"მკვლევართა ნაწილი ციფრ 15-ს სატანურ ციფრთან აკავშირებს - ანუ ვის წინაშე გამოდის გოგონა უძლური?.." - კვირის პალიტრა

"მკვლევართა ნაწილი ციფრ 15-ს სატანურ ციფრთან აკავშირებს - ანუ ვის წინაშე გამოდის გოგონა უძლური?.."

"აქ ყველა თავის თამაშს თამაშობს და ეს თამაშები დანაშაულის გახსნის სცენარს არ მიესადაგება"

გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის ბინიდან ამოღებულ ჩანაწერებზე მუშაობს, მანამდე კი ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც, მისი მტკიცებით, გოგონას ეკუთვნის: "პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე" და იქვე ციფრი 15. ეს, როგორც ვარაუდობენ, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეა დაწერილი. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ამ საქმის შესახებ საინტერესო მოსაზრებებს გვიზიარებს:

- ვინც ეს ჩანაწერი გამოაქვეყნა, თქვა, რომ წყაროს არ გასცემს. ეს არასახელმწიფოებრივი მიდგომაა და არ გამოვრიცხავ, ასეთი დამოკიდებულება პოლიტიკური დესტაბილიზაციის ინსპირირების სურვილს უკავშირდებოდეს. თუ ექსპერტიზის შედეგად არ დადასტურდება, რომ ჩანაწერი ბაჩალიაშვილს ეკუთვნის და არ გამოიკვეთებიან ამ წერილთან დაკავშირებული პირები, შესაძლოა, ამან საზოგადოების პროტესტი გამოიწვიოს. თუ ჩანაწერი ოჯახმა გადასცა ჟურნალისტს, გამოდის, რომ ოჯახი სრულყოფილად არ თანამშრომლობს გამოძიებასთან...

შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებში არის ნიშნები, რომ ადვოკატები და პოლიტიკური დესტაბილიზაციით დაინტერესებული ტელევიზიები შეხმატკბილებულად მოქმედებენ საგამოძიებო უწყების დისკრედიტაციისათვის. გამოძიებამ იცის, რომ დანაშაულის დროულად გახსნისთვის ყველა დოკუმენტს ოქროს ფასი აქვს.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამოძიება არ არის მხოლოდ ღია პროცესი, ამ პროცესში არსებობს საზოგადოებისთვის დაფარული სფეროც - აგენტურულ-ოპერატიული ღონისძიებები, ამიტომ როდესაც შენ ამზეურებ ამა თუ იმ მონაცემს ან ითხოვ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა მონაცემის გამომზეურებას, ამით ხელს უშლი პროცესის ნორმალურად წარმართვას.

ჩემთვის მიუღებელი არიან ის ადვოკატები, რომლებიც სახელმწიფოებრივად ვერ აზროვნებენ, პოპულიზმით იწონებენ თავს და დაკარგული აქვთ სამოქმედო სივრცე. მათი გამოსვლებისთვის არსებობს სასამართლო დარბაზი, მოსამართლე და სასამართლო პროცესი.

- რას შეიძლება ნიშნავდეს, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერი: "პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე" და იქვე ციფრი 15? - პირობითად, ჩავთვალოთ, რომ ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია სექტის შესახებ ინფორმაციასთან. ასეთი რამ საქართველოში ახალი არ არის. ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის შემდგომ, ჩემი მუშაობის პერიოდში გაჩნდა უამრავი სექტა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა. ვფიქრობ, დღესაც ასე ხდება. ისინი იღებენ დიდ დაფინანსებას, აქვთ სამიზნე წერტილები, მაგალითად, საზოგადოება, ტრადიცია, კულტურა...

თუ პირობითად ჩავთვლით, რომ მართლაც სექტასთან გვაქვს საქმე, ღია წყაროებში არის ორი ვარიანტი. მკვლევართა ნაწილი ციფრ 15-ს დადებითად თვლის, მაგრამ არის კატეგორია, რომელიც მას სატანურ ციფრობრივ მონაცემთან აკავშირებს. ნუმეროლოგიაში 15 სატანურ ციფრთან არის დაკავშირებული. მკვლევარი კერლოტი კატეგორიულად ამტკიცებდა, რომ 15 ასოცირდება ეშმაკთან, ეს არის მისი ერთ-ერთი მნიშვნელობა. ანუ, სავარაუდოდ, ვის წინაშე გამოდის გოგონა უძლური?..

