მირიან ნიკოლაძე: "პოლიტიკური შოუების დადგმის საშუალება არ მივეცით და ამიტომ გამწარებულები გვესხმიან თავს"
მირიან ნიკოლაძე: "პოლიტიკური შოუების დადგმის საშუალება არ მივეცით და ამიტომ გამწარებულები გვესხმიან თავს"
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის ბრალდებულთა პროცესები ხმაურით მიმდინარეობს. 21 აგვისტოს სხდომა, ფაქტობრივად, ჩაიშალა. მიზეზი არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. სასამართლოში "სასწრაფო" გამოიძახეს, რის შემდეგ პროცესი ადვოკატმა გიორგი გელხაურმაც დატოვა. მართალია, მოსამართლემ ამის მიუხედავად სხდომა განაახლა, მაგრამ ბოლოს მაინც მოუხდა გადადება. პროცესი 26 აგვისტოს ჩატარდება.

ზ.ხ. და კიდევ ორი არასრულწლოვანი ციხეში შიმშილობდნენ, ზ.ხ.-ს მამა და მისი ოჯახის წევრები კი - პროკურატურასთან. პროტესტის უკიდურეს ფორმას ბრალდებულებმა მას შემდეგ მიმართეს,
რაც გამოძიებამ მათ სიც­რუის დეტექტორის გამოყენებით გამოკითხვაზე უარი უთხრა. თუმცა მათ მოგვიანებით შიმშილობა შეწყვიტეს...

პროკურატურას ექვსი მოწმე უნდა დაეკითხა. მათ შორის არასრულწლოვანი ნ.ხ., რომელიც აგარაკის ეპიზოდში ფიგურირებს და საბურთალოელებმა სცემეს. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ის, ჩიქოვანის მსგავსად, საქმის გასარჩევად უკან არ დაბრუნებულა. მან არც მედიის კითხვებს
უპასუხა.

ამირხანაშვილის ბოლო ჩვენებიდან: გაგნიძემ მკითხა, როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვაო?

პროკურატურამ ადვოკატებს­ ხელწერილი ჩამოართვა და შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მასალების გამოქვეყნება აუკრძალა, მაგრამ მედიის ხელში ისევ ხვდება საქმის მასალები. ხელმისაწვდომი გახდა გურამ ამირხანაშვილის ბოლო, მეხუთე ჩვენებაც:

"მძღოლის გვერდზე მჯდომმა არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა: "როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?" აღნიშნული შეკითხვისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემს მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე... მგზავრობისას როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა ასეთი შინაარსის სიტყვები: "რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული" ამ სიტყვებში ვის გულისხმობდა, არ ვიცი"...

ამირხანაშვილი ასახელებს იმ პირებსაც, ვინც გიორგის სდია: "ფერად შენობასთან დავინახე სწორედ ის სამი ახალგაზრდა, რომლებიც გარბოდნენ გიორგის მიმართულებით, რომლებსაც ეტყობოდათ, რომ დაღლილები და აფორიაქებულები იყვნენ. აღნიშნული სამი ბიჭი იყო ზ.ხ., ა.ქ. და ვახტანგ ჩიქოვანი... ამოსვლისთანავე მათ ვუთხარი, რომ ჩხუბში მონაწილეობა არ მიმიღია და მხოლოდ ვაშველებდი, რაც ერთმა მათგანმა დამიდასტურა. ბუჩქებიდან გამოსვლიდან მალევე დავინახე, რომ იქვე, გზის პირზე გაჩერდა მუქი "ტოიოტა ქამრი", საიდანაც გადმოვიდა მძღოლი, რომელიც მოგვიანებით ამოვიცანი. ის არის ვასილ მახარაძე. ავტომობილის მოსვლიდან დაახლოებით 1-2 წუთის შემდეგ, სანამ ვესაუბრებოდი ოთხ პირს, თუ ვინ ვიყავი და რატომ დავიმალე, ქვემოთ, ანუ მეორადი საავტომობილო გზიდან ხიდის ქვეშ არსებული სივრციდან ამოვიდა ორი პიროვნება, რომლებიც ამ გზაზე მანამდე ჩარბენილები არ დამინახავს. აღნიშნული პირები მოგვიანებით ამოვიცანი და როგორც გავარკვიე, იყვნენ არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი. გაგნიძემ ჩემ შესახებ ჰკითხა დანარჩენებს. შემდეგ მოუწოდა, რომ სწრაფად ჩავესვით მანქანაში და წავსულიყავით იქიდან, რაც მე გავაკეთე კიდეც..."

