"გეხვეწები, ამიხსენი, როგორია სიყვარული?" - კვირის პალიტრა

"გეხვეწები, ამიხსენი, როგორია სიყვარული?"

პირველი სიყვარული სიცოცხლის ფასად დაუჯდა!

მხოლოდ დედა იჯდა უტყვი, გამომშრალი - მას შვილი ცოცხალიც და მკვდარიც წაართვეს

მეთერთმეტეკლასელი 16 წლის ევგენია (ჟენიკო) ანდიაშვილი დმანისის ახლოს, სოფელ ჯავახში ცხოვრობდა. გოგონა ცხრა დღის ძებნის შემდეგ ჭაში იპოვეს. მარჯვენა ხელი და ფეხები (მუხლებამდე) აღარ ჰქონდა, სხეულის დანარჩენი ნაწილი კი დამწვარი იყო, ყელში ორჯერ ჰქონდა გამოსმული დანა... ასეთი რამ უკვალოდ არ ქრება. მკვლელობას ვერც წვიმა, ვერც თოვლი, ვერც ცეცხლი წაშლის...

ჟენიკო ანდიაშვილის შეშფოთებული მშობლები, ახლობლები და მეგობრები იმ გულის გამაწვრილებელი ცხრა დღის განმავლობაში იმედს არ კარგავდნენ - "იქნებ შეყვარებულთან ერთად გაიპარაო", მაგრამ მეცხრე დღეს, როცა საზარელი  მკვლელობა გამჟღავნდა, ყველა იმედი ჩაქრა.

ჯავახში დაკრძალვის წინა დღეს ჩავედი. მთელი სოფელი ფეხზე იდგა. მხოლოდ დედა იჯდა უტყვი, გამომშრალი - მას შვილი ცოცხალიც და მკვდარიც წაართვეს. უკანასკნელ გზაზე აცილებდა, მაგრამ ვერც უყურებდა, ვერც ეხებოდა.

ამ საბედისწერო დღემდე ცხოვრება ჩვეულებრივ მიდიოდა. ანდიაშვილების ოჯახს ქალ-ვაჟი ჰყავდა - 16 წლის ჟენიკო და 12 წლის ვალერი. მკაცრი მამა ფრთხილობდა და  ქალიშვილს უშლიდა მეგობრებთან გვიანობამდე ყოფნას. გოგონაც ემორჩილებოდა და სკოლიდან შინისკენ მიიჩქაროდა. დმანისში კომპიუტერის კურსებზე სიარული არ დაუშალა მამამ - დღეს კომპიუტერის გარეშე ფონს ვერ გავა ახალგაზრდაო და ნათესავ ბიჭთან ერთად იმედიანად უშვებდა რაიონულ ცენტრში. სწორედ დმანისში გაიცნო ერთი წლით უფროსი ჯონი (ლუკა) იასაღაშვილი. ძალიან მალე თბილისში მცხოვრებ ბიძაშვილს მესიჯი გაუგზავნა: "გეხვეწები, ამიხსენი, როგორია სიყვარული. ერთ ბიჭს მოვწონვარ, მეც მაქვს მის მიმართ რაღაც გრძნობა, მაგრამ სახელი ვერ დამირქმევიაო".

11 თებერვალს,  კომპიუტერის კურსებიდან   გამოსულმა ნათესავ ბიჭს (ერთად დადიოდნენ კურსებზე) უთხრა - ბიძაშვილს ვნახავ და მერე ის გამომაცილებსო (დმანისში ორი ბიძა ჰყოლია გოგონას). ნათესავი იხსენებს, - ჟენიკო ვიღაცას ელაპარაკებოდა მობილურით - მოვდივარო, - უთხრა და სწრაფად გამშორდაო. საღამოს 7 საათზე შინ რომ არ დაბრუნდა და ისიც გაირკვა, რომ ბიძაშვილთან არ ყოფილა, მშობლებმა ძებნა დაუწყეს. მეგობრებმა იეჭვეს, - ნეტავ იმ ახალგაცნობილ ჯონისთან ხომ არ არისო და ბიჭს მიაკითხეს. მას კი ჟენიკოს გაქრობა რომ გაუგია, ძალიან "შეწუხებულა", მერე ბიძისთვის მობილურის ნომერი გამოურთმევია, - თუ რამე გავიგე, დაგიკავშირდებითო...

KvirisPalitra.Geმოგვიანებით, ჯონის აღიარებითი ჩვენებიდან ბევრი რამ ნათელი გახდა, თუმცა დამნაშავემ სიმართლე ბოლომდე მაინც არ გაამხილა. თქვა, - ჟენიკო საკუთარ თავს "მთავაზობდა" - შენგან ბავშვი მინდაო. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა ჯონისგან ორსულად იყო და ემუქრებოდა, თუ ცოლად არ შემირთავ, პოლიციაში გიჩივლებო.

მაია ანდიაშვილი, ბიცოლა: - ჟენიკო საოცრად მორცხვი იყო. შეუყვარდა ის ბიჭი და ენდო. რა იცოდა, თუ ასეთი არამზადა იქნებოდა. 16 წლის გოგონას ყველაფერი ამაღლებულად და ლამაზად ეჩვენება. ახლა იხსენებენ მისი მეგობრები, თურმე მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე რაღაცის გამო უჩხუბიათ. რამდენიმე დღის  შემდეგ გახარებულ ჟენიკოს მეგობრისთვის უთქვამს: - იცი, რა ბედნიერი ვარ, ჯონიმ მომწერა, მიყვარხარო.

