"ჩვენ მეფე არ გვჭირდება" - რა გავლენას მოახდენს ცნობილი "კანონიერი ქურდის" მკვლელობა "ქურდულ სამყაროში" - კვირის პალიტრა

"ჩვენ მეფე არ გვჭირდება" - რა გავლენას მოახდენს ცნობილი "კანონიერი ქურდის" მკვლელობა "ქურდულ სამყაროში"

ანტალიაში ე.წ. კანონიერი ქურდი ნადირ სალიფოვი იგივე "გული" მოკლეს. თურქული მედიის ცნობით, "კრიმინალური სამყაროს" "ბოსი" თავისი გარემოცვის წევრმა "ხან აჰმედილინსკიმ" კეფაში ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით მოკლა. ის სამართალდამცავებმა ქალაქ დენიზლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, სალიფოვს ანტალიაში, ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობისას ესროლეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. სააგენტო Прайм Крайм-ი განსხვავებულ ვერსიაზე წერს, მათი ცნობით, სალიფოვს სასტუმროს ნომერში ესროლეს.

ვინ იყო ნადირ სალიფოვი?

"კრიმინალური სამყაროს" "ბოსი", ნადირ სალიფოვი 1972 წლის 28 აგვისტოს საქართველოში, დმანისში დაიბადა. სალიფოვი ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა საცხოვრებლად საქართველოდან ბაქოში გადავიდა. მას ორი ძმა ჰყავს. უმცროსი ძმა, ნამიკ სალიფოვი, უფროსის კვალს გაჰყვა და ისიც "კანონიერი ქურდი" გახდა.

1995 წლისთვის, 22 წლის სალიფოვს კრიმინალური საქმეების გამო უკვე კარგად იცნობდნენ აზერბაიჯანში. მას სხვადასხვა დანაშაულის გამო სდებდნენ ბრალს, მათ შორის იყო ქურდობა და ხალხის გატაცებაც. დაკავებული "გული" გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა, არც დანაშაულს აღიარებდა, თავისუფლების აღკვეთა, რომელიც 15 წელს გულისხმობდა, გაუზარდეს და 27 წლით შეუცვალეს. მან სასჯელი სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ დიდი ხნით კოლონიაში ყოფნა დაეხმარა, ცოცხალი გადარჩენილიყო.

2000 წელს, სალიფოვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, ის "კანონიერ ქურდად" "მონათლეს". აღსანიშნავია ისიც, რომ მისი "ნათლობა" დაუსწრებლად მოხდა, რადგან სალიფოვი ამ დროს ისევ ციხეში იმყოფებოდა. "კანონიერ ქურდად" "ნათლობის" ინიციატორები ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტები" რაულ ქირია, იგივე "რაულ რუსთავსკი" და ჯეირან ასლანოვი, იგივე "ჯეირან რუსთავსკი" გახლდათ.

აზერბაიჯანში, გაბუსტანის დახურულ კოლონიაში ყოფნისას, მან ციხეში არალეგალურად მოწყობილი კაზინო გახსნა და როგორც ამბობენ, არც მსუბუქი ყოფაქცევის ქალების გარემოცვას იკლებდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქალბატონებს შორის იყო "მის აზერბაიჯანი 2006"-იც.

სალიფოვი გართობის სანაცვლოდ კოლონიის პერსონალსაც ფულს უხდიდა, მაგრამ მალე ეს სიტუაცია შეიცვალა. ციხის ხელმძღვანელობა ფულით ვერ დაკმაყოფილდა და არც სალიფოვის "მაგარი ბიჭობა" მოეწონათ. სალიფოვს არალეგალური კაზინოც დაუხურეს, მას ვეღარც მსუბუქი ყოფაქცევის ქალები სტუმრობდნენ, ხოლო ის თანამშრომლები, რომლებიც სალიფოვისგან ფულს იღებდნენ სამსახურიდან დაითხოვეს. თანამშრომლების მიცემული ჩვენებების საფუძველზე სამართალდამცავებმა საქმე გაუპატიურების მცდელობაზეც აღძრეს, თუმცა გოგონებმა, რომლებიც სასამართლო პროცესზე გამოიძახეს, ამ ბრალდებაზე სიცილი დაიწყეს და განაცხადეს, რომ ისინი საკანში თავიანთი ნებით მიდიოდნენ და ვიზიტში 500$-საც იღებდნენ.

გავლენა გისოსებიდან

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა საქართველოში დაბადებულ "კრიმინალურ ავტორიტეტს" ხელს არ უშლიდა ისევ აქტიურად მიეღო მონაწილეობა უკანონო საქმიანობებში. 2014 წელს მან შეძლო და მოსკოვის სამი ყველაზე დიდი ბაზრის მმართველობის სადავეები ჩაიგდო ხელთ, ამით კი მისი მოწინააღმდეგე აზერბაიჯანელი კრიმინალი ზაურ ალიევი, იგივე "ზაიკა" დაამარცხა. როგორც ცნობილია, აქამდე "ზაიკამ" სალიფოვი არასათანადოდ მოიხსენია, სალიფოვმა კი შური ასე იძია.

20014 წლის დასასრულს, სამართალდამცავებმა "ზაიკა" მის ოთხ თანამებრძოლთან ერთად კბილებამდე შეიარაღებული დააკავეს, ციხეში მოხვედრისას კი "გულიმ" იზრუნა, რომ ის საჭირო საკანში აღმოჩენილიყო. "ზაიკა" სალიფოვის მოსყიდულმა ციხის თანამშრომლებმა სცემეს და უთხრეს, რომ ბაზრებს ამის შემდეგ "გული" უხელმძღვანელებდა. როგორც ამბობენ, ალიევის ცემას სალიფოვი Skype-ს საშუალებით ადევნებდა თვალს.

მან ორგანიზება გაუკეთა ბიზნესმენის, ქამალ გულუევის გატაცებასაც. გულუევი სათამაშო ბიზნესის მფლობელი გახლდათ. ის სწორედ მაშინ გაიტაცეს, როცა გულუევმა სპორტკომპლექსთან ვაჟს მიაკითხა. გულუევის გამოსასყიდად კრიმინალები 10 მილიონ ევროს მოითხოვდნენ. მაშინ, როცა ბიზმესმენის ოჯახის წევრები ფიქრობდნენ, სად ეშოვათ გამოსასყიდი, ის მოულოდნელად სახლში დაბრუნდა. როგორც ამბობენ "საქციელის მონანიების" მიზნით გატაცებული გულუევი "კრიმინალურმა ავტორიტეტმა", თემურ მამედოვმა გაათავისუფლა. თუმცა, მოგვიანებით ამბობდნენ იმასაც, რომ ამის სანაცვლოდ გულუევმა მამედოვს სოლიდური თანხა გადაუხადა.

სხვა უამრავ უთანხმოებათა შორის ერთ-ერთი მნიშნვნელოვანი დაპირისპირება სალიფოვს აზერბაიჯანელ კრიმინალთან როვშან ჯანიევთან მოუვიდა. როვშან ჯანიევი

აზერბაიჯანელი "ქურდები" თავიდანვე უთანხმოებაში იყვნენ. სალიფოვი ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებას ეწინააღმდეგებოდა, ჯანიევის გარემოცვას კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებები შეჰქონდა. გარდა ამისა, მათ ვერ გაიყვეს რუსეთის ის ბაზრები, სადაც ბოსტნეული იყიდებოდა. როვშან ჯანიევი, იგივე "ლენკორანსკი" საკმაოდ სწრაფი აღმოჩნდა, მან 2003 წელს მოიწვია "კრიმინალური ავტორიტეტები" და გადაწყვიტა "გულისთვის" "ქურდის" სტატუსი ჩამოერთვა. თუმცა, სულ მალე "კრიმინალურ ავტორიტეტებში" ყველაზე ძლევამოსილის, "დედ ჰასანის" გადაწყვეტილება გაჟღერდა, ის უარყოფდა "ლენკორანსკის" მოთხოვნას სალიფოვთან დაკავშირებით, მაშინ კი "დედ ჰასანის" სიტყვა ყველასათვის კანონი იყო.

სულ მალე სალიფოვმა საპასუხო სვლაც განახორციელა, ოფიციალურად ჩამოართვა "წოდება" ჯანიევს. 2018 წელს, როცა სალიფოვი ციხიდან გაათავისუფლეს და თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად, "ლენკორანსკის" მომხრეებმა, 11-მა კრიმინალმა სალიფოვზე თავდასხმა დაგეგმა. შეიარაღებული კრიმინალები თურქმა სამართალდამცავებმა გზაშივე დააკავეს, მათ თავდასხმა ვერ განახორციელეს.

როგორც ამბობენ, სალიფოვის ხელი ურევია ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტის", გია ზვიადაძის, იგივე გია "ქუთაისკის" მკვლელობაში. ის ანტალიაში 2018 წლის 8 აპრილს სამმა ქილერმა მოკლა. მიუხედავად იმისა, რომ ზვიადაძე არ იყო სალიფოვის მოწინააღმდეგე და მისი გარემოცვის წევრი გახლდათ, ამბობენ, რომ სალიფოვს არ მოსწონდა როცა ზვიადაძე ჭკუას არიგებდა და რჩევებს აძლევდა. ამბობენ, სწორედ ეს ჰქონდა სალიფოვს გულში ჩარჩენილი.

როგორც არ უნდა ყოფილიყო, სალიფოვმა შეძლო და შაქრო კალაშოვის დაკავების შემდეგ "კრიმინალური სამყაროს" "ბოსად" იქცა. სწორედ მისი მხარდამჭერი გახდა ყველა, ვისაც კალაშოვის დაკავება გაუხარდა. აღსანიშნავია, რომ ამ ორ "კრიმინალურ ავტორიტეტს" არასდროს ჰქონდა იდეალური ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, ისინი ერთმანეთს ღიად არასდროს უპირისპირდებოდნენ.

თუ მისი გარემოცვის წევრებს დავუჯერებთ, სალიფოვი მხარს არ უჭერდა იმ აზრს, რომ "კრიმინალურ სამყაროს" მხოლოდ ერთი მმართველი უნდა ჰყოლოდა. მათი თქმით, ის ხშირად ამბობდა: "ჩვენ მეფე არ გვჭირდება". როგორც ამბობენ, სალიფოვის მკვლელობა "კრიმინალურ სამყაროში" ახალი დაპირისპირებისა და გავლენების მოპოვებისთვის ბრძოლის დასაწყისი გახდება. (წყარო)

იხილეთ ასევე: ქართველ "კანონიერ ქურდებს" შორის დაპირისპირება გრძელდება - რა მოხდა იტალიაში "ონიანი-ჯანგველაძის" კლანს შორის?

მოამზადა ნიკა გულუამ