"მოვითხოვთ დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას" - გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პირველი კომენტარი პროკურატურის განცხადების შემდეგ - კვირის პალიტრა

"მოვითხოვთ დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას" - გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პირველი კომენტარი პროკურატურის განცხადების შემდეგ

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.

მისი თქმით, ოჯახი ასევე თვალყურს მიადევნებს როგორც სასამართლში მიმდინარე პროცესებს, ასევე სასჯელის მოხდის პერიოდს.

"დაზარალებული ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდგომ, სასჯელის მოხდის პერიოდშიც, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიც არაერთხელ ვიხილეთ, ვგულისხმობ პირობით ვადამდე გათავისუფლებას, შეწყალებას და ა.შ.",- განაცხადა ნიკოლაძემ.

მისი თქმით, ოჯახი თვლის, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, დანაშაულის ჩამდენი პირები სწორად არიან პასუხისგებაში მიცემული.

მისივე თქმით, მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გარდა "ტოიოტას" მარკის ავტომობილის 5 მგზავრისა, სხვა პირები ფიზიკურად ვერ ჩაიდენდნენ აღნიშნულ დანაშაულს.

"საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ 5 პირმა ჩაიდინა გიორგის მკვლელობა. დღესდღეობით არსებული მტკიცებულებებით, რაც ჩვენთვისაა ცნობილი, ვფიქრობთ, რომ სრულადაა დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს სასამართლოში არ უნდა ჰქონდეს რაიმე სამართლებრივი პრობლემა, ვინაიდან ის მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული, უკვე დაკმაყოფილებულია. საბოლოო ჯამში, ეჭვშეუვალად იქნა დადგენილი, რომ სხვა მანქანები, სხვა პირები, გარეშე ადამიანები, გარდა "ტოიტას" მგზავრებისა ანუ ამ ხუთი წევრისა, შემთხვევის ადგილას არ იყვნენ ფიზიკურად და სხვა ვერავინ განახორციელებდა ამ დანაშაულს", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

"ინტერპრესნიუსი"