ვფიქრობთ, რომ ბიჭმა ვერ დაიყოლია გოგო თანაცხოვრებაზე და ამის გამო მოუხდათ შელაპარაკება, მერე კი ისევ შემოირიგა. იმ მიტოვებულ და ნახევრად დანგრეულ შენობაშიც გასაუპატიურებლად შეიტყუა. გოგომ წინააღმდეგობა გაუწია და ბიჭს კედელზე მიუხეთქებია. ჟენიკოს საშველად ყვირილი აუტეხავს, ბიჭს კი ყელში ორჯერ გამოუსვია დანა (ამას თვითონაც აღიარებს). ვფიქრობთ, შინ მისულმა ვეღარ დაუმალა მშობლებს ჩადენილი.

ისინიც მივიდნენ დანაშაულის ადგილზე და გოგონას გვამი ცეცხლს მისცეს. ეგონათ, ამით კვალს წაშლიდნენ... როცა მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ, ჯონიმ და მშობლებმა გვამს კვლავ მიაკითხეს, იქ აღარ დახვდათ (მოგვიანებით ერთ-ერთმა თანასოფლელმა გაიხსენა, რომ მიტოვებული შენობის შორიახლოს ტურა რაღაცას მიათრევდა), "მოძებნეს ნახევრად შეჭმული ცხედარი, ჩადეს ტომარაში, გაუქმებულ ჭაში ჩააგდეს და ცეცხლი წაუკიდეს. ორჯერ დაწვეს ის უბედური, მაგრამ ყელი, სადაც დანა იყო გამოსმული, არ დაიწვა...

გოგონას დაკარგვიდან სამი დღის შემდეგ, სამართალდამცავებმა ჯონის მიაკითხეს და შეეცადნენ მისგან დაწვრილებითი ინფორმაცია მოეპოვებინათ, თუმცა ჯონი კვლავინდებურად ყველაფერს უარყოფდა. ძიების მსვლელობისას პოლიციელებმა ბიჭის მეგობრებიც დაჰკითხეს, რის შემდეგაც ეჭვი კვლავ მასზე გაჩნდა. დაკავების შემდეგ კი ჯონიმ დანაშაული აღიარა...

ჩვენ მკვლელის ლინჩის წესით გასამართლებას ვითხოვთ, რადგან სასამართლოს იმედი არა გვაქვს.

შაქრო ანდიაშვილი, ბიძა: - იმ არაკაცის მშობლებს თურმე ცნობა გაუკეთებიათ, ვითომც ფსიქიკურად ავადმყოფია მათი შვილი. დედაბუდიანად აყრილები არიან და სად იმალებიან, არ ვიცით. როცა  გვამი ვიპოვეთ, შინ მივუვარდით,  გამწარებულებმა ფანჯრები ჩავლეწეთ, მაგრამ მაშინაც კი არ წაგვცდენია ხელი სახლის გადაწვაზე, მათ კი, მკვდარიც აღარ დაგვიტოვეს, დაგვიწვეს ანგელოზივით გოგო.

ლია პაპაშვილი, ნათესავი: - თუ იასაღაშვილი უდანაშაულოა, მკვლელობიდან მესამე დღეს რატომ აიღეს მისმა მშობლებმა სამედიცინო ცნობა, ან ბანკიდან სესხი რატომ გამოიტანეს, ან ადვოკატები რატომ აუყვანეს? ჩვენმა ნათესავმა "ოდნოკლასნიკის" საიტზე ჯონი იასაღაშვილი მოძებნა. გუშინ ვიღაცამ გააუქმა მისი გვერდი, მანამდე კი ამ სადისტს სტატუსად ეწერა - "მიყვარს დანები და ქალები" და თავისი ურცხვი ფოტოს გარდა, დანების კოლექცია ჰქონდა დადებული. არც ეს მიუთითებს იმას, რომ მკვლელი და სადისტია?

მანანა ჭიჭინაძე, ბებია: - ჟენიკოს შეუყვარდა და მიენდო. ამისთვის ვის სჯიან, შვილო, ასეთი გაუგონარი რამ სად თქმულა? დავუშვათ, შეაცდინა ან გააუპატიურა. რაღატომ ჰკლავდა, დაეტოვებინა ცოცხალი. მას თუ აღარ უნდოდა, ჩვენ გვინდოდა ჩვენი შეცდენილი შვილი.

გოგონას ახლობლებმა მისი ოთახი მაჩვენეს. აქ ყველაფერი ხელუხლებელია. საწერ მაგიდაზე  ისევ დევს მისი რვეულები, წიგნები, თოჯინა, საქსოვი ძაფი და ჩხირები, ბისერებით გაწყობილი ნაქარგები. კედელზე ჟენიკოს ბავშვური ნახატებია, ყველგან გულია გამოსახული - გულის ფორმის ბალიშიც შეუკერავს.

16 წლის გულუბრყვილო გოგონას პირველი სიყვარული სიცოცხლის ფასად დაუჯდა...