"რაღაც დიდ საიდუმლოს შეეწირა ჩემი შვილი, ისეთს, რომ ეშინიათ, საზოგადოებამ არ გაიგოს" - კვირის პალიტრა

"რაღაც დიდ საიდუმლოს შეეწირა ჩემი შვილი, ისეთს, რომ ეშინიათ, საზოგადოებამ არ გაიგოს"

"თამუნას აშინებდნენ და აშანტაჟებდნენ. არის შინაური წყაროები, მოვა დრო და იმათ ნათქვამსაც გავახმაურებთ"

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, იმ ადგილას, სადაც 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, 24-საათიანი საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა და დაზუსტდა ტემპერატურა როგორც ავტომობილის გარეთ, ისე მის შიგნით. შედეგები სამედიცინო ექსპერტიზას გაეგზავნება და პასუხები, ალბათ, თვის ბოლოს გვეცოდინება. გარდაცვლილი IT სპეციალისტის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამ ყველაფერს სპექტაკლს უწოდებს...

- თამუნას ორმოცი მოახლოვდა და არც ერთ კითხვაზე ნორმალური პასუხი არ მიგვიღია. სხვა მიმართულებით უნდათ საქმე წაიყვანონ. ვიღაცაა ამაში ჩართული და ის ხლართავს ყველაფერს. არ აწყობთ არც FBI-ს ჩართვა, იმიტომ, რომ სიმართლე დადგინდება. აბა, სხვა რა ვიფიქრო?

მორიგი სპექტაკლით უნდათ იმის დამტკიცება, თითქოს ოთხი დღის განმავლობაში თამუნას მანქანა იქ იდგა, არადა, დარწმუნებით გეტყვით, რომ მანქანა იქ 3-4 საათზე მეტხანს არ მდგარა - 22 ივლისის გამთენიისას მიიყვანეს მინდორში.

- ისე მიიყვანეს, რომ არავის შეუნიშნავს? - როდესაც ფონიჭალაში ღამით აქცია ჩავატარეთ, იმ დროს სოფლებში - მაწევანში, გოლთეთში და სხვაგან, სინათლე ჩაქრა. მოსახლეობა ამბობს, ასეთი რამ დიდი ხანია არ გვახსოვს, შუქი დილამდე არ მოსულა, რაღაც ხდებოდაო.

მომიკლეს შვილი და მერე იმ ადგილას მიიყვანეს. ქვემო ქართლსა და კრიმინალურ პოლიციაში გაჭიანურდა საქმე, სადაც ვიღაცების ხელის დამფარებელი ბევრი ვნახეთ. ამიტომაც მოვითხოვეთ, პროკურატურას გამოეძიებინა ეს საქმე.

- რას გეუბნებათ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა?

- ეს დასკვნა არაფერს გვაძლევს. ჯერ არ ვიცით, რა წამლებია სხეულში აღმოჩენილი, რამ გამოიწვია გარდაცვალება.

- სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სრულად გაეცანით? რამეზე პასუხი იპოვეთ? - როცა თამუნა მიდის მარნეულში პოლიციის შენობასთან, ამასობაში იქ რაღაც ხდება. ვფიქრობ, ვიღაცა დაემუქრა. ის მანქანას ატრიალებს და მიდის გოლთეთი-ხაიშის მიმართულებით. იქ ბავშვი საერთოდ არ იყო ნამყოფი, ზემო ფონიჭალას არ გასცდენია. რატომ მომიკლეს ბავშვი, რა დააშავა, ჯობია, დროზე თქვან, თორემ მერე გვიან იქნება.

თამუნა აშკარად ვიღაცას ეძებდა. ისე გავიდა სახლიდან, რომ მალე უნდა მოტრიალებულიყო. დიდი ხნით როცა გადიოდა, კომპიუტერი თან მიჰქონდა ხოლმე. ამასობაში, კომპიუტერში რაც იყო, ყველაფერი გაქრა, მათ შორის - ფლეშკაც. ტელეფონში ყველაფერი წაშალეს, კომპიუტერში წაშალეს, მოწმეებს აშინებენ... რომ ამბობენ, ტაბლეტები დალიაო, უღმერთობას სჩადიან. მაშინ კვალს რატომ შლიან და რატომ აშინებენ მოწმეებს? ამით ამბობენ, ჩვენ მოვკალითო. რამიშვილიდან დაწყებული, ყველას რომ ემუქრებიან, ეს რას ნიშნავს? ბოლომდე არც გვინახავს ჩანაწერები. ადრე ამბობდნენ, იმ მიდამოებში 12 თუ 13 სათვალთვალო კამერააო, ახლა - ასზე მეტიაო. მე და მიშა რამიშვილმა აღმოვაჩინეთ 100 კამერა და ვფიქრობ, მეტიც უნდა იყოს. საკითხავი ისაა, ფირებზე წაშლილი ხომ არ არის რამე.

