ნარკოჯოჯოხეთის მსხვერპლის აღსარება - კვირის პალიტრა

ნარკოჯოჯოხეთის მსხვერპლის აღსარება

"ჩვენი მოხმარების არეალი გაფართოვდა. რასაც "სიყვარულის ნარკოტიკს" ვეძახით, უკვე მობეზრებული გვქონდა. ყველაზე პოპულარული LSD, კეტამინი იყო, ხანდახან როჰიპნოლსაც გავურევდით, თუმცა არც სხვა უფრო ძლიერზე, თვითნაკეთსა და, ფაქტობრივად, სასიკვდილო ვენურ ნარკოტიკზე ვამბობდით უარს. მაგალითად, დასავლეთის სოფლებში ზაფხულის სეზონზე ყაყაჩოც კი მოჰყავდათ. თბილისის ზღვაზე წიწვოვანი ხეები ხარობს, რომლის მწვანე გირჩისგანაც ამზადებენ რაღაცებს. ყველანაირ "სახეობას" ჰყავს მომხმარებელი..."

გზა, რომელსაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები ნარკოდამოკიდებულებამდე მიჰყვებიან, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მოზარდობის ასაკში "პონტის" გამო დაწყებული გასინჯვა ჯერ სამეგობრო წრის შეცვლაში, მერე - ნარკოტიკის ძებნაში, შემდეგ კი მომხმარებლის სტატუსში გადაიზრდება.

"კვირის პალიტრასთან" საუბრისას 36 წლის კოკა ამბობს, რომ თავის დროზე მსუბუქი ნარკოტიკით დაიწყო. მას შემდეგ 15 წელი გავიდა და ახლა ნარკოდამოკიდებულია. ამ ხნის განმავლობაში ორჯერ დაკარგა სახლი, სამჯერ დააკავეს და საპროცესო გარიგებით გამოუშვეს, ამიტომაც დაკარგა ძალიან კარგი სამსახური, სადაც წარმატებული კარიერისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმული ჰქონდა...

- მამაჩემი გრძელვადიან რეისებზე დადიოდა, დედა რეპეტიტორი იყო და მოსწავლეებს ამზადებდა. მამის მხრიდან უფროსი ძმა მყავს, რომ არა ის, ახლა ქუჩაში ვიქნებოდი... ერთი სიტყვით, დედამ, რომელიც მთელი დღე სახლიდან იყო გასული, ბავშვი ხელიდან არ წავიდესო და რეგიონში, მამისეულ სახლში წამიყვანა. იმ ქალაქში ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები იყო და სპორტის ეს სახეობაც - კარგად განვითარებული. მოკლედ, ფეხბურთზე მიმიყვანეს... მე-8 კლასში ვიყავი და სწავლაც იქ გავაგრძელე... სწავლით თავს არ ვიკლავდი, მაგრამ ფეხბურთში კარგი შედეგი ვაჩვენე და იმ პატარა ქალაქმაც თანდათან გამიცნო. გუნდში ხელფასიც დამინიშნეს, ჩემი ასაკისთვის ძალიან კარგი თანხა მქონდა.

ერთ დღეს ჩემი მეგობრის სახლის გვერდით თურქებმა ხის საამქრო გახსნეს და ჩემი თანატოლებიც დაასაქმეს. ბევრი მთელ დღეს იქ ატარებდა. მეც იქ გავსინჯე პირველად მსუბუქი ნარკოტიკი, რომლის სახელი დღემდე არ ვიცი, მაგრამ მახსოვს, რომ პატარა, ვარდისფერი აბი იყო... უცნაური შეგრძნება დამეუფლა, აი, კლუბური ნარკომომხმარებლები "გასულს" რომ ეძახიან, ისეთი... ამის შემდეგ საამქროში სიარულს მოვუხშირე. ფეხბურთიდან პირდაპირ იქ მივდიოდი და ჩემს ნათესავებს ვეუბნებოდი, იქ იმიტომ ვმუშაობდი, რომ დამატებითი შემოსავალი მჭირდებოდა. დედ-მამას უკვირდა, მაგრამ მენდობოდნენ. მამა რომ ჩამოდიოდა, მწვრთნელს ეკითხებოდა, სიგარეტს ხომ არ ეწევაო... არ ვეწეოდი და ისინიც მშვიდად იყვნენ.

