"ჩემი ცოლი ჩემზე ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად ძალადობს" - კვირის პალიტრა

"ჩემი ცოლი ჩემზე ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად ძალადობს"

"საუკუნის მეოთხედია, ცოლთან ამ სიტუაციაში ვარ და, ფაქტობრივად, გმირი ვარ, რადგან ამდენს არავინ მოითმენდა! შვილების გამო ვითმენდი ამდენი წელი. ცოლთან განქორწინებული ვარ, მაგრამ ის მაინც ჩემს სახლში ცხოვრობს. ძვალი რომ გაეჩხირება ადამიანს ყელში, ისე ვარ..."

იმ დროს, როცა კორონავირუსის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ხალხი სახლებში იყო გამოკეტილი, ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტები გახშირდა. სამართალდამცავები შემაკავებელ ორდერებს წერდნენ, თუმცა არავინ აკონტროლებდა, რჩებოდნენ თუ არა მოძალადე და მსხვერპლი ისევ ერთ ჭერქვეშ.

ამის მაგალითია ადვოკატ ა.მ.-ს საქმე. მან თავისი უდანაშაულობის დამტკიცება პოლიციასთან რომ ვერ შეძლო, ბათუმის სასამართლოს მიმართა და მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ შემაკავებელი ორდერი გააუქმა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

24 აპრილს ადვოკატ ა.მ.-სა და მის ყოფილ მეუღლეს შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. მამაკაცმა 112-ში დარეკა და ქალი ფსიქოლოგიურ ძალადობაში ამხილა. ბათუმის პოლიციის თანამშრომლებმა მომჩივანი გამოჰკითხეს და ქალს 25 აპრილს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს - აეკრძალა ქმრის ფიზიკური, სიტყვიერი და სხვა სახის შეურაცხყოფა, თუმცა მისი დაკითხვის შემდეგ, 26 აპრილს, შემაკავებელი ორდერი ქმარსაც გამოუწერეს. სწორედ პოლიციის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა.მ.-მ ბათუმის სასამართლოში. ამბობდა, ყოფილი ცოლი, ხშირად შვილების თანდასწრებით, ფსიქოლოგიურად ძალადობს და მსხვერპლი მე ვარო.

როგორც ირკვევა, წყვილს შორის კონფლიქტი 25 წელია გრძელდება, ისინი დიდი ხნის წინ განქორწინდნენ, მაგრამ ცოლი ისევ ადვოკატი მეუღლის სახლში ცხოვრობს შვილებთან ერთად...

"ა.მ. განიცდის ყოფილი მეუღლის ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც ლანძღვაში და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატება... ახალი ვირუსის გამო დაინფიცირების შიში აქვს, ვირუსის თავიდან ასაცილებლად იღებს ყველა ზომას და ითვალისწინებს რეკომენდაციებს. ამის საწინააღმდეგოდ, ყოფილი მეუღლე მ.ხ. იქცევა სრულიად უპასუხისმგებლოდ, გამოხატავს ვირუსის მიმართ აშკარა გულგრილობას, არ ითვალისწინებს მითითებებს და ასეთივე დამოკიდებულებისკენ უბიძგებს შვილებსაც, რაც მოსარჩელისთვის მიუღებელია", - ვკითხულობთ საქმის მასალებში.

მოსარჩელის ცოლი კი ჩვენებაში განმარტავს, რომ კონფლიქტების მიზეზი კორონავირუსი კი არა, ის არის, რომ მამაკაცი ტელევიზორს არ შორდება და მისი ყოფილი მეუღლე სისტემატურად, უწყვეტად უყურებს საინფორმაციო გამოშვებებს, რაც ოჯახის წევრებისთვის მიუღებელია!

"კვირის პალიტრა" გთავაზობთ ინტერვიუს მომჩივან მამაკაცთან, ა.მ.-სთან:

- საუკუნის მეოთხედია, ცოლთან ამ სიტუაციაში ვარ და, ფაქტობრივად, გმირი ვარ, რადგან ამდენს არავინ მოითმენდა! შვილების გამო ვითმენდი ამდენი წელი. პოლიცია მხოლოდ ქალის მხარეს არის და ეს არის დამღუპველი. როგორ შეიძლება ყველა შემთხვევაში ქალი იყოს მართალი?! ცოლთან განქორწინებული ვარ, მაგრამ ის მაინც ჩემს სახლში ცხოვრობს. ძვალი რომ გაეჩხირება ადამიანს ყელში, ისე ვარ. შვილებს რა ვუყო, ბიოლოგიური დედაა! გველსაც და მტაცებელ ცხოველებსაც ჰყავთ დედა, მამაც ჰყავთ - ამის გარეშე გამრავლება შეუძლებელია, მაგრამ მალე დავასრულებ ამ ყველაფერს და მერე პოლიციას უნდა ვაგებინო პასუხი.

