პროკურორი განმარტავს, "ტოიოტა ქამრის" 6 მგზავრიდან მხოლოდ 5-ს რატომ დაუმძიმდა ბრალი - კვირის პალიტრა

პროკურორი განმარტავს, "ტოიოტა ქამრის" 6 მგზავრიდან მხოლოდ 5-ს რატომ დაუმძიმდა ბრალი

პროკურორის ამირან გულუაშვილის განმარტებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოპოვებული და შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, "ტოიოტა ქამრის" 6 მგზავრიდან მხოლოდ 5-ის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ფეხბურთელის განზრახ მკვლელობის მომზადებაში.

"ოჯახის მოთხოვნა იყო, რომ "ტოიოტა ქამრის" 6-ვე მგზავრი უნდა ყოფილიყო მიცემული პასუხისგებაში და ეს დამოკიდებულება ოჯახის მხრიდან თავდამსხმელების მიმართ გასაგებია. თუმცა, გამოძიება ბუნებრივია ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩართულობა და მონაწილეობა საგამოძიებო პროცესში, დაზარალებულის მიერ წამოყენებული ვერსიების გადამოწმება და იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომელთა ჩატარების აუცილებლობაც საბუთდება დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ადვოკატის მიერ ამა თუ იმ საქმეში და ბუნებრივია, ამ კუთხით ვერც ეს საქმე ვერ იქნება გამონაკლისი. თუმცა, საქართველოს პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ საკანონმდებლო სტანდარტით, რომელიც დადგენილია ჩვენი კანონმდებლობით და რომელიც გულისხმობს მტკიცებულებების საფუძველზე კონკრეტული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დვენის დაწყებას.

17-ვე პირის მხრიდან, რომელიც ამ საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადასტურებული იყო შესაბამისი დანაშაულის ჩადენა. ამ ეტაპზე მოპოვებული და შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზმა ცხადყო, რომ მხოლოდ 5 პირის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებაში", - განაცხადა პროკურორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, გასაგებია შაქარაშვილის ოჯახის ემოციური მდგომარეობა და დამოკიდებულება მოძალადეების მიმართ, მაგრამ საქართველოს პროკურატურა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს და გადაწყვეტყილება მიიღოს მტკიცებულებების საფუძველზე.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

იხილეთ ვიდეო