"ჯერ მითხრეს, სამხედრო მანქანებიაო, მერე თქვეს, სუს-ის არისო. სუს-ს რა უნდოდა სამხედრო ბაზაში?" - კვირის პალიტრა

"ჯერ მითხრეს, სამხედრო მანქანებიაო, მერე თქვეს, სუს-ის არისო. სუს-ს რა უნდოდა სამხედრო ბაზაში?"

"გენერალური პროკურატურის განცხადებით, ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან მათ გზიდან გადაუხვიეს და შავნაბადას საწვრთნელ ბაზაში შევიდნენ"

გენერალურმა პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანისა და სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილების ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული სამი ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდება. ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან მათ გზიდან გადაუხვიეს და შავნაბადას საწვრთნელ ბაზაში შევიდნენ.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ვიდეომასალა არასრულია და ერთი კვირის განმავლობაში სამივე ჯიპის სრული მარშრუტის ამსახველ ჩანაწერს მოითხოვს. მიხეილ რამიშვილის თქმით, სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც ტაბახმელის გზით მაწევანს უკავშირდება.

- როდესაც სამხედრო მანქანები ერთი ბაზიდან მეორეში მიდიან, სამხედრო პოლიციის მანქანები უნდა მიჰყვებოდნენ. ეს სამი ავტომანქანა სულ რაღაც 30 წამში გამოჩნდა, მობილიზებულად მიდიოდნენ, მერე წრეზე გამოჩნდნენ და ბოლოს აღარ ჩანან. ბაზაში სამივე შეუმოწმებლად შევიდა, მაშინ, როცა სამხედრო სხვა მანქანებს ამოწმებდა. დავაფიქსირე, რომ ისინი არც ფორმებში, არც სამოქალაქო ტანსაცმელში არ არიან ჩაცმული, ბენდენაწაკრულები მაფიოზებს ჰგვანან. თავიდანვე ვითხოვდი - რადგან საქმის ერთ-ერთი ვერსია მკვლელობაა და ეჭვი არსებობს ორგანიზებულ ჯგუფზე, არის ბევრი საეჭვო გარემოება, ყველა მტკიცებულება უნდა შემოწმდეს-მეთქი. მოვითხოვე სამივე ავტომანქანის გადაადგილების ამსახველი ვიდეოფირები. დიდი ბრძოლის შემდეგ მითხრეს, რომ ავტომობილები რუსთავიდან, ერთ-ერთი სამხედრო ბაზიდან მოდიოდნენ. რატომ მაინცდამაინც იმ დღეს და იმ დროს, როცა თამუნა გადაადგილდებოდა? მიპასუხეს, ყოველდღე ასე გადაადგილდებიანო. მოვითხოვე, ეჩვენებინათ ერთი კვირის განმავლობაში მათი მარშრუტი - რუსთავის სამხედრო ბაზიდან შავნაბადას ბაზამდე. მიპასუხეს, ფირები გამოვითხოვეთ და ველოდებითო. მერე დავადგინე, რომ ამ ბაზას უკანა მხრიდან გასასვლელი აქვს, რომელიც ტაბახმელის გზით პირდაპირ მაწევანში ჩადის, თან იქიდან შეიძლება ისე გახვიდე, არც ერთმა ვიდეოკამერამ არ დაგაფიქსიროს.

როდესაც საქმე სენსიტიურია და საზოგადოებაში ამდენი კითხვაა, გამოძიებას ყველა კითხვაზე პასუხი უნდა ჰქონდეს. ჯერ მითხრეს, სამხედრო მანქანებიაო, მერე თქვეს, სუს-ის არისო. სუს-ს რა უნდოდა სამხედრო ბაზაში?

- თქვენ თეთრიწყაროს მწყემსებისა და პოლიციელების ჩვენებებს გაეცანით. ახალი გარემოება თუ დაგხვდათ? -"შპარგალკას" რომ გააკეთებს ერთი მოსწავლე და მერე კლასელები გადაამრავლებენ, ისეა ყველა ტექსტი - ერთი და იგივე. ჯერ ორი მწყემსი იყო, ახლა შვიდია. ახლომახლო სოფლების ყველა მწყემსი ამბობს, ის ადგილი კია საძოვარი, მაგრამ იქ ძროხები არ მიგვყავსო.

- მაშინ 22-ში რატომ ჰყავდა იქ ნახირი აზერბაიჯანელ მწყემსს? - როგორც ამბობს, ხბორები გაექცა. ეტყობა, პოლიციელები იმ საძოვარს იცავენ, ძროხები რომ არ შევიდნენ. არადა, ერთმა პირმა ჩანაწერი გადმომცა - იმ ადგილებში სამ დღეს დილიდან საღამომდე მიდი-მოდიოდა საქონელი.

