცდას გვიტოვებს..."

იტალიიდან გამოეხმაურა ფაქტს ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავა: "არ ვეთანხმები პროკურატურის წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლო მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ასევე მინდა გამოვეხმაურო ტელევიზიით არასწორად გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულ ბრალდებას, თითქოს გამოძიებისთვის თავის არიდების მიზნით დავტოვე ქვეყანა და გავიქეცი იტალიაში. 25 წელზე მეტია, აქტიურად ვეწევი ლიცენზირებულ, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ანესთეზია-რეანიმაციის მიმართულებით. 10 წელი შესაბამისი ლიცენზიით ვმუშაობდი ანესთეზიოლოგად საქართველოში და 15 წელიწადია, ვცხოვრობ და ვმუშაობ იტალიაში, ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკაში, რამაც განაპირობა განვითარებული მოვლენების დროს ჩემი ქვეყანაში არყოფნა... მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდი საგამოძიებო ორგანოებთან და სიმართლის დადგენის მიზნით ამისთვის მომავალშიც მზად ვარ"."

"რა მესიჯს უგზავნის ამით სასამართლო საზოგადოებას? ადამიანს ოპერაცია არ გაუკეთებია და მაინც დაიჭირეს!"

სალომე ჯანუაშვილი, გიორგი ლობჟანიძისა და ვახტანგ ყიფიანის ადვოკატი:

- ვახტანგ ყიფიანს ედავებიან, რომ ფუჭად დააიმედა დაზარალებული ოჯახი, უთხრა, ოპერაციას ჩაგიტარებთ იტალიელი ექიმიო და ოპერაცია თვითონ გაუკეთა, არადა, თურმე შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა. თვითონ დაზარალებული ამბობს ჩვენებაში, რომ 2018 წლის ივნისში მივიდა კლინიკაში, შეხვდა ვახტანგ ყიფიანს და აჩვენა შვილის ტომოგრაფია. ყიფიანმა უთხრა, ეს არ არის საგანგაშო მდგომარეობა, სექტემბერში ჩამოვლენ იტალიელი ექიმები, მათთან გავიაროთ კონსულტაცია და ჩამოვაყალიბოთ მკურნალობის შემდგომი გეგმაო. სექტემბერში ჩამოვიდნენ იტალიელები - პროკურატურას უდევს კიდეც საქმეში მათი საზღვრის კვეთის დოკუმენტაცია, ასევე მათი ხელმოწერილი დოკუმენტები, სადაც ადასტურებენ, რომ იყვნენ საქართველოში და კონსულტაციაში ხელფასიც კი აიღეს. დაზარალებული მიდის კონსულტაციაზე და იგეგმება ოპერაცია, ეს არის მცირეინვაზიური ჩარევა წარმონაქმნზე, რომ პაციენტმა ტკივილი არ განიცადოს. პირველი პროცედურა ჩატარდა მოწვეული იტალიელი ექიმის კონსულტაციით, ჩართულობითა და მეთვალყურეობით, ის ოპერაციას აკეთებდა ვახტანგ ყიფიანთან ერთად და შედეგიც მიიღეს - ძირითადი პრობლემა მოიხსნა. დარჩა წერტილოვანი ტკივილები და პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად პაციენტი კვლავ მივიდა კლინიკაში. გაუკეთდა ხელახალი ტომოგრაფია და ისევ დაელოდნენ იტალიელი სპეციალისტების ჩამოსვლას. დაიგეგმა პროცედურა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ანესთეზიით. პაციენტი შევიდა საოპერაციო დარბაზში. მასთან იყო ანესთეზიოლოგი, ვახტანგ ყიფიანი და იტალიელი ექიმი ელოდებოდნენ დიდ საოპერაციოში, სადაც უნდა შეეყვანათ პაციენტი მას შემდეგ, რაც ანესთეზიოლოგი დააძინებდა. სანამ პაციენტი დაიძინებდა, მანამდე გართულდა მისი მდგომარეობა, ვახტანგ ყიფიანი ახლოსაც არ გაჰკარებია დაზარალებულს, ბრალდებაც კი არ ამბობს, ვახტანგ ყიფიანის ან მაგდა ხოჭოლავას ქმედებამ გამოიწვია ასეთი მდგომარეობაო. ეს ექსპერტიზით უნდა დადგინდეს. ექსპერტიზა 2019 წლის აპრილში დაინიშნა. ბრალდება ამბობს, მაგდა ხოჭოლავას ლიცენზია არ იყო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისიო, მაგრამ ხოჭოლავას აქვს ლიცენზია. ის იტალიაში მუშაობს და იტალია არის ქვეყანა, რომლის ლიცენზია საქართველოში მოქმედებს. უბრალოდ, ბიუროკრატიული ნაბიჯები იყო გადასადგმელი და ეს არ გააკეთა - მას არ მიუმართავს ჯანდაცვის სამინისტროსთვის ლიცენზიის აღიარების თხოვნით... ისეთი ხმაური ატყდა, თითქოს სასაკლაო ჰქონდათ მოწყობილი და ვიღაც ჭრიდა და კერავდა პაციენტებს! რაც შეეხება ვახტანგ ყიფიანის ლიცენზიას... როგორ შეიძლება თქვა, ლიცენზია არ ჰქონდა ქირურგსო, რომელიც წელიწადში სისხლძარღვების 2000-მდე ოპერაციას აკეთებს! ჯანდაცვის კომისიის დასკვნაში წერია, ვახტანგ ყიფიანის ლიცენზია ამ ოპერაციის ჩატარების ნებართვას არ გულისხმობსო, თორემ არავის უთქვამს, ვახტანგ ყიფიანს ლიცენზია არ ჰქონდაო. თავს ლაფს ვასხამთ ამ ექიმებს იმის გამო, რომ ბიუროკრატიული ბარიერი არ გაიარეს. პროკურორმა განაცხადა, მაღალანაზღაურებადი ქირურგი იყო ვახტანგ ყიფიანი და 8500 ლარი ითაღლითა, ოჯახს გამოართვა და კლინიკის ანგარიშზე შეიტანაო. ეს სამართლებრივად სრული აბსურდია, რომ ეთაღლითა, ხომ ჯიბეში ჩაიდებდა?! ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ამ ლიცენზიის მქონე ქირურგი აკეთებს ასეთ ოპერაციებს. ორთოპედ-ტრავმატოლოგის მეთვალყურეობით უნდა ჩატარებულიყო ოპერაციაო, არადა, ძვალზე მომუშავე ექიმი სისხლძარღვს ვერ შეეხება! ბრალი აბსურდულია! ადამიანის ორგანიზმი თავისებურია და ასეთი ფაქტები ხდება... არ ველოდით პატიმრობას! რა მესიჯს უგზავნის ამით სასამართლო საზოგადოებას? ადამიანს ოპერაცია არ გაუკეთებია და მაინც დაიჭირეს!"

"დარწმუნებული ვიყავი, რომ ოპერაციას იტალიელები აკეთებდნენ"

განსხვავებულია დაზარალებული ოჯახის პოზიცია. გოგონას მამა, მირზა ცირეკიძე ამბობს, რომ როგორც იქნა, სამართალს მიაღწია. მაგრამ წყვეტენ ამ თემაზე საუბარს, რადგან არ უნდათ საკითხს პოლიტიკური სარჩული დაედოს.

- წელიწად-ნახევარი ჩემი შვილი ფიზიოთერაპიით მკურნალობდა, მერე გვირჩიეს, მივსულიყავით ყიფიანთან. 2018 წლის ივნისში მან მითხრა, ჩვენთან ჩამოდიან სპეციალისტები იტალიიდან და მათთან ერთად გავიაროთ კონსულტაციაო. დაველოდეთ სექტემბერს, ტკივილები ისეთი მძიმე არ იყო, რომ ვერ გადაგვეტანა. სექტემბერში მართლაც ჩამოვიდნენ, მაგდა ხოჭოლავა არის იტალიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მის გარდა იქიდან ჩამოსულ იტალიელ ექიმსაც შევხვდით. ხოჭოლავა თარჯიმნის როლსაც ასრულებდა. დამარწმუნეს, რომ ეს აუცილებელი ოპერაცია იყო. მართალია, მკურნალობისას 100%-იან გარანტიას არავინ იძლევა, მაგრამ დამაჯერეს, რომ ხუთწუთიანი პროცედურა იყო და ნარკოზიანად 40 წუთი დასჭირდებოდა. გაუკეთდა პირველი ოპერაცია და მეორე დილით გაგვწერეს სახლში. ოპერაციის შემდეგ ისევ იგრძნო ბავშვმა ტკივილები და ისევ მივაკითხეთ ყიფიანს. გვითხრა, გავესაუბრები იტალიელებს და რასაც მეტყვიან, გეტყვიო. მერე მითხრეს, ერთ თვეში ისევ ჩამოდიანო და დავგეგმეთ კონსულტაცია.

გადავიღეთ ტომოგრაფია, რომელიც შეადარეს წინას და მითხრეს, რომ მეორე ოპერაცია უკეთეს შედეგს გამოიღებდა. პირველად 5.000 ლარი გადავიხადეთ. რადგან უკმაყოფილოები ვიყავით ოპერაციით, გვითხრეს, რომ მეორე ოპერაციას 3.500 ლარად გაგვიკეთებდნენ. იტალიიდან ჩამოსულ ექიმს პირადად შევხვდი, დამაიმედა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ბავშვი შეიყვანეს ოთახში, სადაც ნარკოზი გაუკეთდა. 15 წუთი ველოდებოდით. ამის შემდეგ შევიდა იქ ყიფიანი, ცოტა ხანში კი იქიდან გამოსულებმა ჟანგბადის ბალონის მოტანა ითხოვეს. ოპერაციამდე გართულდა მდგომარეობა და ბავშვი კომაში ჩავარდა. ნარკოზი გაუკეთა ხოჭოლავამ. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ოპერაციას იტალიელები აკეთებდნენ, არადა, ახლა ირკვევა, რომ არც ერთ ექიმს, რომელმაც ჩემს შვილს ოპერაცია გაუკეთა, ამის გაკეთების უფლება არ ჰქონია. 20 თვეა, ჩემი შვილი კომაშია და ექიმები ვერაფერს მეუბნებიან. მიზეზიც კი არ იციან. წელიწადია, გრძელდება გამოძიება და სამართალი ისევ არ მოიძებნა, მაგრამ ახლა პროკურატურის საქმიანობით კმაყოფილი ვარ. ექიმების დაკავების გადაწყვეტილება სამართლიანია და მომავალი გვიჩვენებს, როგორ დამთავრდება ყველაფერი. ჩემთვის მთავარი ჩემი შვილის გადარჩენაა.

"ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ მამა ღია კარიდან ხედავდა, რა დღეში ჩააგდო ანესთეზიოლოგმა მისი შვილი"

გაიოზ ჩარკვიანი, დაზარალებულის ადვოკატი: - უმთავრესია, გოგონა კომიდან გამოიყვანონ. უდიდესი პროფესიონალები მოვიდნენ სასამართლოში დაკავებული ექიმების მხარდასაჭერად, შეიკრიბონ, კონსილიუმი გამართონ და იპოვონ გამოსავალი. გიორგი ლობჟანიძეს იანვარში მივმართე თხოვნით, ჩამოეყვანა უცხოელი სპეციალისტები. ორი თვის შემდეგ მითხრა, გაგზავნილი მაქვს დისკები და ველოდები პასუხსო. აქამდე არ არის პასუხები? რამდენი თვე უნდა ელოდონ?! ხომ შეიძლებოდა თუნდაც ტელეხიდით გამართულიყო უცხოელ ექიმებთან კონსულტაცია! გიორგი ლობჟანიძეს პროკურატურა გულგრილობას ედავება. მას უნდა შეემოწმებინა, ჰქონდათ თუ არა ექიმებს შესაბამისი ლიცენზია... რას ეუბნებიან ოჯახს, რომელსაც 20 თვეა, შვილი ასეთ მდგომარეობაში ჰყავს.?! რატომ ცდილობენ დამნაშავე ექიმების გამართლებას? დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ხოჭოლავას არანაირი ექიმის სერტიფიკატი არ ჰქონია. ვახტანგ ყიფიანს კი ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა კარდიოლოგის სერტიფიკატი და მას ხერხემალზე ოპერაცია არ უნდა გაეკეთებინა. ეს ადამიანები უკანონო საექიმო საქმიანობას ეწევიან, კლინიკა ამის გამო დააჯარიმეს კიდეც და მათაც უნდა აგონ პასუხი. მათი ადვოკატი ამბობს, პირველი ოპერაცია შედეგიანი იყოო, არა, ბატონო! ოპერაცია უშედეგო რომ იყო, ორი კვირის შემდეგ ამიტომ მიმართეს ექიმს. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ მამა ღია კარიდან ხედავდა, რა დღეში ჩააგდო ანესთეზიოლოგმა მისი შვილი - 13 წუთი ბავშვს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა და სწორედ ამან გამოიწვია მისი კომაში ჩავარდნა! მითხარით, რას აკეთებდა ამ დროს ანესთეზიოლოგი? სანამ საბოლოო შედეგი არ გამოქვეყნდება, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გავაკეთებთ. არ გვინდა ვინმემ ეს თემა პოლიტიკური მიზნით გამოიყენოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გავჩუმდებით!