ვინ არიან პირები, ვისაც გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებას წაუყენებენ? - რა მასალების გასაჯაროებას აპირებს პროკურატურა? - კვირის პალიტრა

ვინ არიან პირები, ვისაც გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებას წაუყენებენ? - რა მასალების გასაჯაროებას აპირებს პროკურატურა?

პროკურატურაში ცოტა ხანში საგანგებო ბრიფინგის ჩატარება იგეგმება, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ახალ დეტალებს გაასაჯაროებენ.

Ambebi.ge-ის ინფორმაციით, როგორც მოსალოდნელი იყო, პროკურატურა უკვე ბრალდებულ 5 პირს ბრალს დაუმძიმებს. მათ ბრალდებას განზრახ მკვლელობის მუხლი დაემატება.

როგორც Ambebi.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, პროკურატურას უკვე ხელთ აქვს სასამართლო სამედიცინო კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც 10 კითხვაზე პასუხი გაცემულია და სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს ელოდებოდნენ სამართალდამცავები. ცნობილია, რომ პროკურატურამ ამჯერად 14 კითხვა გაუგზავნა ექსპერტებს.

ცნობილია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში სამი დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო. კახა ერისთავი, რომელიც ოჯახის თხოვნით თავიდანვე მონაწილეობდა ექსპერტიზაში, ასევე ჩაერთნენ: დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" ხელმძღვანელი, ალექსანდრე გეჯაძე და ასევე ნევროლოგი მანჯგალაძე.

ექსპერტებმა დასკვნა უკვე დადეს და ძირითად 10 კითხვაზე პასუხი უკვე გასცეს.

როგორც ჩანს, ექსპერტიზის დასკვნამ გაამყარა არსებული ვარაუდი და ის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება ამ საქმეში. სავარაუდოდ, ბრალი დაუმძიმდება "ტოიოტა ქამრის" იმ მგზავრებს, რომლებიც გაეკიდნენ გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს. ძველ ბრალდებასთან ერთად განზრახ მკვლელობისთვის ბრალი დაუმძიმდება ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, არასრულწლოვნებს ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს. სავარაუდოდ, ამ მძიმე ბრალდებას გადაურჩება "ტოიოტას" მძღოლი, რადგან ცნობილია, რომ ის ბიჭებს არ გაკიდებია და მანქანასთან დარჩა. შეგახსენებთ, ამ საქმეზე 17 პირია პატიმრობაში, ისინი სასამართლოს ვერდიქტს ელოდებიან. პირველი ექსპერტიზის დასკვნაში ცალსახად ნათქვამია, რომ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე სიცოცხლის დროინდელი 12-მდე დაზიანება ჰქონდა.

იხილეთ პროკურატურის განცხადება