"ძაღლის თავი კომპანიაშია დამარხული" - რას ამბობს ექპერტი ბაჩალიაშვილის საქმეზე - კვირის პალიტრა

"ძაღლის თავი კომპანიაშია დამარხული" - რას ამბობს ექპერტი ბაჩალიაშვილის საქმეზე

"გოგონას ჰყავდა მეოთხე თაობის ავტომანქანა, რომელსაც "ტვინი" აქვს და ის მანქანის ყოველდღიურ მუშაობასა და დროს აფიქსირებს. ეს ინფორმაცია ამ მანქანის მეხსიერების ბარათიდან არავის ამოუღია. რატომ? ამასთან, გოგონას ავტომანქანა მუქი ნაცრისფერია, ექსპერიმენტის დროს კი მანქანა ღია ნაცრისფერი იყო. კარგად ვიცით, რომ მუქი ფერი მზის სხივებს უფრო იღებს და ხურდება, ვიდრე ღია ფერი. არც ის არის გარკვეული, მანქანის სალონი ტყავის იყო თუ ქსოვილის. არც საბურავები შემოწმდა, არც ნიადაგი, რათა დადგინდეს, არის თუ არა საბურავზე იმ ნიადაგის ნიმუშები"

"ვფიქრობ, ძაღლის თავი კომპანიაშია დამარხული. თუ გოგონა მოკლეს ან თავი მოიკლა, მისი სამსახურიდან გამომდინარე იქნება - ჩანს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა", - ამბობს საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და პენიტენციარული სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ემზარ საბანაძე:

- ამ საქმეში ორი ვერსია იკვეთება: თვითმკვლელობა (ოღონდ ვიღაცების დახმარებით) და მკვლელობა. თვითმკვლელობას პირადი მოტივით გამოვრიცხავ.

ისე ლამაზადაა ყველაფერი შეკერილი, ამას რიგითი მოქალაქე ვერ გააკეთებდა. რატომღაც არც სამსახური და არც სხვა დეტალები გაშიფრული არ არის.

გოგონა რომ დიდი ინფორმაციის მატარებელი იყო, იმ მასალებითაც ჩანს, რომლებიც რატომღაც ჟურნალისტებს უვარდებათ ხელთ. რაც მასმედიით შუქდება, შთაბეჭდილება მრჩება, რომ გოგონა რაღაც საიდუმლოს შეეწირა. ძალიან არ მომწონს ისიც, რომ FBI-ს ჩართვას ითხოვენ.

- რატომ? - შეიძლება ამან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გააღიზიანოს. ის ფირმა, სადაც გოგონა საქმიანობდა, როგორც ითქვა, ამერიკაზე მუშაობს. ამერიკაშიც ორი პოლუსია - ხედავთ რა ხდება ტრამპსა და ბაიდენს შორის? აღნიშნული კომპანია ვის მხარეს იყო გადახრილი, უცნობია. აბა, დაფიქრდით, ის საადვოკატო ფირმა, რომელიც ამ საქმეში გამოჩნდა, ვის ინტერესებს იცავს? ის ფრთაა, რომელსაც "ნაციონალებთან" ახლო ურთიერთობა აქვს. დიდი ალბათობით, ამ ფირმას ჰქონდა კავშირი იმ ორგანიზაციასთან, რომელიც საქართველოში ნავთობის საძიებო კვლევებს ატარებდა.

სხვათა შორის, გოგონას ჰყავდა მეოთხე თაობის ავტომანქანა, რომელსაც "ტვინი" აქვს და ის მანქანის ყოველდღიურ მუშაობასა და დროს აფიქსირებს. ეს ინფორმაცია ამ მანქანის მეხსიერების ბარათიდან არავის ამოუღია. რატომ? ამასთან, გოგონას ავტომანქანა მუქი ნაცრისფერია, ექსპერიმენტის დროს კი მანქანა ღია ნაცრისფერი იყო. კარგად ვიცით, რომ მუქი ფერი მზის სხივებს უფრო იღებს და ხურდება, ვიდრე ღია ფერი. არც ის არის გარკვეული, მანქანის სალონი ტყავის იყო თუ ქსოვილის. არც საბურავები შემოწმდა, არც ნიადაგი, რათა დადგინდეს, არის თუ არა საბურავზე იმ ნიადაგის ნიმუშები.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას ამ საქმის პოლიტიზება უნდა და არა სამართლებრივად დადგენა, რა მოხდა. მოისმინეთ, რა თქვა ბაჩალიაშვილის ბებიამ ადვოკატზე? რატომ მივიდოდა მათთან თავისი ნებით ადვოკატი, რომელიც თაკო ჩარკვიანის პარტიის წევრია? ბებიამ ისიც თქვა, გამოძიება საქმეს რომ დაამთავრებს, მერე ვიტყვი სათქმელსო. შე დალოცვილო, თუ რამე იცი, ახლა უნდა თქვა...

