"წადით, შვილისთვის ილოცეთო. ეს რა დამოკიდებულებაა?!" - რატომ ჩამოაშორეს ერთ-ერთი პროკურორი ბაჩალიაშვილის საქმეს? - კვირის პალიტრა

"წადით, შვილისთვის ილოცეთო. ეს რა დამოკიდებულებაა?!" - რატომ ჩამოაშორეს ერთ-ერთი პროკურორი ბაჩალიაშვილის საქმეს?

"18 ივლისის დილას თამუნას სელფები აქვს გადაღებული, სადაც იღიმის და იპრანჭება. ეს როგორ გავიგოთ?"

თამარ ბაჩალიაშვილის "ფეისბუკში", "ვოტსაპსა" და "ვაიბერში" წაშლილ და FBI-ს მიერ აღდგენილ მიმოწერებს ოჯახი სრულად ორშაბათს, ირაკლი შოთაძესთან გაეცნობა და ალბათ, ნათელი მოეფინება იმ ბუნდოვანებას, რომელიც დღემდეა ამ საქმეში. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მასალის შინაარსზე ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ჯერჯერობით არაფერს ამბობს.

- აშშ-დან ჩამოვიდა ინფორმაციის ნაწილი, ანუ რა არის წაშლილი და საიდან... აღდგენილი მასალის შინაარსზე ვერაფერს გეტყვით. ბიუროდან კიდევ ველოდებით მასალას და მალე ბევრ რამეს მოეფინება ნათელი.

- ბოლო სატელეფონო ზარების ადრესატები დადგენილი არიან?

- დეტალურად ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაფერი მოწმდება.

- რა დაადგინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ? უკვე გეცოდინებათ, რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი... - ჯერ ვერც ამას გეტყვით...

- რატომ ერიდებიან ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებას? - ამაზე გენპროკურორსაც ვესაუბრე... საქმეს აჭიანურებენ, რადგან ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნისთვის ორი კვირაც საკმარისი იყო. მიუხედავად ჩემი არაერთი შუამდგომლობისა, დღემდე არაფერი მიმიღია. მითხრეს, რომ პასუხი ორშაბათს მექნება.

- ამბობენ, რომ ახლა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის პასუხს FBI-სთან ამოწმებენ... - კი ბატონო, FBI-მაც შეამოწმოს, მეც შევამოწმებ...

- თუ გამოქვეყნდება დასკვნა, რომ თამუნა იმ წამლებით გარდაიცვალა, რომლებიც ავტომანქანაში აღმოჩნდა?.. - წამალი შეიძლება ადამიანს იძულებითაც მიაღებინო. გასაგებია, რომ არ შეიძლება არარსებული არსებულად აქციო, მაგრამ საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა თამუნა ამხელა მანძილზე, რა უნდოდა, ერთ სოფელში რომ შევიდა და გამოვიდა. მაინცდამაინც იმ ადგილას უნდა მისულიყო და დაელია წამლები? რით ვამტკიცებთ, რომ ხუთი დღე იქ იყო? ამ კითხვებზე გამეცით პასუხი, დამიმტკიცეთ, რომ იქ იყო!

- რაც შეეხება კომპიუტერს... ამბობთ, რომ 13-დან 18 ივლისის ჩათვლით ფოსტაში მიმოწერა წაშლილია... რატომ გამორიცხავთ, რომ თამარმა თვითონ წაშალა? - მაშინ ყველაფერი უნდა წაეშალა და რატომ დატოვებდა ცხენით მოსეირნე თავისი ბიძაშვილის, პარიზისა და ეიფელის კოშკის სურათებს? როცა ლეპტოპიდან ყველაფერს შლი და სამსახურს აბარებ ისეთს, როგორიც გადმოგცეს, რატომ დატოვებ იმ ვიდეოს, ბოულინგს რომ თამაშობ, ან სხვა ვიდეოებსა და სარეკლამო, გაურკვეველ სურათებს?

- წერილი, რომელიც გიორგი კაპანაძემ გამოაქვეყნა და ერთ-ერთი ვერსიით, თამარმა დაწერა ("პირადად მე უძლური ვარ მის წინაშე" და იქვე ციფრი 15), ვინ გადასცა ჟურნალისტს და არა - გამოძიებას? - არ ვიცი... გამოძიებასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მაგრამ საქმის წარმართვის მათი მეთოდები ნდობისთვის საკმარისი არ არის.

კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რომ ეს თამუნამ დაწერა.

- ანუ წერილი ჟურნალისტისთვის ოჯახს არ მიუცია?..

- სანამ გოგონას სახლში მიიყვანდნენ, ოჯახიდან გაჰქონდათ რაღაცები და ვის რა ჩაუვარდა ხელთ, ღმერთმა უწყის. რაც მე მქონდა, გამოძიებამ ზეპირად იცის და დასამალი არაფერი მაქვს. თამუნას ბლოკნოტი ჩემთან იყო, თვითონ მივიტანე და ჩავაბარე მათ. როცა ამის შესახებ გამოძიებას ვუთხარი, თავად არ მოსულან, მე წავუღე. მეტი რა გავაკეთო?!

- დეას ფაქტორიც საინტერესოა... თუ მუშაობს გამოძიება ამ მიმართულებით? არ გეჩვენებათ, რომ მეგობარმა ბევრი რამ იცის? - დეას ჩვენება ზოგადია. რაღაცების დასაზუსტებლად გამოძიებას კითხვები უნდა დაესვა, რაც არ გაუკეთებია.

- და რას სჭირდებოდა დაზუსტება? - გამოძიების ინტერესების დაზიანება რომ არ დამბრალდეს, ამ თემაზე დეტალურად ვერაფერს ვიტყვი.

- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დეაც ჩართულია იმ საქმეში, რასაც თამუნა შეეწირა? - პასუხისგან თავს შევიკავებ.

- რა როლს თამაშობს ბაჩანა ამ საქმეში?

- ვინ არის ბაჩანა და რა მიზანი აქვს მას, გამოძიებამ უნდა დაადგინოს... თამუნა მოკლეს თუ თავი მოიკლა, ეს მტკიცებულებებით უნდა დადგინდეს.

- გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს? - სიტყვიერად მუშაობს, საქმით - რა მოგახსენოთ...

ამბობენ, სურვილი რომ გვქონოდა, ვიდეოკადრებს გამოვაქვეყნებდით და ამით დამთავრდებოდა ყველაფერიო. პირველივე ბრიფინგზე იყო ნახსენები ფსიქოლოგი, აბები და მინიშნება, რომ ეს თვითმკვლელობაა. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ უნდა დაადგინო, რა იყო საფუძველი.

იმაზე აპელირება, თითქოს სიყვარულმა გამოიწვია თვითმკვლელობა, არასწორია. ერთ ჩანაწერში შეიძლება ვიტირო, ვიბღავლო, ვაიმე, როგორ მიმატოვა-მეთქი, მეორე კი იყოს ასეთი შინაარსის - მივდივარ, მიხარია, მაგარი ვარ და ცხოვრება უნდა ავიწყო... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 18 ივლისის დილას სელფები აქვს გადაღებული, სადაც გოგონა იღიმის და იპრანჭება. ეს როგორ გავიგოთ?

- წერილი, რომელიც კომპანიის მენეჯერმა გეჯაძემ მიიღო, თამარმა დაწერა? - ეს ჯერ არ არის დადასტურებული. სიმართლე გითხრათ, არავის ვენდობი. პროკურორი შვილმკვდარ დედას იმას რომ ჰკითხავ, ეს რამიშვილი საიდან მოვიდა, რამდენს უხდი, რას ძველბიჭობსო!.. ყველას შვილს ჩემს შვილად ვიღებ და ასე ვცხოვრობ 50 წელია. მათ მე და ჩემი პრინციპი გავეჩხირეთ ყელში. რომ არ ვიბრძოდეთ, გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, ეს თვითმკვლელობააო და ხელსაც დაიბანდნენ. ყველა კითხვა უნდა იყოს ამოწურული და ფაქტები - დადასტურებული. მერე მეც ავწევ ხელებს.

- ქალბატონი თეონა ამბობს, რომ პროკურორის მხრიდან ბულინგის მსხვერპლია. რა არაეთიკური კითხვები დაუსვა გოგორელიანმა მას, რომ ეს მისი საქმიდან ჩამოცილების საფუძველი გახდა? - ჯერ ჩემზე ეკითხებოდა, საიდან მოხვდა თქვენთანო; მერე - შენ მიეცი კაპანაძეს წერილიო? წადი და თვითონ დაადგინე, საიდან მოიპოვა! მერე ისე გამოუვიდა - რა საჭიროა თქვენი ასეთი აქტიურობა, წადით, შვილისთვის ილოცეთო. ეს რა დამოკიდებულებაა?!