"ამირხანაშვილის ჩვენება არის აბსურდი!­ ჩვენ საბავშვო ბაღში არ ვართ"

ბრალდებულების ადვოკატები აბსურდულს უწოდებენ ამირხანაშვილის ახალ ჩვენებას და თვლიან, რომ ეს ჩვენება მას პროკურატურამ მიაცემინა.
"არ ვიცი, რომელი პროკურორის ფანტაზიის ნაყოფი იყო ეს, მაგრამ თუ მივყვებით ამირხანაშვილის ეტაპობრივი გამოკითხვის ოქმებს, ცალსახად დგინდება, რომ გვაქვს არსებითი წინააღმდეგობები. პირველი გამოკითხვით ამირხანაშვილი მიუთითებს, რომ როდესაც იმალებოდა, ექვსი პირი მივიდა მასთან. დღეს ეს ვერსია არ იყო მისაღები საგამოძიებო ორგანოსთვის, ამიტომ თურმე ჯერ სამი პირი მივიდა, შემდეგ ავტომანქანა და მერე ქვემოდან ამოვიდა კიდევ ორი. ეს არის აბსურდი!­ ჩვენ საბავშვო ბაღში არ ვართ. ჩვენებიდან გამომდინარე უნდა ყალიბდებოდეს ბრალდება და არა - პირიქით... არ გამოვრიცხავთ, რომ თუ გამოძიებას რაიმე დეტალი დასჭირდა, ეს სამი-ოთხი მოწმე მას აუცილებლად დააზუსტებს და იტყვის, როგორ დაინახეს ცემა ან წყალში გადაგდება. ეს იქნება ის აბსურდი, რომელიც გამოძიებას და ბატონ მირიან ნიკოლაძეს უნდათ. როდესაც გამოკითხვებსა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის არსებობს თუნდაც ერთი არსებითი წინააღმდეგობა, ეს ითვლება დაუშვებელ მტკიცებულებად""- ამბობს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

ჩიქოვანის დედა ამირხანაშვილს "ნასედკას" უწოდებს(?!)

საქმის მასალებით ისიც გაირკვა, რომ საქმის მთავარ ფიგურანტს, ვახტანგ ჩიქოვანს მობილური ტელეფონიდან ფოტო და ვიდეოჩანაწერები წაშლილი აქვს, რისი აღდგენაც საქართველოში ვერ მოხერხდა, ამიტომ ჩიქოვანის მობილური ისრაელში­ გაიგზავნა. გამოძიება დარწმუნებულია, რომ იქ მტკიცებულებებიც იქნება.

ჩიქოვანის ადვოკატი აცხადებს, რომ მისმა დასაცავმა, შესაძლოა, პირადი შინაარსის ინტიმური ფაილები წაშალა, ბრალდებულის დედა კი ერთ-ერთ ტელევიზიასთან საუბრისას ამბობს, რომ გამოძიებაც ტყუის და პროკურატურაც. ის შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ამირხანაშვილს "ნასედკას" უწოდებს.

გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი სოცქსელში ჩიქოვანის დედის განცხადებას პასუხობს: "თქვე არაადამიანებო, ერთადერთი უდანაშაულო ადამიანი, რომელიც წყეულ დაბადების დღეზე იმყო­ფებოდა, იყო ჩემი ძმა, რომელიც დღეს მიწაში წევს! და თქვენ ისიც არ გინდათ, რომ თქვენმა მკვლელმა შვილებმა სასჯელი­ მოიხადონ! ნომერ პირველი დამნაშავეა შენი შვილი ვახტანგ ჩიქოვანი და 17 წელი ციხის იატაკის ხეხვას ვერ ასცდება!!! ამდენ არაფრისმომტან წივილს, მიწა გათხარე და შიგ ცოცხლად ჩაწექი, მკვლელი­ შვილი რომ გაზარდე!"

"ეჭვი მაქვს, რომ ჩიქოვანს ვიღაცები მოსთხოვენ პასუხს იმის გამო, რაც მან გააკეთა..."

