"არჩევნებამდე მიიყვანენ და მერე თაროზე შემოდებენ სხვა გამოუძიებელ საქმეებთან ერთად" - კვირის პალიტრა

"არჩევნებამდე მიიყვანენ და მერე თაროზე შემოდებენ სხვა გამოუძიებელ საქმეებთან ერთად"

"თამუნას ისეთ მასალაზე მიუწვდებოდა ხელი, რისი გამოაშკარავებაც არ აწყობთ"

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი მოითხოვს პროკურატურამ სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილების ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროოს. გოგონას დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, თუ საქმე არ გადაკვალიფიცირდება და არჩევნებამდე არ გამოიძიებენ, ოჯახი რადიკალურ ზომებს მიმართავს.

- სუს-ის მანქანები შავნაბადას ბაზაში რომ შევიდნენ, იქიდან სად წავიდნენ, რა გააკეთეს? კოდის გადასახვევიდან გზაა, თავისუფლად შეეძლოთ იქიდან გასულიყვნენ და იმ სოფელში დახვედროდნენ თამუნას. მოვითხოვთ გაირკვეს, რამდენ ხანში, როდის მოდიან ავტომობილები, არის თუ არა მოკლე გზა. შესაძლოა სწორედ იმ მოკლე გზით გადავიდნენ, თამუნას დახვდნენ, კამერის ჩანაწერები ისე ააწყვეს, თითქოს თამუნა მარტო მიდის თავის მოსაკლავად. გაასაჯაროონ, იდგა თუ არა ის ავტომობილები იქ. ამას რაც მალე გააკეთებენ, მით უკეთესი მათთვის.

- როცა სრული ვიდეოჩანაწერის ჩვენება მოითხოვეთ, რა გიპასუხეს? - ის ჩანაწერი ჯერ ამოღებული არ არის და კიდევ რას გააყალბებენ, კაცმა არ იცის. დაგვპირდნენ, გაჩვენებთო. ვნახოთ.

- თქვენი აზრით, ოპერატიულად არ მუშაობენ? - მუშაობენ, მაგრამ შედეგი არ ჩანს... ფაქტობრივად, ისინი კი არა, მე და რამიშვილი ვიძიებთ საქმეს. არც ერთ კითხვაზე არა აქვთ პასუხი. 2 კვირაზე მეტი არ სჭირდებოდა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და იმის დადგენას, რით გარდაიცვალა ბავშვი.

დროის გაყვანა უნდათ, არჩევნებამდე მიიყვანენ და მერე თაროზე შემოდებენ სხვა გამოუძიებელ საქმეებთან ერთად. საქმე არჩევნებამდე გამოძიებული თუ არ იქნება, უფრო რადიკალურ ზომებს მივმართავთ. ამდენი ხანი გავიდა და მუხლიც კი არ არის გადაკვალიფიცირებული. ჩემი შვილი მოკლულია, ამაში ვერავინ გადამარწმუნებს. ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში 4 სახეობის მედიკამენტი წერია: კლოფელინი, კარდოლაქსი, იბუპროფენი და კიდევ ერთი, რომელიც ჩვენს ბაზარზე არ იყიდება. რად უნდოდა თავის მოკვლას წამლების ნაირსახეობა? ესეც თავგზის ასარევადაა გაკეთებული.

- სამ მაღალჩინოსანსა და რაღაც გადარიცხვებსაც ახსენებთ, თითქოს თამუნას რამდენიმე ანგარიშიდან დიდი თანხა მოახსნევინეს და მერე როგორც არასასურველი მოწმე თავიდან მოიშორეს. ამას რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობთ? - საქმე ისეთ ხალხს ეხება, არ აწყობთ მათი გამოაშკარავება. ხელს აფარებენ იმ მაღალჩინოსნებს, მაგრამ არ მოვისვენებ, სანამ საქმე არ გაიხსნება. სატელიტური ფოტოები მოიპოვონ და მითხრან, იდგა თუ არა იქ იმ დღეებში თამუნას მანქანა.

- ამბობთ, რომ ავტომანქანა საპროტესტო აქციის ღამით მიიყვანეს იმ ადგილას. საქმეში ვინმე თვითმხილველის ჩვენება არსებობს? - არსებობს მოწმე და ის დაჰკითხეს, მაგრამ არ წამიკითხავს მისი ჩვენება.

- თამუნას მეგობრის დეა კაპანაძის შესახებ არაერთი განცხადება გაავრცელეთ. ფიქრობთ, რომ მან ბევრი რამ იცის? - დიახ, და თავი რომ არ გაყიდოს, ამიტომ არიდებს ყველას თავს. ნაცვლად იმისა, დაგვეხმაროს, იმალება. მავიწროებენო, ამბობს. სანამ ჩვენ არ გაგვიგია, თვითონ თქვას ყველაფერი. ეგ გოგოც გარეულია საქმეში, ბევრი რამ იცის, მათ შორის ისიც, ვინ გაიტყუა 18 ივლისს იმ სოფელში ჩემი შვილი.