ერთხელ ზაფხულში ბათუმში წავედით და ერთ-ერთ კლუბში სხვადასხვა სახის ტაბლეტი მივიღეთ. ერთი ჩვენგანი ცუდად გახდა, მაგრამ სხვებმა პირველადი დახმარება ისე ოსტატურად აღმოუჩინეს, პირი დავაღე. შიშისგან მეც ცუდად გავხდი. დაამატე და გაგივლისო, მირჩიეს...

ყველაფერი იისფერი გახდა. რატომღაც მხოლოდ ერთ პატარა, ვარდისფერ აფრიკულნაწნავებიან გოგონას "ვხედავდი", რომელიც ჩემს წინ გიჟივით ცეკვავდა და არაადეკვატური ღიმილით ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა: "კლუბური "ნარკოწიკი" რომელია, კლუბებში რომ იყიდება?!.." შემდეგ მკვეთრი ფერები ათამაშდა და თითქოს გავითიშე. ყრუ ხმები მესმოდა და ყველგან მარცხენა ფლიგელჩამონგრეულ შენობას ვხედავდი - თითქოს ჭურვი ჰქონდა მოხვედრილი.

გონს ჯერ საავადმყოფოში მოვედი, იქიდან კი ბიჭები პოლიციაში გადაგვიყვანეს. ეს იყო პირველი მეხი ჩემი მშობლებისთვის. საპროცესო გარიგებით გამომიყვანეს, ბარგი ჩამილაგეს და თბილისში დამაბრუნეს. ორივე მშობელი თავს იდანაშაულებდა, ჩვენი თვალთახედვიდან არ უნდა გაგვეშვაო...

თავს ვიმართლებდი, მხოლოდ ერთხელ მეგობრების ხათრით დავლიე რაღაც და რა ამბავი ატეხეთ-მეთქი... არადა, ტელეფონით, ინტერნეტით, ყველგან მხოლოდ იმ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, რომლებიც ყოველდღე თუ არა, კვირაში რამდენჯერმე მაინც "დოზას" იღებდნენ, ის კი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.

რამდენჯერმე თავის დანებება ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. შემდეგ ონლაინკაზინოებში თამაში დავიწყე. წაგების შემდეგ დარდის მოსაკლავად ნარკოტიკს ვეძალებოდი, მოგებული ფულითაც მის საყიდლად გავრბოდი... მამაჩემს მარშრუტზე რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში საჭესთან ჩაეძინა, სავალი გზიდან გადავარდა და რამდენიმე დღის შემდეგ გაყინული ამოიყვანეს. მაშინ დედა ისეთ დღეში იყო, თავის თავს უფრო დასტიროდა, ვიდრე მამაჩემს, სულ მარტო დამტოვეო, ანუ მე ცოცხალ არსებად არც აღმიქვამდა. მაშინ იმხელა პროტესტის გრძნობა გამიჩნდა საკუთარი თავის მიმართ, რომ მამის ცხედართან დავიფიცე, არც თამაშს და აღარც ნარკოტიკს აღარ გავეკარებოდი.

ორ კვირაზე მეტხანს სახლიდან არ გავსულვარ. დედამ თურქეთში წასვლა და ჩემი წაყვანაც გადაწყვიტა. წავედით კიდეც. ყველანაირი სოცქსელი გავაუქმე, ტელეფონიც კი არ მქონდა... ენის სწავლა დავიწყე, რადგან ერთ-ერთ საფეხბურთო გუნდთან მოლაპარაკებაც წამოვიწყე. დედაჩემი ღმერთს და მამაჩემის სულს მადლობას უხდიდა, შენ კი წახვედი, მაგრამ შვილი დამიბრუნეო...

