"წერილი თამუნას დაწერილი არა მგონია, აბსურდია" - კვირის პალიტრა

"წერილი თამუნას დაწერილი არა მგონია, აბსურდია"

რამდენიმე კვირის წინ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები", არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა "წერილი მომავლიდან", რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის ტექნიკურ მენეჯერ ნიკა გეჯაძეს გაუგზავნეს.

იყო ეჭვი, რომ წერილი შესაძლოა თამუნას დაწერილია, თუმცა მასში მოყვანილი ფაქტობრივი უზუსტობების გამო ნიკოლოზ გეჯაძე ვარაუდობს, რომ ის თამარის დაწერილი არ არის.

ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, რა ურთიერთობა ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან, ნიკა გეჯაძე პასუხობს: "მხოლოდ სამსახურებრივი, მე მისი პირადი თითქმის არაფერი ვიცოდი. თამართან როგორც სხვა თანამშრომელთან, ისეთი ურთიერთობა მქონდა".

წყაროს რწმუნებით,"დადგენილია, რომ წერილის ავტორი თამარ ბაჩალიაშვილია. ადრესატის სახელზე არსებობს სხვა წერილებიც, რომლებიც დათარიღებულია 2030, 2040 და ა.შ. წლებით და რომელთაც ნიკა გეჯაძე მომავალში მიიღებს."

ჩვენ ვცადეთ კომპანია "ZAG-ის მენეჯერ ნიკოლოზ გეჯაძესთან დაკავშირება, თუმცა გაირკვა, რომ ის ჟურნალისტებთან საუბარზე უარს ამბობს.

ქეთი მირიანაშვილი, კომპანია "ZAG-ის" ადვოკატი:

- ჩვენ მივაწოდეთ გამოძიებას ის წერილი. ვერ გეტყვით, საიდანაა გამოგზავნილი და ვისია. თამუნას გამოგზავნილი რომც იყოს, ფაქტია, ამ წერილის მიღების შემდეგაც თამუნა სამსახურში ჩვეულებრივად იქცეოდა. მე თვითონ მოვიკვლიე ის წერილი, როცა გავიგე, რომ ფსიქოლოგთან თამუნამ ნიკა ახსენა. ნიკას ვკითხე, მიმოწერებში რამე ისეთი ხომ არ იყო და მასაც გაახსენდა ის წერილი. ამიტომაც ჩავთვალე, რომ გამოძიებისთვის უნდა მიმეწოდებინა.

- რა კონტექსტში ახსენა თამარმა ფსიქოლოგთან ნიკა? - ერთ-ერთი გამოკითხვის დროს პოლიციაში მოვკარი ყური, რომ ფსიქოლოგთან უხსენებია, მაგრამ არ ვიცი, რა კონტექსტში.

- წერილის ავტორი რომ თამუნა არ იყო, იმან მაფიქრებინა, რომ მასში უზუსტობები იყოო, ეს გეჯაძის სიტყვებია... - ამიტომაც არ უფიქრია ნიკას გადაჭრით, რომ წერილი თამუნას გამოგზავნილი იყო. მასში ევროპაში ყოფნის ერთი წელია ნახსენები, არადა, თუ არ ვცდები, თამუნა 3-4 თვეს იმყოფებოდა საფრანგეთში. იქ მოყვანილი ნიუანსები მათ ურთიერთობას არ ასახავს.

წერილში იმდენად აბსურდული სიტუაციებია მოყვანილი, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორი ისეთ ადამიანს სწერს, რომელთანაც გამხელილი აქვს თავისი გრძნობა, თითქოს მათ შორის რაღაც ურთიერთობა უნდა არსებობდეს და ამის შედეგად პრეტენზიები უნდა ჰქონოდა. მქონდა ეჭვი, ნიკას ვინმე სხვამ ხომ არ მისწერა - აქეთ დეა იყო, იქით ბაჩანა ლობჟანიძე გამოჩნდა და ვიფიქრე, მას ხომ არ ეგონა, რომ თამარს ნიკასთან ჰქონდა ურთიერთობა და მან მისწერა-მეთქი. წერილი თამუნას დაწერილი არა მგონია, აბსურდია. სამსახურის იქით მას და ნიკას არაფერი აკავშირებდათ, ამიტომაც გაჩნდა ეჭვი წერილის წარმომავლობაზე.