- თუ იკვეთება საქმეში საეჭვო გარემოებები? - სუს-ის მანქანების გადაადგილებაზე უფრო მნიშვნელოვანი პოლიციელ აფციაურისა და მწყემსის ჩანაწერია. უპირველესად, პოლიციელის საქმიანობას და პიროვნებას შევისწავლიდი, მაგალითად, რომელი წლიდან არის სისტემაში. დასადგენია, აქვს თუ არა მას კავშირი მათთან, ვინც დღეს "ქართული ოცნების" ოპონენტები არიან. თუ 25 წელია კაცი სისტემაშია, კარგად უნდა იცოდეს, როგორ ელაპარაკოს თავის აგენტს. იქნებ ის სპეციალურად ლაპარაკობს იმ ფრაზეოლოგიით, რათა შემდეგ ვიღაცებს სალაპარაკო მიეცეს? რაიმე მასალა და მტკიცებულება რომ გამოვითხოვო, ამისათვის, სულ ცოტა, 5-დან 10 დღემდე მჭირდება, ტელევიზიებს კი ვიდეოჩანაწერები და მტკიცებულებები 15 წუთში როგორ უდევთ მაგიდაზე?

პროკურატურამ და გამოძიებამ უნდა გამოავლინონ სისტემაში თხუნელები, რომლებიც პოლიციაშიც ბევრია, სასამართლოშიც და მთავრობაშიც.

- მაინც რას უნდა უკავშირდებოდეს ეს ტრაგედია? - თამარ ბაჩალიაშვილს თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა. ლაპარაკი არ არის კერძო ინტერესზე, უფრო დიდ ინტერესს ვგულისხმობ. როდესაც შს მინისტრი, გენპროკურორი ხარ და მილიონების გადარიცხვასა და კიდევ ბევრ რამეზეა ლაპარაკი, გადაამოწმე და ნუ მისცემ ნურავის იმის საშუალებას,= ინფორმაცია გარეთ გავიდეს.

- უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის კვალს გამორიცხავთ? - ასეთ ოფისებს სპეცსამსახურები იყენებენ ფისკალური პოლიტიკის გადასახედად, კიბერშპიონაჟისთვის ან თუნდაც "ხავერდოვანი რევოლუციის" მოსახდენად, ან მუშაობენ ფირმაზე, რომელსაც აკონტროლებენ. ვფიქრობ, ძაღლის თავი იმ კომპანიაშია დამარხული, სადაც გოგონა მუშაობდა. ეტყობა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა და ვიღაცას მისი არსებობა უკვე აღარ აწყობდა. მუშაობდა თუ არა ფირმა პორნოსაიტებზე, ეს უკვე ყურადღების გადატანაა.

შეყვარებულის გამო თვითმკვლელობა არც უნდა განიხილებოდეს. მშობლებმა თქვეს, თითქოს 3.500-ლარიანი მანქანა იყიდეს. გოგონას მანქანა, სულ ცოტა, 15-20 ათასი დოლარი ღირს. ითქვა ისიც, რომ გოგონა საფრანგეთში სწავლობდა 4-4 თვით. ეს ხომ არ არის ნიშანი, რომ სპეცსამსახურების სამუშაო ობიექტი იყო? იქნებ უკვე ამუშავებდნენ? თუ ასეა, კარგად იცოდა, რომ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ან ისინი მოკლავდნენ, ან თუ გაიშიფრებოდა, მასაც და ოჯახის წევრებსაც დიდი პრობლემები შეექმნებოდათ. არა აქვს ამ ვერსიას არსებობის უფლება? დედას წამოსცდა, თამუნამ ჩვენ აგვარიდა საფრთხეო. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა,– რას საქმიანობდა და რამდენი ჰქონდა ხელფასი. იმ არაადეკვატური ბიჭის ამბავიც, ვითომ შეყვარებულად რომ მოაქვს თავი, აბსურდია. მასაც ვიღაც მართავს.