- რას აპირებთ?

- სხვა გზა არ არის, მე გადავალ სხვაგან და შვილებს დავუთმობ ამ ბინას. მეორე გამოსავალია, ცოლი გამოვასახლო და ქუჩაში დავტოვო, მაგრამ ეს არ მინდა.

- რა მოხდა იმ დღეს, პოლიცია რატომ გამოიძახეთ? - ეს იყო ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი... წარმოიდგინეთ, მე ვჩიოდი და ჩემს წინააღმდეგ გამოწერეს შემაკავებელი ორდერი, მაგრამ ჩემმა კოლეგამ, ადვოკატმა ლელი ბჟალავამ დამიცვა სასამართლოში. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა... პოლიცია ცდილობს, საქმე შემომიტრიალოს და მე მებრძვის, იმიტომ, რომ ქალთა უფლებებს იცავენ. ოჯახურ ძალადობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ქალის გარდა მამაკაცის უფლებებიც რომ ირღვევა, ეს არავის აინტერესებს! მხოლოდ ქალი ჰყავთ პრივილეგირებული! როგორ შეიძლება მარტო ქალი იყოს მართალი და კაცი დამნაშავე?! კი ბატონო, არსებობენ მოძალადე მამაკაცები, მაგრამ ყველა კაცი ხომ არ არის ასეთი?! მე ვარ წესიერი, პატიოსანი ადამიანი, ადვოკატი, სამართლის მაგისტრი, კანონმორჩილი, განათლებული და რისთვის მსჯი, იმიტომ, რომ უსამართლობას ვერ ვეგუები? ამის გამო უნდა დამსაჯო პოლიციის ყოფილი კაპიტანი, რომელიც ვმუშაობდი სისტემაში?! საქართველოში აპრიორი ყველა მამაკაცი დამნაშავე რატომ გამოჰყავთ? მამაკაცების 85% დაჭერილია ოჯახური ძალადობისთვის და ღმერთმა უწყის, მართლა ჩაიდინეს თუ არა ძალადობა!

- თქვენზე როგორ ძალადობენ? - ეს არის ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა. ფიზიკური, სექსუალური ძალადობა არ ხდება ჩემს ოჯახში.

- რას გულისხმობთ ეკონომიკურ ძალადობაში? - მაგალითად, მოვიტანე რაღაც და გაფლანგა, გაანადგურა... საჭმელი გააკეთა დიდ ჭურჭელში, მერე კი გადაღვარა. ელექტროენერგია ჩართო და არ გამორთო იმიტომ, რომ ეკონომიკურად დამაზარალოს; წყალიც მოუშვა და ონკანი აღარ დაკეტა... თვეში 200-250 ლარს ვიხდი ელექტროენერგიის საფასურს, იმის გამო, რომ არ თიშავს. ფსიქოლოგთანაც ვიყავი და უალტერნატივო გამოსავალი თქვენი დაშორიშორებააო, მითხრა. ამიტომ გადავწყვიტე, მე წავიდე ჩემი სახლიდან.

- ადრეც გამოუწერია პოლიციას შემაკავებელი ორდერები. რატომ? - ანალოგიური ქმედებებისთვის სულ ხუთჯერ არის მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოწერილი და სამჯერ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, მაგრამ არ ჩერდება. ერთი ჩემოდანი სავსე მაქვს დოკუმენტებით. მე ვერ ვჩხუბობ, რადგან ერთ ჭერქვეშ ვართ და შეიძლება კენედის მკვლელობაც კი დამაბრალოს, ამიტომ ვცდილობ, თავი ავარიდო, მაგრამ ძალიან რთულია ასე ცხოვრება.

- შვილები თქვენ გიჭერენ მხარს თუ დედას? - შვილები ნეიტრალურ ზონაში არიან, თუმცა ზოგჯერ იქით იხრებიან. ასეთი კონფლიქტების დროს ყველაზე მეტად შვილები ზარალდებიან. მინდა ჩემი შვილები არ დაზარალდნენ და ვეცდები, მეტი ტკივილი არ მიადგეთ, თუმცა ეს წლები დიდი ფსიქოლოგიური სტრესი მიიღეს.

შვილების ფსიქიკას საძირკველი გამოაცალა ამ ყველაფერმა, ამიტომ მინდა წავიდე სახლიდან. ვინც შვილების კეთილდღეობისთვის არ იბრძვის, ის ცხოველია. სხვაგან ვიქნები და თუ იქაც მომწვდება ეგ ქალი, მაშინ სხვანაირად ვიბრძოლებ.