ერთხელაც ბარში ლუდის დასალევად შევედი და ვიღაცამ მხარზე ხელი დამკრა, როგორ ხარ, ძმა, ასე უნდა დაგვეკარგო, ბიჭოო?!. ჩემი თბილისელი "მეგობარი" იყო, რომელსაც მეტსახელად "ბარაქას" ვეძახდით, რადგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ჰქონდა და თანაც - ასარჩევად. ამ შეხვედრას მოჰყვა ის, რომ თურქეთიდან წამოსვლამდე დედაზე გავიწიე. თბილისში კი ისევ თამაში და ნარკოტიკი მელოდა...

რამდენიმე წელიწადში ჩემი ვალების გასასტუმრებლად დედამ სახლი გაყიდა, მაგრამ არ გვეყო და დანარჩენ მევალეებს იქიდან უგზავნიდა თავის ხელფასს...

ჩვენი მოხმარების არეალი გაფართოვდა. რასაც "სიყვარულის ნარკოტიკს" ვეძახით, უკვე მობეზრებული გვქონდა. ყველაზე პოპულარული LSD, კეტამინი იყო, ხანდახან როჰიპნოლსაც გავურევდით, თუმცა არც სხვა უფრო ძლიერზე, თვითნაკეთსა და, ფაქტობრივად, სასიკვდილო ვენურ ნარკოტიკზე ვამბობდით უარს. მაგალითად, დასავლეთის სოფლებში ზაფხულის სეზონზე ყაყაჩოც კი მოჰყავდათ. თბილისის ზღვაზე წიწვოვანი ხეები ხარობს, რომლის მწვანე გირჩისგანაც ამზადებენ რაღაცებს. ყველანაირ "სახეობას" ჰყავს მომხმარებელი.

- რამდენჯერმე დაგაკავეს... - დიახ, არაერთხელ, თუმცა ბევრჯერ ვცადე დაბრუნება ფეხბურთში, დედასა და ძმასაც რამდენჯერმე შევურიგდი, თუმცა ისევ და ისევ წუმპეში ვბრუნდებოდი...

ერთხელ ერთ-ერთი კლუბიდან გამოსულმა ხის სკამზე გოგონა შევნიშნე. თვალები ღია ჰქონდა, ხელები უსიცოცხლოდ მიწაზე დასთრევდა და პირიდან დუჟი გადმოსდიოდა. მივხვდი, წამები წყვეტდა ყველაფერს... მარტო ვერ იქნებოდა, როგორც ჩანს, მეგობრებმა მიატოვეს. ვინმემ არასწორად რომ არ გაიმეოროს, დეტალურად არ მოვყვები, როგორ დავეხმარე. ხელოვნური სუნთქვის შემდეგ პულსი ვუპოვე და ფერიც დაუბრუნდა. იქ ვერ დავტოვებდი, რადგან ასეთი მდგომარეობიდან სხვადასხვანაირად გამოდიან - ზოგს თვითმკვლელობა უნდება, ზოგს - ძილი და შეიძლებოდა იქვე სამუდამოდ დასძინებოდა... ეს გოგონა 18 წლამდე იქნებოდა, ალბათ, არც ისე დიდი გამოცდილებით. ნაცნობ ტაქსის მძღოლს დავურეკე, რომ სახლში წამეყვანა. მანქანაში გული რამდენჯერმე აერია. მე და მძღოლი ერთად ვასულიერებდით. შიშისგან გაცოფებული, ცოცხალ-მკვდარ გოგონას ყველაფერს ერთად აგინებდა, უპატრონოდ დაწანწალებთ და პანტაპუნტით იხოცებითო. "ვინ არის შენი, საყვარელი?!" - მკითხა გამწარებულმა. არა, არც კი ვიცნობ-მეთქი, ვპასუხობდი. რამდენჯერმე მითხრა, რა გინდა, ბიჭო, ისედაც სულ შარში ხარ, რომ მოკვდეს, ციხეში უნდა წახვიდე, დაანებე თავიო... ლიფტთან გოგონას უკვე ფეხზე დგომა შეეძლო, თუმცა კონცენტრირება უჭირდა. შენელებულ კადრებად აღმიქვამდა და აქლემივით ინერწყვებოდა... ვიღაცების, სავარაუდოდ, მეგობრების სახელებს მეძახდა. ზედა ტანსაცმელი ერთიანად ბინძური ჰქონდა, რადგან პირღებინების დროს მისთვის თავის გადაწევას ვერ ვასწრებდი, ამიტომ გავხადე... ჩემი "სახლი" ამჯერად ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში ნაქირავები ერთი პატარა ოთახი იყო, რომლის ქირასაც დედა იხდიდა... გოგონა დივანზე დავაწვინე თუ არა, დაეძინა. შფოთავდა, რაღაც სტკიოდა, მაგრამ ტირილის ძალაც არ ჰქონდა. ნასვამი ვიყავი და როდემდეც შევძელი, ვუდარაჯე, რომ გული ისევ არ არეოდა და არ დამხრჩვალიყო. ამასობაში სავარძელზე ჩაცმულს დამეძინა...