- ფლეშკა ადრე არ გიხსენებიათ, არც ეზოში მოთვალთვალე "ტოიოტას" მგზავრები... - ფლეშკა მერე, დროთა განმავლობაში გამახსენდა. ოჯახში ყველაფერი უნდა დაელუქათ და ამოეღოთ. თეთრიწყაროს პოლიციამ წაიღო კომპიუტერი და ფლეშკაც. როცა გამახსენდა და მოვიკითხე, მითხრეს, ფლეშკა აქ არისო. ეს კომპიუტერი ხელიდან ხელში გადადიოდა და დანარჩენი თქვენც იცით, ვინ რა დამირეკა და რა მითხრა.

უცხო მანქანა ეზოში მეც მინახავს, მაგრამ რას ვიფიქრებდი!.. მეზობლებსაც შეუნიშნავთ, რომ შიგნით გოგო და ბიჭი ისხდნენ და გვიანობამდე ლეპტოპით მუშაობდნენ...

თამუნას ჩემთვის ბევრჯერ უკითხავს, ნორვეგია როგორი ქვეყანააო, მაგრამ იქ წასვლა და თავშესაფრის ამბავი არ უხსენებია. გამოჩნდა ღვთისნიერი ადამიანი და თქვა სიმართლე... ბავშვს ისე ეშინოდა, წასვლაზე და იქ დარჩენაზე ფიქრობდა. დარწმუნებული ვარ, თამუნას აშინებდნენ და აშანტაჟებდნენ. არის შინაური წყაროები, მოვა დრო და იმათ ნათქვამსაც გავახმაურებთ.

- ამბობდით, მწყემსი პოლიციელების დავალებებს ასრულებსო. პირადად თუ შეხვდით და დაელაპარაკეთ მას? - ეს კაცი სპეციალურად ჰყავდათ იმ ადგილას, ინფორმაცია რომ მიეწოდებინა, ვინ მიდი-მოდიოდა. აფციაურთან იყო კავშირზე. ეს მწყემსი ვერაფრით ვიპოვე, ცოცხალია თუ მკვდარი, არავინ იცის.

პოლიციელი აფციაურიც შვებულებაში წავიდა, არაკაცი ბაჭულაშვილიც მემალება და კონტაქტზე არ გამოდის - ისიც შვებულებაში ყოფილა. ვიღაცები დადიან სოფლებში და ხალხს ეუბნებიან, თქვით, რომ იმ ღამით შუქი იყოო. ის მოწმე გოგოც ვერ ვიპოვეთ, დააშინეს. რომელი ერთი ვთქვა... დადიან, ემუქრებიან, ზეწოლას ახდენენ და გეკითხებით, თამუნამ თუ თავი მოიკლა, ეს რაღაში სჭირდებათ?

- თქვენი მომდევნო ნაბიჯი რა იქნება? - ვთხოვთ ამ მთავრობას, დროზე გამოავლინონ მკვლელები. გამორიცხულია, არ იცოდნენ მათი ვინაობა. ასე თუ გაგრძელდა, საქმე სხვა მიმართულებით წავა და მერე თავიანთი ხელით გააქრობენ იმათ. დროზე თქვან, ვინ არიან დამკვეთ-შემსრულებლები, თორემ ეს საქმე ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას.

რაღაც დიდ საიდუმლოს შეეწირა ჩემი შვილი, თან ისეთს, რომ ეშინიათ, საზოგადოებამ არ გაიგოს... შვილები რომ გადავარჩინოთ, უნდა ვიბრძოლოთ. ყველას კარზე მიმდგარია ეს უბედურება. მთელ საქართველოს ვთხოვ, ერთად ვიყოთ და დავიცვათ ჩვენი შვილები.

იხილეთ ასევე: რას დაადგენს ბაჩალიაშვილის საქმეში FBI