- 25 წელი ასე ცხოვრობთ, თუ ახლა გამწვავდა ურთიერთობა? - ყოველდღე კონფლიქტი არ იყო, მაგრამ პერმანენტულად გრძელდება.

ამ პანდემიის დროს პოლიციისა და "სასწრაფოს" ჩარევა ბევრჯერ დაგვჭირდა, თუმცა ადრეც ასე იყო - პოლიციაში სირბილი, ხალხის ჩარევა, სასამართლო, გამიშვი-გამაკავე... ის არ გამოსწორდება. ძალიან სიმპათიური ადამიანი ვიყავი თავის დროზე და ძალიან ბევრი გოგო დავიწუნე, ალბათ, იმ ბევრიდან ვიღაცებს ამის გამო დავაწყევლინე თავი და ეს წყევლა ამიხდა - ღმერთმა ისეთი ადამიანი მარგუნა გვერდით, ახლა ამ ცოდვებს ვიმკი.

- მართლა ტელევიზორის ყურების გამო ჩხუბობდით? - თვითონ სულ სერიალებს უყურებს 24 საათი, სხვა არაფერი აინტერესებს. ამოვიდა ყელში ეს სერიალები. მე მაინტერესებს, ქვეყანაში და მსოფლიოში რა ხდება...

- ექიმების რეკომენდაციებს რომ არ იცავდა პანდემიის დროს, ამიტომაც იჩხუბეთ?

- ძალიან შეშინებული ვიყავი კორონას გამო. სახლიდან ყოველ გასვლასა და შემოსვლაზე ტანსაცმელს სპირტით ვამუშავებდი, ბანკის ჩეკიც კი დავამუშავე სპირტით და მთლიანად წაიშალა წარწერები. ღმერთს მადლობა, ყველაფერი კარგად არის და კორონა არ შემეყარა... წესების დაცვას რომ ვთხოვდი, ცოლი დამცინოდა. არ იცით, რა ადამიანთან მაქვს საქმე! მისი ქცევის გამო რამდენჯერმე სუიციდზეც ვიფიქრე... წარმოიდგინეთ, ადვოკატი რომ ვერ დაიცავ თავს, უბრალო ადამიანს რა დაემართება?! პოლიცია დამნაშავეს ახალისებს და მე, მსხვერპლს, არ მეხმარება! მოგვხედეთ, კაცებსაც გვჭირდება დახმარება! კაცთა მიმართ ძალადობაზე არავინ ლაპარაკობს! ქალები და კაცები არათანაბარ პირობებში ვართ. დიდ პატივს ვცემ ქალბატონებს, მაგრამ კაცებმა რა დავაშავეთ?! იმდენი მაგალითი მაქვს, როცა ქალებმა სახლებიდან გაყარეს მამაკაცები და მათ ქონებას დაეპატრონენ!..

"პოლიციამ მსხვერპლის წინააღმდეგ გამოსცა შემაკავებელი ორდერი"

ადვოკატი ლელი ბჟალავა აცხადებს, რომ მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო: - ბატონი ა.მ. მეუღლესთან განქორწინებულია, მაგრამ წლებია, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. მამაკაცმა პოლიცია გამოიძახა, რადგან მოძალადისგან თავდაცვა სჭირდებოდა და პოლიციამ მსხვერპლის წინააღმდეგ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. სრულიად უსაფუძვლო იყო პოლიციის ქმედება და ეს პროცესი მოვიგეთ.

კარანტინი იყო ქვეყანაში და ესე იგი, მამაკაცს უნდა დაეტოვებინა საკუთარი ჭერი, მაგრამ სად უნდა წასულიყო? ამაზე პოლიციას არ უფიქრია, გამოწერა ორდერი და წავიდა, სახლში კი მოდავე მხარეები დატოვა ფარატინა ფურცლებით ხელში.

ქვეყანაში ყურადღება გადატანილია ქალთა უფლებების დაცვაზე და არ აინტერესებთ, ამ დროს უდანაშაულო მამაკაცის უფლებები რომ ირღვევა. ეს მამაკაცების დისკრიმინაციაა. მამაკაცის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები გამოაქვს პოლიციას, სასამართლო კი ხშირად ძალაში ტოვებს პოლიციის გამოცემულ ორდერს.

ამდენი წელია, მამაკაცი შვილების გამო დედას არ უშვებს სახლიდან, ის კი ამ ვითარებას არ ითვალისწინებს. ქალი სასამართლოზე არ მოსულა, მის ინტერესს პოლიცია იცავდა და ირწმუნებოდა, რომ მამაკაცი იყო მოძალადე. მაგრამ სასამართლოზე გაირკვა, რომ შემაკავებელი

ორდერი ა.მ ს მიმართ კანონდარღვევით ჰქონდა გამოცემული პოლიციას.

თეა ხურცილავა