- პოლიციელების ჩვენებებიც ერთმანეთს ჰგავს? - თეთრიწყაროში ჰყავთ ერთი პოლიციელი, სახელად დონ ჯიმშერი. 25 წელიწადია პოლიციაში მუშაობს. ყველა თეთრიწყაროელს მისი ტელეფონის ნომერი აქვს და თუ რამე პრობლემაა, პერსონალურად მას ურეკავენ. ფაქტობრივად, დონ ჯიმშერი შსს-ა, ის შეუცვლელად ითვლება. მისი ხელქვეითები, ყველანი, იმას წერენ, როგორ იმუშავეს ჯიმშერის ჯგუფმა და პოლიციამ, რომ ვერტმფრენებით მთელი სივრცე შეამოწმეს და მაინცდამაინც ის ადგილი ვერ დაინახეს. მოსახლეობა ამბობს, მთელი დილა და ღამითაც ვერტმფრენების გუგუნი გვესმოდაო. ყველაფერში დონ ჯიმშერი და დონა მიმოზა გურჩიანი (ისიც ვითომ პოლიციელი) ფიგურირებენ, ყველაფერს ისინი აგვარებენ.

- სატელიტური ფოტოები საიდან გამოითხოვეთ? - ერთი თვეა, გამოთხოვილია. აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის სატელიტების ფოტოებზე უარი ვთქვით, ევროპიდან ან ამერიკიდან ველოდებით. უცხოელი ექსპერტები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობისთვის 14 სექტემბრამდე ვერ ჩამოვლენ, ჩვენი ექსპერტიზის პასუხი კი თვის ბოლოს უნდა ყოფილიყო. მოვიდა თვის ბოლოც და საბოლოო დასკვნა არ ჩანს.

- შუალედურში თამარის ორგანიზმში აღმოჩენილი ოთხი პრეპარატია ჩამოთვლილი. - ყველა პრეპარატი "ბაკურიანის" წყლის ბოთლში იყო გახსნილი. თითის ანაბეჭდები ბოთლიდანაცაა აღებული და დანარჩენი გამოძიებამ დაამტკიცოს. თუ საჭირო გახდა, ექსჰუმაციასაც ჩავატარებთ.

- თქვენ თავიდანვე ავითარებთ ვერსიას, რომ საქმე გვაქვს ჯგუფურ დანაშაულთან, რის საფუძველზე? - მე თვითმკვლელობას გამოვრიცხავ. რაღაცას რომ აღმოვაჩენ, მეკითხებიან, სად აღმოაჩინეო. გამომძიებლები თვითონ არიან და მე მეკითხებიან?

- დეა კაპანაძის ჩვენებაზე რას ფიქრობთ? - მაგ გოგონასთან ძალიან ბევრი კითხვაა. შესაძლოა ბევრი რამ იცის. არაერთხელ ვცადე მასთან გასაუბრება, მაგრამ ხან რა მოიმიზეზა, ხან რა.

- FBI-ს ჩართულობაზე რა პასუხი მოვიდა? - იქიდანაც ველოდებით პასუხს.

- ბაჩანა ლობჟანიძე აღარ ჩანს...

- ბაჩანას დავალებებს ასრულებინებენ, მაგრამ არა აქვს საამისო დონე.

- გამოჩნდა თამუნას დედის დეიდა, რომელიც ამბობს, რომ თქვენ ვიღაცის დავალებებს ასრულებთ... - არ ვიცნობ, ვინ არის. ეტყობა, ამ ხელისუფლებას და სუს-ს ძალიან ვუშლი ხელს, ჩემ მიერ მოძიებულმა დეტალებმა პრობლემა შეუქმნა. ჰკითხეთ ქალბატონ თეონას, სანდო ვარ თუ არა. ამდენი ხანია მათთან დავდივარ და იქ ბებია არავინ მინახავს. მე მიხდიან და მე ვასრულებ ვინმეს დავალებას? მაშინ მაგ ქალს მოუწევს ყველა იმ პირის დასახელება, ვის დავალებასაც ვასრულებ. ჩემთვის ნათელია, რა დავალებასაც თვითონ ასრულებს - უნდათ ჩამოვშორდე საქმეს და რეპუტაცია შემილახონ, იმიტომ, რომ ვერაფერს ვეღარ აკეთებენ!

- იმ ქალის თქმით, თურმე თამუნა გამოუტყდა, რომ ნიკა გეჯაძე, თავისი მენეჯერი ჰყვარებია. - თამუნას შეყვარებულის ჩვენებაც მაქვს წაკითხული, ნიკა გეჯაძის მიმართ სიყვარულის კი რა მოგახსენოთ, მოწონება ერთია, სიყვარული - მეორე.

- რას წერს ჩვენებაში თამუნას ყოფილი შეყვარებული თემურ ჭანუყვაძე? - მათ ორწელიწად-ნახევარი უყვარდათ ერთმანეთი. თემუკა თამუნაზე 1-2 წლით უფროსია, ისიც პროგრამისტია, ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. მისი ჩვენება რომ წავიკითხე, აღვფრთოვანდი. მისი ჩვენებით დავრწმუნდი, რომ თამუნა მაგარი გოგო ყოფილა, მას ისე აღწერს, როგორც ფენომენურ ადამიანს. წარმოიდგინეთ, სტუდენტი, რომელიც ქირით ცხოვრობს თბილისში, საფრანგეთში რომ ჩავა გოგონასთან, როგორ ჰყვარებია.

- რატომ დაშორდნენ? - ბიჭი გულნატკენია, რომ თამუნამ მის თავს კარიერა ამჯობინა. მისთვის ტრავმა იყო დაშორებაც, თამუნას გარდაცვალებაც და როგორც ღირსეული მამაკაცი, არაფერზე ლაპარაკობს.