"ვერავინ უშველა ჩემს ძმას, არავინ გამოიძახა პოლიცია" - რას ყვება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის და - კვირის პალიტრა

"ვერავინ უშველა ჩემს ძმას, არავინ გამოიძახა პოლიცია" - რას ყვება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის და

"თუ ჩემმა ძმამ თავი მოიკლა, მაინც ის არის დამნაშავე, გამოდის თვითმკვლელობამდე მიიყვანა. აბა, რომელი 11 წლის ბავშვი იფიქრებს თავის მოკვლას, თუ მშვიდად ცხოვრობს"

თერჯოლაში 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამ კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რომ ოჯახური ძალადობა სერიოზული პრობლემაა. ტრაგედიის შემდეგ დააკავეს ბავშვის მამა და მას შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებენ, თუმცა ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. არადა, დადგინდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში მცხოვრები ფრიდონ აბჟანდაძე სისტემატურად სცემდა და მოკვლით ემუქრებოდა არასრულწლოვან შვილს, ავთო აბჟანდაძეს. 23 აგვისტოს მოზარდი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ბრალდებულისთვის წაყენებული ბრალი 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროცესზე ფრიდონ აბჟანდაძემ განაცხადა: "მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ. რაც მანდ წერია, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს. მაშინ ამდენ ხანს ვყოფილვარ დასაჭერი. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია. უდედოდ გავზარდე, მისთვის დედაც ვიყავი და მამაც. მე ცამდე მართალი ვარ. მიცხონოს მისი სული ღმერთმა".

გავრცელებული ინფორმაციით, მამა ბავშვს რომ ხშირად სცემდა, ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და მეზობლებს სცოდნიათ, ბიჭი თურმე ყველას დახმარებას სთხოვდა, მაგრამ იმის შიშით, ფრიდონ აბჟანდაძე მეზობლებს მიუვარდებოდა, ყველამ ზურგი აქცია.

ნათესავების თქმით, ძალადობაზე ინფორმაცია პოლიციასაც ჰქონდა. მამის დანაშაულში დარწმუნებულია ბავშვის ბებია. ამბობს, რომ სიძე მის ქალიშვილსა და შვილიშვილებზე წლების განმავლობაში ძალადობდა და ცოლს მოკვლით ემუქრებოდა. პოლიცია არაერთხელ გამოიძახეს, იარაღიც ამოიღეს სახლიდან, თუმცა ფრიდონ აბჟანდაძეს ხელწერილით უშვებდნენ. ბებია არ გამორიცხავს, რომ მამამ შვილი მოკლა და თვითმკვლელობის სცენა გაითამაშა. ეტყობა თუ არა ბავშვს ძალადობის კვალი, ექსპერტები დაადგენენ.

ტრაგედიამდე სახლიდან ყვირილის ხმა რომ გამოდიოდა, ესმოდათ მეზობლებს, შორიახლო მცხოვრებ ნათესავებს, მათ შორის ბავშვის დეიდას, მაგრამ ნაცვლად იმისა, პოლიციაში დაერეკათ ან საშველად მისულიყვნენ, დეიდამ საბერძნეთში ბიჭის დას დაურეკა და პოლიციის გამოძახება სთხოვა.

10 წელია ემიგრაციაშია ბავშვის დედა, მან ავთო წლინახევრის დატოვა, რადგან ოჯახს უკიდურესად უჭირდა. 2 წელია საბერძნეთში მუშაობს ავთოს დაც, ნათია აბჟანდაძე.

ნათია აბჟანდაძე, გარდაცვლილის და:

- ბევრი ჩვენ გვადანაშაულებს, ისეთი მესიჯები მომივიდა, გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა.

შვილმკვდარ დედას ცხოველს ეძახიან, რატომ ლანძღავენ, როცა არ იციან, რა ხდებოდა ჩვენს სახლში.

იციან, დედამ მაშინ რა პირობებში დაგვტოვა? სახლში მამა, ბებია და ჩემი ძმა ცხოვრობდნენ. იმ დღეს ბებია სახლში იყო, მაგრამ არაფერს მეუბნება.

- როგორც ჩანს, ოჯახში დედ-მამას კონფლიქტი ჰქონდა. - მამა ძალადობდა დედაზე. სამი გოგო ვყავდით და ბიჭი რომ გაჩნდა, მამაჩემი გახარებული იყო, თავზე ევლებოდა ავთოს. მერე რა მოხდა, არ ვიცი.