გასულ კვირას განსჯის საგანი გახდა ბრალდებულთა ადვოკატების ჩატარებული ექსპერიმენტიც. მოკლულის ბიძა, იურისტი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ეს ექსპერიმენტი ადვოკატებს ჩაუვარდათ.
- როდესაც მიხვალ შემთხვევის ადგილზე, მიიყვან 20 კაცს და მერე იტყვი,­ ექსპერიმენტი არ ჩატარდაო, ეს ნიშნავს, რომ ადასტურებ გამოძიების ძირითად ვერსიას. მე ოჯახის წევრთან ერთად ჩავირბინე­ და ვიცი, რომ იქ ადამიანი დაზიანებას ვერ იღებს. მგონი, მათ ამით ყველაზე მეტად თავიანთი დასაცავების ინტერესები დააზიანეს. ასე იყო ბრეგვაძის ჩვენებასთან დაკავშირებითაც - კამერიდან ჩანს ზუსტად ის, რასაც ბრეგვაძე ამბობს,­ რომ ხედავდა ხალხის რაოდენობას და მათ გადაადგილებას. საგამოძიებო ექსპერიმენტი უკვე ჩატარებულია, ვიდეომასალა დევს, მეტი რა უნდათ?!.. ადვოკატებზე არაფერს ვამბობ ხოლმე, ეთიკურ ნორმებს ვიცავ, იმის მიუხედავად, რომ ეს არ მევალება, მაგრამ ახლა რაც ვნახე, ყოველგვარ მოულოდნელობას სცილდება. აშკარაა, რომ ბრალდებულების მხარეს არა აქვს პოზიცია და ვითომ სკანდალებით ცდილობენ ყველაფრის გადაფარვას.

ნებისმიერმა მკვლელმა შეიძლება შიმშილობა დაიწყოს. თუ გამართლების იმედი აქვთ, მაშინ შიმშილი რად უნდათ?! მაგრამ თუ ეშინიათ და დარწმუნებული არიან, რომ განაჩენი სათანადო იქნება, ეს შიმში­ლობა გასაგებია. ვერ წარმომიდგენია, ამან რომელიმე მოსამართლეზე იმოქმედოს.

- ვახტანგ ჩიქოვანის ოჯახის წევრების კომენტარებზე რას იტყვით?
- ეს მათი ზნეობისა და ადამიანობის საქმეა. ეჭვი მაქვს, რომ ჩიქოვანს ვიღაცები მოსთხოვენ პასუხს იმის გამო, რაც მან გააკეთა - უდანაშაულო ბავშვის მკვლელობას ვგულისხმობ, ამიტომ ის ახლა ცდილობს რეაბილიტაციას, თუმცა ეს არ უშველის.

- ხომასურიძის მამა დადის მაისურით, რომელზეც თქვენი ფოტოა. მაისურზე ისიც აწერია, არ გაიხაროს შაქარაშვილის მკვლელმაო...
- ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ნიუანსი. ადამიანს აცვია მაისური გულმკერდზე მირიან ნიკოლაძის ფოტოთი, ბავშვის ფოტო კი ზურგზე ახატია. აი, ეს არის მისი დამოკიდებულება. მისთვის მთავარი ის არის, რაც გულზე აწერია - რომ მირიან ნიკოლაძე არის მათი დამსჯელი, ზურგზე სურათი კი ნიშნავს, რომ გიორგის ფაქტორი მეასეხარისხოვანია. ფსიქოლოგიაში ასეა, ისე კი, ეს ყველაფერი შოუს ნაწილია. საუბრისას ხელში ყოველთვის მობილური უჭირავს, ვიღაც მესიჯებს სწერს და იმას კითხულობს, რადგან ისიც კი არ იცის, როგორი პოზიცია უნდა გამოხატოს!.. შვილები დამეფიცება, რომ დავინახე ზ.ხ.-ს ასაკოვანი ბებია მიიყვანეს საშიმშილოდ, ძალიან განვიცადე. ბებიებისა და ბაბუების გაზრდილი ვარ და ჩემთვის ეს ხალხი ძალიან ძვირფასია. არ შეიძლება შენი ინტერესების გამო ასაკოვანი ბებია ასეთ დღეში ჩააგდო! ეს ყველაფრის მკადრებელი ხალხია და მათ მე ვერ ვუშველი. უღმერთოები არიან და რაზე უნდა ელაპარაკო?

- ხომასურიძის მამის განცხადებაზე რას იტყვით? გსმენიათ რამე ორგანიზაცია "თეთრ ისარზე"?
- ალბათ, თვითონ "რემბო თამაზაა"­ ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი - ასე ეძახიან მას უბანში. მაისურიც ჰქონია ასეთი წარწერით...

- საფრთხეს გრძნობთ?
- ჟურნალისტებმა რომ დამირეკეს და ლიკვიდაციაზე მკითხეს, ვუპასუხე, უკვე ლიკვიდირებული ვარ-მეთქი. აბა, რა ვთქვა? კაცს ხან თამაზა დაგეტაკება, ხან ვინმე ეგეთი... იმედია, თამაზას ხშირად არ ექნება "ბელაია გარიაჩკა", რომ საზოგადოებამ არ ინერვიულოს. ეს მისი ფანტაზიის ნაყოფია და სერიოზულად არ აღვიქვამ. თუ მართლაც სასწაული არ ჩაიდინა და ქვების სროლა არ დაიწყო, მას ხელს ვერ მოჰკიდებ... ასეთი ადამიანი საზოგადოებისთვის საფრთხეა - შესაძლოა, ვიღაცას რაღაც დაუშავოს, რადგან ეს კაცი საღ ჭკუაზეა თუ არა, არ ვიცი...

- პროკურატურამ მხარეებს მასალების გამოქვეყნება აუკრძალა, მაგრამ გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენება და სხვა მასალები­ ისევ მედიის ხელშია...
- გამოძიებას ვუთხარი და კიდევ ერთხელ ვეუბნები - უნდა დაიწყონ იმ ხალხის­ დასჯა, ვინც ამას აკეთებს! და კიდევ­ - უნდა შეწყდეს მედიით ათასი სისულელის გავრცელება! სანამ ცრუ ჩვენებისთვის­ ვინმეს არ დასჯიან, მანამდე ასე გაგრძელდება! ეს ყველაფერი გამოძიებას აჭიანურებს და კვალის არევის მიზნით ხდება.

ისინი პოლიტიკური შოუების დადგმას და ამ ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური პროექტების ხორცშესხმას ცდილობდნენ, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით და ახლა ამით გამწარებულები თავს გვესხმიან!
რაც შეეხება ამირხანაშვილის ჩვენებას, ეს არის შევსებული ჩვენება. ახლა მთავარია, ის მივიდეს სასამართლოში და თავისი პოზიცია დაიცვას.

- ითქვა, ამირხანაშვილს მონასტერში უნდა წასვლაო. ხომ არ იცით, როგორია მისი სულიერი მდგომარეობა?
- ამირხანაშვილი ბულინგის მსხვერპლია, მაგრამ მასთან არ მილაპარაკია. რადგან საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება,­ მეც და ოჯახიც თავს ვიკავებთ მასთან ურთიერთობისგან. გუკა და გიორგი პირველი კლასიდან ერთად მოდიან, ოჯახები იცნობენ ერთმანეთს და მისი სულიერი მდგომარეობა რომ მძიმე იქნება, ცხადია.

- 21 აგვისტოს სასამართლო პროცესი­ ჩაიშალა. პროკურორმა მიიჩნია, რომ რაც მოხდა, საქმის გაჭიანურებას ისახავდა მიზნად. თქვენც ასე ფიქრობთ?
- საქმის გაჭიანურებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.­ არ ვიცი, ბრალდებული მართლაც გახდა ცუდად თუ არა, მაგრამ არაფერი გამოუვათ. თუ მოსამართლე დაინახავს, რომ კიდევ რაღაც საეჭვო ხდება, სამართლებრივ ზომებს მიიღებს.

"ერთზე მითხრეს, რომ განაჩენი უკვე გამოტანილია და მეორეზე - ჯერ არ იციან, როგორ მოიქცევა..."


"განაჩენი გამოტანილია!" - ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე აცხადებს, რომ ასეთი შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა მას დაჯგუფება "თეთრმა ისარმა" გურამ ამირხანაშვილსა და მირიან ნიკოლაძეზე, თუმცა რა იგულისხმება განაჩენში, ხომასურიძე არ აზუსტებს.
"ჩემი მოვალეობა შევასრულე და ეთერში გური ამირხანაშვილი და მირიან ნიკოლაძე გავაფრთხილე, რომ შესაძლოა რაღაც მოხდეს. ერთზე მითხრეს, რომ განაჩენი უკვე გამოტანილია და მეორეზე - ჯერ არ იციან, როგორ მოიქცევა... სახელმწიფოს ვთხოვ, ორივეს დაცვა გამოუყოს... არ გამოვრიცხავ, დამაკავონ, რადგან იციან, რომ მტკიცებულებებს ვაგროვებ. ან ჩემი ლიკვიდაცია უნდა მოხდეს, ან დამიჭირონ, სხვანაირად ვერ გამაჩუმებენ! ჩემი ხარჯებით ხალხს შევკრებ და ჩემს შვილს სიცრუის დეტექტორზე გავატარებ," - აცხადებს თამაზ ხომასურიძე და დასძენს, რომ მის სახლში დილის 10 საათზე პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. "ეძებდნენ ფლეშკას, რომელიც მე გავანადგურე და რომელზეც იყო რაღაც ინფორმაცია - უკანონოდ მოპოვებული იყო და მე არ მჭირდებოდა, ამიტომაც გავანადგურე. წაიღეს სახლიდან ჩემი კუთვნილი მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და საბუთები"...

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები