"ვკითხე, მუხრუჭებმა ხომ არ გაგიცხელა-მეთქი, არა, წადი, წამოვალო"
"ვკითხე, მუხრუჭებმა ხომ არ გაგიცხელა-მეთქი, არა, წადი, წამოვალო"
"აქაური ვარ, მაგრამ ახლაც მეშინია განსაკუთრებით იმ 200-300 მეტრის გავლა, თან უღელტეხილზე ხშირად ისეთი ნისლი იცის, თუ გამოცდილი მძღოლი არა ხარ, არ უნდა გარისკო წასვლა"

23 აგვისტოს შატილის გზაზე ავტოკატასტროფის მიზეზებს სამართალდამცავები არკვევენ. ჯერჯერობით უცნობია, რას შეეწირა 17 კაცის სიცოცხლე. ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის სამი გოგონა - ხატია დევსურაშვილი, თამუნა არღვლიანი და ნატა თხელიძე. ექიმ ლევან რატიანის თქმით, მათი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა დადებითი დინამიკა შეინიშნება.

ავარია ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის
64-ე კილომეტრზე, ბისოსთან მოხდა. მანქანაში 20 მგზავრი იჯდა. ერთდღიანი ტური კომპანია "თრეველ ჯი"-ს ორგანიზებული იყო. უბედურ შემთხვევამდე მანქანა სოფელ ბისოში გაჩერდა, მგზავრებმა თაფლი შეიძინეს და გზა განაგრძეს. სულ მალე საშინელი ხმა გაისმა - მიკროავტობუსი ჯერ გზაზე გაჩერებულ ჯიპს შეეჯახა, შემდეგ კი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან
ფერდობზე გადაიჩეხა. როგორც ითქვა, მიკროავტობუსს გამოცდილი მძღოლი, 59 წლის არკადი ალავერდოვი მართავდა, მანქანა კი კომპანიას ეკუთვნოდა. მძღოლი რამაზ სებისკვერაძე, რომელიც შატილში იმ დროს მეორე მიკროავტობუსით იმყოფებოდა, ადასტურებს, რომ საბედისწერო ტურის მძღოლი შატილის გზაზე პირველად იყო და ვარაუდობს, რომ მანქანას მუხრუჭმა უმტყუნა. "ვკითხე, მუხრუჭებმა ხომ არ გაგიცხელა-მეთქი, არა, წადი, წამოვალო. როცა მანქანას აჩერებ, ისეთი სისტემაა, რომ მუხრუჭი" უვარდება. ეტყობა, ეს არ იცოდა და, ალბათ, ისევ აიღო სიჩქარე და მუხრუჭებმა უმტყუნა. იმ ადგილას მე მეორე ან პირველი სიჩქარით ჩამოვდივარ, ალბათ, ის მესამით ჩამოვიდა".

კიდევ ერთი ვერსიით, მძღოლს საჭე გაეჭედა და მოსახვევში მანქანის მობრუნება ვერ მოახერხა, მესამე ვერსიით, საბურავი გაუსკდა, მძღოლმა მანქანის მართვა ვერ შეძლო და მანქანაზე დაჯახებით ცდილობდა ავტოავარიის თავიდან აცილებას. ისიც ცნობილია, რომ ავტომობილს ტექდათვალიერება თვე-ნახევრის წინ უნდა გაევლო და გავლილი არ ჰქონდა.

დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი:

- დიდი ხანია ქვეყანაში მოშლილია საგზაო უსაფრთხოება. მასზე პასუხისმგებელი უწყებაც არ არსებობს და მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, შეექმნათ ასეთი სტრუქტურა, ყურიც არავის შეუბერტყავს. არ არსებობს მონიტორინგის სისტემა, არ ხდება "შავი წერტილების" აღმოფხვრა, კანონის აღსრულება უსუსტესია.

ყოველწლიურად 500 გარდაცვლილი და 10 000-მდე დასახიჩრებული კაცი გვყავს. დაღუპულთა რაოდენობა 4-ჯერ აღემატება საშუალოევროპულ მაჩვენებელს! მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს გზებზე დაღუპულთა რაოდენობა 30 წლის განმავლობაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობას აღემატება.

გვაქვს უფუნქციო სახელმწიფო სტრუქტურები თავისი თანამდებობის პირებით, რომლებიც ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ და ბოლოს, გვყავს საზოგადოება, რომელიც მიიჩნევს, რომ უბედური შემთხვევა ყოველთვის შეიძლება მოხდეს. აი, ასეთი დამოკიდებულების გამო გვაქვს კატასტროფული სურათი. ჩემი ინფორმაციით, ავტოკატასტროფაში მონაწილე მიკროავტობუსს ტექინსპექტირება არ გაუვლია. არ ვამტკიცებ, რომ გავლის შემთხვევაში ტრაგედიას თავიდან ავიცილებდით, მაგრამ იბადება კითხვა:

როგორ დადიოდა ტექინსპექტირებაგაუვლელი მიკროავტობუსი 40 დღის განმავლობაში "ჭკვიანი კამერებით" აღჭურვილ გზებზე?!
მიკროავტობუსი ინსპექტირებაზე 2020 წლის 13 იანვარს გამოცხადდა, შემდეგი 13 ივლისს უწევდა. არსებობს 13 იანვრის ფოტოც, რომელზეც ჩანს, რომ 16 სავარძელი ჰქონდა. ანუ ინსპექტირებისას ყველაფერი ნორმაში იყო, მაგრამ რატომ გადაჰყავდა 20 კაცი?

გავრცელებული პრაქტიკით, მიკროავტობუსები ინსპექტირების წინ კუსტარულად დამონტაჟებულ დამატებით სავარძლებს ხსნიან და შემდგომ ისევ ამატებენ, რითაც საფრთხეს უქმნიან მგზავრებს! ასე იქცევა მიკროავტობუსების მძღოლების უმრავლესობა! ეს ყველამ იცის, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებმაც!
ბარისახოელი გოგი ჭინჭარაული ამბობს, რომ შატილის გზა ურთულესია და ამიტომ მძღოლს დიდი სიფრთხილე მართებს.

- თბილისიდან შატილამდე 150 კილომეტრია. გზის მონაკვეთების თითქმის 80% სახიფათოა. ტრაგედია სოფელ ბისოში დატრიალდა. იმ ადგილას კომუნისტების დროსაც მოხდა ავარია, მაშინაც მანქანა გადავარდა, როგორც ვიცი, 2 კაცი დაიღუპა. იმ მოსახვევში დღესაც არ დგას ბარიერი, რომ მანქანა შეაჩეროს. გაყოლებაზე გვარლებგაჭიმული ბოძები კი არის, მაგრამ მეეჭვება დიდი ინერციით წამოსული მანქანა შეეკავებინა. ჯებირები რომ ყოფილიყო, ოდნავ მაინც შეაფერხებდა და შესაძლოა მსხვერპლი ამხელა არ ყოფილიყო.

ის მანქანაც არ შეუშლიდა ხელს მიკროავტობუსს, მოსახვევში გადაყენებული ჰყავდათ მუშებს. მე მაინც მგონია, როდესაც მძღოლმა შეატყო, რომ მუხრუჭები არ მუშაობდა, შეგნებულად დააჯახა მიკროავტობუსი, რომ როგორმე შეეჩერებინა. ალბათ, იმედი ჰქონდა, დარტყმის ძალას შეაჩერებდა.
შატილამდე ურთულესი მონაკვეთია გასავლელი. აქაური ვარ, მაგრამ ახლაც მეშინია განსაკუთრებით იმ 200-300 მეტრის გავლა, თან უღელტეხილზე ხშირად ისეთი ნისლი იცის, თუ გამოცდილი მძღოლი არა ხარ, არ უნდა გარისკო წასვლა.

ტურისტულ კომპანიებს გამართული ტრანსპორტი და მძღოლიც ძალიან გამოცდილი უნდა ჰყავდეთ. მთაა და არავინ იცის, რა მოხდება.
კიდევ ერთ დეტალზე მინდა ყურადღების გამახვილება - ჟურნალისტები ამბობდნენ, სასწრაფო დახმარება გვიან მივიდაო. დუშეთიდან ბისომდე 32 კილომეტრია გასავლელი და ამას დრო დასჭირდებოდა, რატომ არ გამოიძახეს ბარისახოს სასწრაფო დახმარების მანქანა? შეეძლო ის მისულიყო, გზაში შეხვედროდა სხვა "სასწრაფოს" და გადაესვა დაშავებული მგზავრები. ბარისახოში ამბულატორიაც არის, მაგრამ ექიმი დუშეთიდან კვირაში ერთი დღით ამოდის. ექიმი არ იყო, მაგრამ მანქანა ხომ იყო. შატილსაც ჰყავს ერთი საბჭოთა დროის დანგრეული "უაზი". შატილის ამბულატორიაში ძალიან კარგი ექიმი ჰყავთ, რომელიც გადაუდებელ ოპერაციებსაც კი აკეთებს ადგილზე.

ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი ნიკა ჯმუხაძე ამბობს, რომ შატილის მიმართულებით ტურები სწორედ იმიტომ გააუქმა, რომ საფრთხის შემცველი იყო: "8 წელია ტურისტული კომპანია მაქვს. ერთ-ერთი რთული მიმართულებაა ხევსურეთი. თბილისიდან სულ 155 კილომეტრია და გავლას 7 საათი სჭირდება. ბუნებრივია, ამ დროში მგზავრიც იღლება, მძღოლიც, გიდიც. გზა რთულია, გრუნტიანი, ვიწრო. ამიტომ გავაუქმე ეს მიმართულება. ხევსურეთში წასვლას მიკროავტობუსები ყოველთვის ერიდებოდნენ, უფრო სტანდარტული სპრინტერები მიდიოდნენ.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. გარდაცვლილებს შორის არის ჩემი უსაყვარლესი ტურისტი ნუცა ყანადაშვილი და ძალიან განვიცდი. ვიცნობდი სერგო გორლიუკოვსაც".

გარდაცვლილთა ოჯახის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას ტურისტულ კომპანიას აკისრებენ. ვარაუდობენ, რომ მიკროავტობუსი გაუმართავი იყო და მგზავ­რთა უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. ვნახოთ, რას გაარკვევს გამოძიება.

მიკროავტობუსში 20 კაციდან 4 მამაკაცი და 16 ქალი იყო


მიკროავტობუსში მძღოლის გვერდით კომპანია "თრეველ ჯი-ს" გიდი სერგო გორლიუკოვი იჯდა. სერგო ამ კომპანიაში დიდი ხანია მუშაობდა და არაერთი ტურისთვის გაუწევია გიდობა. დაღუპულთა შორის არიან დედა-შვილი, მაია მამუჩაშვილი და მისი 31 წლის ქალიშვილი ნუცა ყანადაშვილი. \
საბედისწერო ტურში სამი გოგონა რუსთავიდან წავიდა - დები მედეა და ხატია დევსურაშვილები და მედეას უახლოესი მეგობარი მაკო კუდარავა. ხატია ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის, ხოლო მისი და მედეა და მეგობარი მაკო კუდარავა უკვე მიაბარეს მიწას. დაიღუპა მატნელი 22 წლის ხატია ზაალიშვილიც. როგორც ამბობენ, ის ამ კომპანიაში მუშაობდა. მას 2 წლის გოგონა დარჩა.

ავარიას ემსხვერპლნენ დები ხათუნა და ირმა მარუაშვილები, სახინკლე "სისაურის" მეპატრონე დავით სისაური და მისი 5 თანამშრომელი, ასევე მამიდა და ძმისშვილი - თამილა და თეა შიოშვილები. ისინი კახის რაიონიდან იყვნენ.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები