რატომ დაენიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არჩილ გაგნიძეს? - კვირის პალიტრა

რატომ დაენიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არჩილ გაგნიძეს?

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ერთ-ერთ პირს, არჩილ გაგნიძეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალები არ ჩაიბარეს, რის გამოც, ბრალდებულის დაცვის უფლების უზრუნველსაყოფად დაკავებულს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა. ადვოკატსაც და ბრალდებულსაც საქმის მასალები უკვე გადასცეს. ორივე მათგანი საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილეს.

როგორც ცნობილია, გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის უფლებადამცველების განცხადებით, ისინი პროკურატურის გაფრთხილებას მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე პროტესტს უცხადებენ და გაუთქმელობის ხელწერილზე ხელს არ მოაწერენ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია.

ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ "ტოიოტა ქამრის" მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.