"ვითხოვ, თამუნას კომპიუტერი და მობილური გაიგზავნოს ფედერალურ ბიუროში" - კვირის პალიტრა

"ვითხოვ, თამუნას კომპიუტერი და მობილური გაიგზავნოს ფედერალურ ბიუროში"

"სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში არის ახალ-ახალი ნიუანსები და სანამ დეტალურად არ შევისწავლი ყველაფერს, ამაზე არ ვილაპარაკებ. გამოჩნდნენ ახალი ფიგურანტებიც..."

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა მოამზადა, რომლის მიხედვით, გარდაცვლილის სისხლში ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების კვალი არ აღმოჩნდა. დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილის სხეულში მხოლოდ წნევის დამწევი საშუალების, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების შემცველობა დასტურდება. შუალედური დასკვნის მიხედვით, ამოღებულია ეთილის სპირტის კვალიც და მითითებულია, რომ ეს შესაძლოა, ცხედრის ლპობით ყოფილიყო გამოწვეული. ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში ვკითხულობთ: "ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში - კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი, აღმოჩნდა ერთი ადრენორეცეპტორების ბლოკატორი "მეტოპროროლი", ერთი ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი "დოქსილამინი", C რეცეპტორების ადრენომიმეტური საშუალება, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება "იბუპროფენი", ეთილის სპირიტი 0,39% (კუნთი), 0,28% (ღვიძლი), სავარაუდოდ, გვამური ლპობის შედეგად არ აღმოჩნდა მეთილის და იზოპროპილის სპირტები".

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შემდეგ გამოქვეყნდება ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა, რომლითაც უნდა დადგინდეს, რამ გამოიწვია გოგონას გარდაცვალება.

- ეს არის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმადაც, გოგონას ორგანიზმში არ არის ალკოჰოლის, ნარკოტიკული და ფსიქოაქტიური ნივთიერებების კვალი. სისხლში აღმოჩენილია ოთხი სახის მედიკამენტი, მაგრამ რა რაოდენობით, დაუდგენელია. რაც მივიღეთ, ეს ზოგადი პასუხებია, რომლებიც უნდა შევამოწმო უცხოელ სპეციალისტებთან.

ორგანიზმში სხვადასხვა მედიკამენტია, მაგრამ რამ გამოიწვია გარდაცვალება - ამის პასუხი ჯერ არ გვაქვს.

- აღმოჩენილი დაემთხვა იმ მედიკამენტებს, რომლებიც თამუნას მანქანაში იპოვეს?

- მანქანაში ბევრი წამალია - ანთების საწინააღმდეგოც და ალერგიისაც და რომელმა რა გამოიწვია, დაუდგენელია. შუალედურ დასკვნაში მითითებულია ის პრეპარატები, რომლებიც იყო თამუნას ჩანთაში.

- წინა ინტერვიუში მითხარით, რომ თვის ბოლოს საქართველოში ჩამოვლენ უცხოელი ექსპერტები, ხოლო თამუნას კომპიუტერი და მობილური FBI-ში გაიგზავნება. რამე ხომ არ შეიცვალა? - უახლოეს დღეებში დავაყენებ შუამდგომლობას პროკურატურის წინაშე, მექნება დამატებითი კითხვები და მოვითხოვ, კომპიუტერი და მობილური შესაბამისი ექსპერტიზის ბიუროში გაიგზავნოს, რათა ყველა ჩვენს კითხვას პასუხი გაეცეს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურა საქმეში FBI-ს ჩართვაზე თავს იკავებს... - შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვა "გუგლიდან", "ფეისბუკისა" და სხვა ქსელების სათავო ოფისებიდან მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის დეპარტამენტის, პროკურატურისა და საგამოძიებო ბიუროების ნებართვით შეიძლება, შესაბამისად, ფედერალური ბიურო ამაში ჩართულია.

- ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაშიც ჩაერთვებიან? ბაჩალიაშვილის ბიოლოგიური ნიმუშების გაგზავნასაც ხომ არ აპირებთ? - ამაში ერთვებიან ევროპელი ექსპერტები. თვის ბოლოს საბოლოო დასკვნა გვექნება, მანამდე კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა შევამოწმო. გარდა ამისა,

ვითხოვ შემთხვევის ადგილის სატელიტურ სურათებს. მიმდინარეობს მოლაპარაკება და რამდენიმე დღეში იქნება პასუხი, რომელი უცხოური კომპანია მოგვაწვდის ამ სურათებს. ასევე შევხვდით "ჰიუნდაის" წარმომადგენლებს, უახლოეს დღეებში დავუკავშირდებით სათავო ოფისსაც, უნდა ჩატარდეს ავტომობილთან დაკავშირებული ექსპერტიზა...

- სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ახალი გარემოებები იკვეთება? - ჩემთვის არის ახალ-ახალი ნიუანსები და სანამ დეტალურად არ შევისწავლი ყველაფერს, ამაზე არ ვილაპარაკებ. გამოჩნდნენ ახალი ფიგურანტებიც, რომლებიც დაიკითხნენ...

ამ ერთი თვის განმავლობაში გამოძიება ზერელედ მუშაობდა, არაფერს აკეთებდა. აქ არის გარკვეული ინტერესები. გამოძიების ფორმატით გათვალისწინებული კრიტერიუმები გამოყენებული არ არის. როდესაც გამომძიებელი დაკითხვის დროს არ აზუსტებს ჩვენებას, ფაქტებს და ზოგადი თხრობის ფორმით კმაყოფილდება, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს დავალება და სწორედ ასე უნდა მოიქცეს.

- ჩანაწერებიდან ჩანს, თამუნა ვიღაცასთან შესახვედრად მიდიოდაო, ამბობთ. ამაში რამ დაგარწმუნათ? - თუ გავითვალისწინებთ, რამხელა მარშრუტი გაიარა თამუნამ, როგორი სიჩქარით მიდიოდა და როგორ მანევრირებას ახორციელებდა, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ დათქმულ ადგილას შეხვედრაზე მიდიოდა და არა - თავის მოსაკლავად.

- რა იქნება გამოძიების შემდეგი პროცედურა? - გააჩნია, რა იქნება საჭირო გამოძიებისთვის. შედეგია საჭირო. მთავარი დრო და რაოდენობა კი არა, ხარისხია.

- რის საფუძველზე ამბობთ, რომ საქმე ორგანიზებულ დანაშაულთან გვაქვს, რა გაქვთ ხელჩასაჭიდი? - ამის თქმის საშუალებას ფაქტობრივი გარემოებები მაძლევს. ასეთი რაღაც ასე ადვილად არ კეთდება. დანა ან ცეცხლსასროლი იარაღი რომ ყოფილიყო გამოყენებული, სხვა საქმეა, მაგრამ ისეა ყველაფერი შეკრული, თვითმკვლელობა უნდა გვეგონოს. ეს თვითმკვლელობის ინსცენირებაა.