- თქვენი აზრით, ოჯახს აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია? - ვფიქრობ, აქვს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისინი კონკრეტული პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ არიან მოქცეული. მათ ჩაუნერგეს, რომ საგამოძიებო ორგანოებს უნდობლობა უნდა გამოუცხადონ.

ასეთი დანაშაულის გამოძიების დამთავრებას დიდი დრო სჭირდება. აქ ბევრი კონტაქტია (როგორც ტელეფონში, ისე - კომპიუტერში) და ყველა დასამუშავებელია.

თუ გახსოვთ, ინტერვიუში გვარამია ეკითხება ლობჟანიძეს (ახალგაზრდა, რომელიც აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის შეყვარებულია - ავტ.): "რატომ ეკითხებოდით თამარს სიკვდილზე?" ანუ ეს ახალგაზრდა ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ იქ საუბარი სიკვდილს ეხებოდა. ჩვენ თუ სატანისტურ ნიშანზე ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაც საერთო იყოს...

ალბათ, სამართალდამცველებს თავიანთი მოქმედების წესი აქვთ, მაგრამ ვფიქრობ, ლობჟანიძესა და დეასთან (დეა კაპანაძე, თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი - ავტ.) დაკავშირებით აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი. დეა დემორალიზებულია, ეს ახალგაზრდა კაცი კი რაღაცას თამაშობს, რაც გამოძიებისთვის ხელსაყრელ გარემოს არ ქმნის.

თუ ჩვენ თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას განვიხილავთ, მაშინ ეს ხელნაწერი ამ ვერსიას უნდა ამყარებდეს. თუ საქმე გვაქვს მკვლელობასთან, რომელსაც გახსნა არ უწერია, შესაძლებელია დავუშვათ, რომ ასეთი ჩანაწერი კონკრეტული სიტუაციისთვის გაკეთდა. იქნებ თამუნა გარკვეული ჯგუფისათვის მიუღებელი იყო და წინასწარ მზადდებოდა სცენარი, რომელიც მას თვითმკვლელობამდე მიიყვანდა?

მაგრამ მე მაინც მგონია, აქ ყველა თავის თამაშს თამაშობს და ეს თამაშები დანაშაულის გახსნას ხელს უშლის.

- ანუ თქვენც ფიქრობთ, რომ შესაძლოა საქმე მკვლელობასთან გვქონდეს? - მე მაინც თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას ვემხრობი.

- შეიძლება დავუშვათ, რომ თამუნას შემდეგ დეა და ბაჩანაც საფრთხის წინაშე დგანან? - თუ საქმე სექტანტურ მოძრაობასთან გვაქვს, მაშინ არ ვიცით, რით იყო განპირობებული ეს მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. თუ ყველაფერი უკავშირდება ინფორმაციას, რომელზეც არა მარტო თამუნას, არამედ დეასა და ბაჩანასაც მიუწვდებოდათ ხელი, მაშინ შეიძლება საფრთხე მათაც ემუქრებოდეს. მჯერა, რომ მათ იციან რაღაც მნიშვნელოვანი, რაც გამოძიებას გამოადგება, ამიტომ მათი სიცოცხლის დაცვაც სახელმწიფომ უნდა იკისროს. მგონია, დანაშაულის იარაღი არის კომპიუტერი, საიდანაც ყველაფერს აღადგენენ და ყველა ინფორმაციას ამოიღებენ. მესმის, ოჯახს ეჩქარება, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ მათთან მუშაობს პოლიტიკური დესტაბილიზაციით დაინტერესებულ პირთა ჯგუფი. ვფიქრობ, დეასაც, ბაჩანასაც და ოჯახსაც აქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და თუ მას გამოძიებამდე მიიტანენ, საქმის სწრაფად გასახსნელად ხელსაყრელ გარემოს შექმნიან.

იხილეთ ასევე: "წადით, შვილისთვის ილოცეთო. ეს რა დამოკიდებულებაა?!" - რატომ ჩამოაშორეს ერთ-ერთი პროკურორი ბაჩალიაშვილის საქმეს?