ქართველ "კანონიერ ქურდებს" შორის დაპირისპირება გრძელდება - რა მოხდა იტალიაში "ონიანი-ჯანგველაძის" კლანს შორის? - კვირის პალიტრა

ქართველ "კანონიერ ქურდებს" შორის დაპირისპირება გრძელდება - რა მოხდა იტალიაში "ონიანი-ჯანგველაძის" კლანს შორის?

საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტები" კარანტინისა თუ თვითიზოლაციის მიუხედავად მაინც აქტიურობენ, სიტყვიერი გარჩევები კი ფიზიკურმა დაპირისპირებებმა შეცვალა.

როგორც ჩანს, ამჯერად ერთმანეთს ნეაპოლში "ონიანი-ჯანგველაძის" კლანი დაუპირისპირდა. 45 წლის ლევან დადეშქელიანს, იგივე "ლევან სვანსა" და 44 წლის აკაკი ლანდიას, იგივე "კაკოს" შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. დაპირისპირების მიზეზს არ ასახელებენ, ცნობილია მხოლოდ ის, რომ დადეშქელიანსა და ლანდიას დაპირისპირებისას, "კაკო" საკმაოდ დაშავდა.

სააგენტოს ცნობით, თუ იტალიაში წლოვანებითა და "რანგით" თანატოლმა "კრიმინალურმა ავტორიტეტებმა" ერთმანეთს სცემეს, ანტალიაში მომხდარი ჩხუბისას, ერთმანეთს 60 წლის ოთარ ტოტოჩია და 33 წლის რუსლან გეგეჭკორი დაუპირისპირდა.

როგორც ცნობილია, ეს ორი "კრიმინალური ავტორიტეტი" ერთმანეთს დიდი ხანია ალმაცერად უყურებენ. ორივე მათგანი ნადირ სალიფოვის, იგივე "გულის" გარემოცვის წარმომადგენლები არიან. 33 წლის გეგეჭკორი უკვე მესამე თაობის "კანონიერი ქურდია" და ამით ამაყობს კიდეც. ხოლო ოთარ ტოტოჩია ძველი თაობის "ავტორიტეტად" ითვლება. მას 90-იან წლებში "რუხ კარდინალსაც" კი ეძახდნენ. ტოტოჩია სალიფოვის გარემოცვაში დაახლოებით ერთი წელია მოხვდა, მას შემდეგ, რაც ხანში შესულ "კრიმინალურ ავტორიტეტს" რუსეთში მიღებული ახალი კანონების გამო, ტერიტორიის დატოვება მოუწია.

იხილეთ ასევე: რა მოჰყვა ქართველი "კანონიერი ქურდების" დაპირისპირებას საბერძნეთში გამართულ "სხადნიაკზე"

მოამზადა ნიკა გულუამ