ენზელ მკოიანი: "თუ რამე დამემართა, იცოდეთ, სიკვდილის წინ მთელი მსოფლიოს გასაგონად დავწერ წერილს, სადაც ყველაფერს მოვყვები" - კვირის პალიტრა

ენზელ მკოიანი: "თუ რამე დამემართა, იცოდეთ, სიკვდილის წინ მთელი მსოფლიოს გასაგონად დავწერ წერილს, სადაც ყველაფერს მოვყვები"

"ჩემს ძმას რვა თვის წინაც სცემეს, მაშინაც საავადმყოფოში იწვა, ახლაა და, ჩემ ნაცვლად ააფეთქეს"

ახალქალაქში "ქართული ოცნების" ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარის, ენზელ მკოიანის ძმის მანქანასთან აფეთქება მოხდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, დეპუტატი კი ამ ვანდალურ აქტს მის მიმართ გამოთქმულ მუქარას უკავშირებს: "მემუქრებოდნენ, რომ ჩემს ახლობლებს დახოცავდნენ. მეუბნებოდნენ, სახლიდან არ გახვიდე და არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობაო... მეორედ დამირეკეს და მილიონები მომთხოვეს. რასაც ტელეფონით მემუქრებოდნენ, დღეს განახორციელეს".

მარდუნ მკოიანის ავტომანქანასთან აფეთქება დისტანციური მოწყობილობით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. "კვირის პალიტრა" ენზელ მკოიანს დაუკავშირდა.

- დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყეს მუქარა. მაშანტაჟებდნენ, ფულს მთხოვდნენ და მოკვლითაც მემუქრებოდნენ. ამის შესახებ პროკურატურას, ირაკლი შოთაძეს ვაცნობე, მათ კი საქმე გამოსაძიებლად რეგიონულ პოლიციას გაუგზავნეს. გამოძიება არ იყო ეფექტიანი და სწორედ ამიტომ მოხდა ეს ამბავი. იქნებ ახლა მაინც დაინტერესდეს პროკურატურა და დაადგინოს, ვინ არიან ეს პირები...

ბოლო დღეებში მე და ჩემი ძმა ერთად დავდიოდით ამ მანქანით და მათ ჩემი აფეთქება უნდოდათ... აფეთქებისას მანქანა გაჩერებული იყო. ჩემი ძმა საკუთარი ჰიდროელექტროსადგურიდან მოდიოდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა კი 2 მეტრის მოშორებით, ხესთან იყო დამონტაჟებული. ავტომობილის ორმაგი დამცავი მინები ჩაიმსხვრა, მაგრამ ჩემი ძმა გადარჩა...

- ამ აფეთქებას რას უკავშირებთ?

- ეს ყველაფერი მანამდე დაიწყო. "ფეისბუკშიც" დავწერე, რომ 20 ივლისს დამემუქრნენ, სახლიდან არ გამოვსულიყავი, თორემ ყველაზე ძვირფასს წამართმევდნენ. არჩევნებშიც არ უნდა მიმეღო მონაწილეობა. 24-ში ისევ დამირეკეს "ვაიბერით" რუსული ნომრიდან და დიდ თანხას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით მემუქრებოდნენ. ამ ადამიანმა მითხრა, რომ 15 წელი იჯდა და მზად იყო, კიდევ 20 წელი ჩამჯდარიყო, თუ ამ თანხას არ გადავუხდიდი. ლაპარაკია მილიონებზე. მივმართე მთავარ პროკურატურას, ირაკლი შოთაძეს და არ ვიცი, რატომ, ეს საქმე ახალციხის რაიონულ პოლიციაში გამოგზავნეს.

- მაინც ვინ არიან ეს ადამიანები, ვისზე გაქვთ ეჭვი და რატომ გემუქრებიან? - ვფიქრობ, შემთხვევითი ადამიანები არ არიან. მანქანით, რომლითაც ჩემი ძმა მგზავრობდა, ბოლო დღეებში მეც დავდიოდი და მკვლელებს მე ვეგონე, ჩემი აფეთქება უნდოდათ. აფეთქებამდეც ძმასთან ერთად ვიყავი, მაგრამ მერე აღარ გავყევი...

ძალიან ძლიერი აფეთქება იყო. მანქანაში უსაფრთხოების ყველა ბალიში გაიხსნა, ხალხი კი აფეთქების ტალღამ ორ კილომეტრზე შეაშფოთა. ეს უკვე მესამე თავდასხმაა. ვხვდები, ვინც არიან ეს ადამიანები, მაგრამ ჯერ არ მინდა მათი დასახელება, თუმცა, თუ რამე დამემართა, იცოდეთ, სიკვდილის წინ მთელი მსოფლიოს გასაგონად დავწერ წერილს, სადაც ყველაფერს მოვყვები.

- რა დაუშავდა თქვენს ძმას და ახლა როგორ გრძნობს თავს? - მისი მდგომარეობა მძიმეა - კონტუზია აქვს, თავზე კი დაზიანებები; სმენა დაკარგა, მგონი, ტვინის შერყევაც დაუდგინეს. ალბათ, იმან გადაარჩინა, რომ მანქანას ორმაგი მინები ჰქონდა და ყველა აწეული იყო. ეს ტერაქტია.

- თქვენი ძმა რას საქმიანობს? - ბიზნესმენია, სერიოზული ბიჭია. მას გასული წლის ოქტომბერშიც სცემეს, რასაც არავინ მიაქცია ყურადღება. ორი ფირმა აქვს, სამი წლის განმავლობაში 2 მილიონი გადაიხადა ბიუჯეტში და იმის ნაცვლად, რომ ამ ადამიანს ამ პატარა ქალაქში ასეთი საქმიანობისთვის მადლობა უთხრან, რვა თვის წინაც სცემეს, მაშინაც საავადმყოფოში იწვა, ახლაა და, ჩემ ნაცვლად ააფეთქეს...

- ვინ არიან ეს ადამიანები, არ იტყვით? - ვინ არიან და, მათ გვარებს სიკვდილის წინ დავწერ, სერიოზულად ვამბობ.

- რას იტყვით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც იარაღით გარბიხართ და ისვრით? დღევანდელი აქტი ხომ არ არის ამ ამბის გაგრძელება?.. - ეს იყო ჩემს წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი. ვინც ეს ვიდეო გაავრცელა, დასაწყისი მოაჭრა, სადაც ჩანს, რომ თავს მესხმიან. ჩხუბი მე არ დამიწყია. სრული ვიდეოც მაქვს და 20 მოწმეც მყავს, რომ სამჯერ მესროლეს. იარაღმა უმტყუნა, თორემ მომკლავდნენ. მე მხოლოდ თავს ვიცავდი. გავრცელებული ვიდეო შუა ნაწილიდან იწყება და ამბობენ, რომ მე ვარ დამნაშავე, არადა, მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებული ვიყავი. თუ გნებავთ, ვიდეოსაც მოგაწვდით, ორწუთიანია. ხალხმა ნახა ყველაფერი...

P.S. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ინციდენტი ახალქალაქში, კაფე-ბარ "გოლდთან" მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას. ცნობისათვის: 2020 წლის 26 მარტს ახალქალაქში მოქმედ და ყოფილ დეპუტატებსა და მათ ნათესავებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეში ცეცხლსასროლი იარაღი ფიგურირებს. საუბარია ენზელ მკოიანსა და სამველ პეტროსიანზე, რომელიც წარსულში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი იყო, ამჟამად კი რაიონში "პატრიოტთა ალიანსს" წარმოადგენს.