"თამარ ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში შესვლა ვერ მოხერხდა, ვერანაირი კოდი ვერ მოერგო" - კვირის პალიტრა

"თამარ ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში შესვლა ვერ მოხერხდა, ვერანაირი კოდი ვერ მოერგო"

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის ბიუროში დაბარების შემდეგ მათ განუცხადეს, რომ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია აქვთ, რომლის პროგრამირება და დამუშავება მიმდინარეობს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ განუმარტეს, რომ ვერც სოციალურ ქსელიდან, ვერც ელექტრონული ფოსტის მისამართიდან და ვერც "იუთუბიდან“ ინფორმაციას ვერ იღებენ და ინფორმაციის მიღებას აშშ-დან ელოდებიან.

"როგორც გავიგე, რაღაც ინფორმაციები კიდევ მოიძიეს და ამ ყველაფრის პროგრამირება მიმდინარეობს. შესაბამისად, დამატებით არის ინფორმაციები, რომლის დამუშავება მიმდინარეობს. ყველაფერი ეს უნდა დამუშავდეს, რომ სრული ინფორმაცია მივიღოთ. ფაილი მოიძებნა, სადაც იყო კოდირება, მაგრამ მაინც ვერ იხსნება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქმეში FBI ჩაერთოს. მოგეხსენებათ, როდესაც შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვაა, მაშინ უკვე ფედერალური საგამოძიები ბიუროს ნების გარეშე არ ხდება მიღება. ეს უკვე არის მოთხოვნა და სავალდებულოა“, - განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, როდის და რა ვითარებაში გაუქმდა თამარ ბაჩალიაშვილის "ფეისბუქის“ გვერდი ეს მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, როდესაც ამერიკიდან შინარსობრივი ინფორმაცია იქნება.

"ერთი "ფეისბუქის“ გვერდი, რომელიც გაქრა. მეორე, არსებობდა, რომელშიც ვერ შევედით. ვერანაირი კოდი ვერ მოერგო, ვერ გაიხსნა. ამიტომ მიმდინარეობს ახლა იმაზე მუშაობა, რომ დავადგინოთ, რატომ არ მოერგო, არცერთმა ელექტრონულმა და არცერთმა კოდმა არ იმუშავა“, - განმარტავს რამიშვილი.

ადვოკატის განმარტებით, საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ მასალებს აღადგენენ.

"როგორც ამბობენ, ყველაფრის აღდგენას და დამუშავებას შეძლებენ. გარანტიას იძლევიან, რომ როდესაც "ფეისბუქის“ ადმინისტრაციიდან შინაარსობრივ ინფორმაციას მიიღებენ, ნდმ-ის დონეზეც კი იქნება ყველაფერი იდენტურიო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მხრიდან იქნება მოწოდება და მოთხოვნა, რომ ყველაფერი იყოს მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპით“, - აცხადებს რამიშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.