ბაჩანა ლობჟანიძის ფსიქოპორტრეტი - კვირის პალიტრა

ბაჩანა ლობჟანიძის ფსიქოპორტრეტი

ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის საქმეში ძალიან უცნაურად გამოჩნდა და გამოაცხადა, რომ თამუნა მისი შეყვარებულია. ის ზოგმა ჩანერგილად თუ"შემოგზავნილად"შერაცხა. საზოგადოებისთვის უცნობია, რა მიზანი აქვს 23 წლის IT-სპეციალისტს, რომელიც არ გაურბის ჟურნალისტებს და გამოძიებას, პირიქით, ყველას ესაუბრება და ამბობს, რომ მკვლელობას იძიებს... ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე მის ფსიქოტიპს აღწერს.

- ფსიქოპორტრეტის შექმნა მაშინ, როცა არ გაქვს საშუალება უშუალოდ იკვლიო სუბიექტი, რთულია. საჭიროა ადამიანის გამონათქვამების, ფრაზების შესწავლა და კონკრეტულ შინაარსთან ან სუბიექტთან მისი ემოციების დაკავშირება...

კონკრეტულ პერსონაზე დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა პირველი შთაბეჭდილებით, მას, ალბათ, არ აქვს გოგონებთან სასიყვარულო ურთიერთობის სერიოზული გამოცდილება, მაგრამ აქვს დიდი სურვილი და სავარაუდოდ, ნებისმიერ თბილ ურთიერთობას არქმევს ამ სახელს. მას უნდა და ჰგონია, რომ შეყვარებული ჰყავს... მისი გამონათქვამები და ემოციური მანიშნებლები შორსაა სიყვარულისგან. ეს არის ინფანტილური ადამიანი, რომელიც არ არის რეალიზებული საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. შეიძლება პროგრამირებაში ერკვევა, ხუთოსანია, მაგრამ ურთიერთობებში - ვერა.

- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას ამდენს შიში ალაპარაკებს? - არა, ამის შანსი მცირეა. შიში ისეთი გრძნობაა, საჯარო გამოსვლამდე უსათუოდ ეძებ მხარდამჭერს, ან თუნდაც რჩევა-დარიგების მომცემს და მხოლოდ მერე იღებ გადაწყვეტილებას. აქ ასე არ არის.

ლობჟანიძე მარტოა. არავინ ჩანს მისი გულშემატკივარი და ვერც ვერავინ ადასტურებს, რომ ის და ბაჩალიაშვილი შეყვარებულები იყვნენ.

- მანვე გაავრცელა ერთადერთი ვიდეო. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, ჰგვანან ისინი ხუთი წლის შეყვარებულებს? - ეს ვიდეო მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ერთმანეთს იცნობენ და ნორმალური, თბილი ურთიერთობა აქვთ.

- რა სიმპტომები აქვს ადამიანს, რომელსაც თვითმკვლელობა აქვს გადაწყვეტილი? - ჯერ ერთი, გამაოგნა ვიღაცის ნათქვამმა, გოგონას თავის მოკვლა თუ უნდოდა, სახლში ყველა პირობა ჰქონდაო - თითქოს თვითმკვლელობა ნორმალური აქტი იყოს.

თუ მე თვითმკვლელობა მაქვს გადაწყვეტილი, ამ თემაზე ვლაპარაკობ, ოღონდ გაკვრით და არა - პირდაპირ. მაგალითად, ვამბობ, რომ"არ ღირს ცხოვრება, მაგრამ თავს მოვიკლავ-მეთქი, არ გეუბნებით. მეორე ნიშანია საყვარელი საქმიანობისთვის თავის დანებება, მესამე - როცა მორალური ვალების გასტუმრებას იწყებ. მაგალითად, რომ გითხრათ, ხუთი წლის წინ რომ გაწყენინე, მაპატიე-მეთქი, ესეც იქნება სიმპტომი. შემდეგი სიმპტომია საყვარელი ნივთების გაჩუქება... ეს უფრო სერიოზული სიგნალებია, ვიდრე ის, რომ გეუბნებით, მივდივარ და თავს ვიკლავ-მეთქი. სუიციდი ხშირად ხდება სიმბოლურ სივრცეში, იმ ადგილას, რომელმაც შენ რაღაც ემოცია დაგიტოვა.

გოგონა სოფელ-სოფელ რაღაცას ეძებდა, თითქოს ჩიხიდან გამოსვლას ცდილობდა. ეს მოძრაობა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ჰგავს, არეულია, ერთ სოფელში შევიდა-გამოვიდა, მეორეში შევიდა-გამოვიდა. ანუ გარეგნულად ფსიქოლოგიურ მდგომარეობას იმეორებს. ამ დროს შეიძლება უცებ დაასკვნა, რომ გამოსავალი არ არსებობს და გაჩერდე ნებისმიერ ადგილას. ასეთ ვითარებაში ეს შემთხვევითი ადგილია, სადაც სუიციდის განზრახვა სისრულეში მოდის...

- თქვენი ვერსია როგორია? - ინტუიციასა და სტატისტიკას თუ გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, საქმე სუიციდთან გვაქვს. თვითმკვლელობა არის გაქცევა იმ რეალობიდან, რომელიც შენთვის შემაწუხებელი ხდება. არ ვიცი, ვინმემ მიიყვანა თუ არა აქამდე, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს თვითმკვლელობაა. ელექტროშოკის თემაც საინტერესოა. თეორიულად დასაშვებია, გოგონა შანტაჟის მსხვერპლიც იყო.