- გადარჩა? - კი. გამთენიისას გამოფხიზლებულა და რომ უნახავს, უცნობ ბიჭთან თითქმის შიშველს ეძინა, წამომხტარა, ჩემი მაისური კაბასავით გადაუცვამს და კორპუსის სართულებზე დაუწყია სირბილი, რომ ვინმე გაეღვიძებინა... ერთ-ერთ სართულზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, იმ ბიჭთან ვმეგობრობდი. გოგონას უთქვამს, არ ვიცი, სად ვარ, რომელიღაც სართულზე აღმოვჩნდი ვიღაც ბიჭთან ერთად, არც ტელეფონი მაქვს, არაფერი მახსოვს და იქნებ სახლში დამარეკვინოთო... ბიჭი მიხვდა, რომ ჩემი "სტუმარი" იქნებოდა და როგორღაც გამაღვიძა, ვიღაც გოგოა, შენ ხომ არ მოგიყვანიაო... კუთხეში იყო მიყუჟული და სახლში დარეკვასაც ვერ ბედავდა, ასე რომ მნახონ, მომკლავენო... დილის 7 საათისთვის დაურეკა დედამისს და უთხრა, სადაც იყო. მან ნამძინარევი ხმით უპასუხა, ტაქსით მოდი და ფულს აქ გადავიხდიო... დედები ასე გულგრილად მაშინ იქცევიან, როდესაც წლები იბრძვიან შვილის გადასარჩენად და ბოლო იმედს კარგავენ, არადა ეს გოგონა ასეთს არ ჰგავდა... რამდენიმე დღის შემდეგ ვიღაც კაცი და მისი ძმაც მოვიდნენ. ყველაფერი ავუხსენი...

- ახლა როგორ ცხოვრობთ? - ახლა C ჰეპატიტსა და კიდევ რამდენიმე დაავადებას ვმკურნალობ. დედამ ბოლომდე მაინც ვერ გამიმეტა და ბინის ქირას მიხდის... ჩემმა ძმამ ბანკიდან სესხით მანქანა გამოიყვანა და ტაქსიზე ვმუშაობ, მას კი ყოველდღე 30 ლარს ვუხდი. თამაში შევამცირე, მაგრამ ბოლომდე ვერ მოვეშვი. მე და ჩემნაირებს ამაში ონლაინკაზინოები "გვიწყობს" ხელს, ხელმისაწვდომია და თავისუფალ დროს თავს ვეღარ ვერევი, არ ვითამაშო... იმ ინტენსივობით არა, მაგრამ ხანდახან მაინც "ვეპარები" ნარკოტიკს. ძირითადად, სააფთიაქოს, რომელიც ძალიან ხელმისაწვდომია. ახლა სიმწრით მეცინება იმაზე, რომ მშობლებმა, გზას რომ არ ავცდენოდი, რეგიონში გამხიზნეს. იქ ამ მხრივ არანაკლებ "გახსნილი სიტუაციაა". კიდევ სიმწრით მეცინება იმ კატეგორიაზე, რომელიც ვითომ ირონიულად ამბობს, რომ კლუბური ნარკოტიკი განტვირთვისთვის სჭირდება. ამას საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანი ახერხებს. სინამდვილეში იმაზე მეტია მომხმარებელი, ვიდრე საქმეში ჩაუხედავს წარმოუდგენია და მათი ასაკი ყოველდღიურად მცირდება.