ჩემს ძმასა და მამას შორის ორ დღეს დაძაბული სიტუაცია ყოფილა. მანამდე ჩემს დას წაუყვანია თავისთან, ტყიბულში. მერე მიაკითხეს ნასვამმა მამაჩემმა და ბიძაჩემმა და წამოიყვანეს. ჩემი და ამბობს, ავთოს წასვლა არ უნდოდა, უთქვამს, დაიკო, არ გამიშვაო, მაგრამ ჩემს დას უთქვამს, მამა ერთ ამბავს ატეხავს, ჯობია წახვიდეო.

იმ დღეს დეიდაჩემმა დამირეკა, ბებიაშენი კივის, ჩხუბობენ და პოლიცია გამოიძახეო. თქვენ რატომ არ იძახებთ-მეთქი, ხომ იცი, მერე ფრიდონი ჩვენ დაგვერევაო. მაშინვე ტყიბულში ჩემს დასთან დავრეკე, მან დარეკა პოლიციაში, მაგრამ ჩემი ძმა ცოცხალი აღარ დახვედრიათ. არადა, ცოტა ხნით ადრე ველაპარაკეთ ჩემს ძმას. დედას უთხრა, მამიკომ მითხრა, ფულს გამომიგზავნი, თუ ტრაქტორი გავყიდოო. დედას ახალი გაგზავნილი ჰქონდა ფული და უარი უთხრა. მამაჩემმა მოგვაძახა, ვერც ბათულის ხმას გაიგებთ და ვეღარც დაინახავთო. ამის შემდეგ გაწყდა კავშირი. სადღაც ნახევარი საათში დეიდამ დაგვირეკა, პოლიცია გამოიძახეო. მერე ბიძაჩემმაც დარეკა, ავთო ცოცხალი არ არისო.

- მამათქვენი ამბობს, ცამდე მართალი ვარო.

- თუ ჩემმა ძმამ თავი მოიკლა, მაინც ის არის დამნაშავე, გამოდის თვითმკვლელობამდე მიიყვანა. აბა, რომელი 11 წლის ბავშვი იფიქრებს თავის მოკვლას, თუ მშვიდად ცხოვრობს. როგორც მითხრეს, ფანჯრის წინ, ალუბლის ხეზე ჩამოუხრჩვია თავი. იმ პატარა ტოტზე როგორ ჩამოიკიდა თავი.

როცა პოლიცია მისულა, ჩემი ძმა, ოთახში დივანზე იწვა თურმე, გვერდზე მთვრალი მამაჩემი იყო მიწოლილი და ეძინა.

თურმე ბებიაჩემი კიოდა, მაგრამ საშველად არავინ მისულა. ბიძაჩემი იქვე ცხოვრობს. ბავშვი ბიძასთან გაქცეულა, ეტყობა, იფიქრა, დამეხმარებაო, მაგრამ იქაც მივარდნილა მამაჩემი. ფრიდონი კარის შემომტვრევას აპირებდა, ამიტომ გავუღე, გავატანე ავთო, რა მექნა, კარს დალეწავდაო, მითხრა ბიძაჩემმა. დეიდაჩემისთვისაც დაურეკავს ავთოს, დეიდა, მამას ყვირილის ხმა თუ გაიგე, პოლიციას დაუძახეო. ვერავინ უშველა ჩემს ძმას, არავინ გამოიძახა პოლიცია. ბებიაჩემს ეცოდინება, რაც მოხდა, მაგრამ ხმას არ იღებს.

ეს ერთი წელია, რაც ავთო დედასთან კონტაქტში შემოვიდა, მანამდე იშვიათად ელაპარაკებოდა, არ იცნობდა და უჭირდა მასთან საუბარი. დედაჩემი გაქვავებულია, 10 წლის უნახავი შვილი მკვდარი ნახო, როგორი სიმწარეა.

ნათიასგან განსხვავებული აზრი აქვს მეორე დას, თინათინ აბჟანდაძეს: "მე მგონია, მამა არ მოკლავდა ავთოს, ძალიან უყვარდა. რომ დალევდა, ყვირილი სჩვეოდა. ალბათ, ამან ავთოს ფსიქიკაზე იმოქმედა და იფიქრა, პატრული რომ მოვა, აღარ იყვირებსო, მაგიტომ ითხოვდა გამოძახებას".

როგორც თერჯოლის სოციალური მომსახურების სამსახური და სკოლის დირექტორი ამბობენ, თუ ბავშვზე მამა ძალადობდა, არ იცოდნენ.

ცნობისთვის: ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში დარეკეთ 111-ზე.

"ბავშვებს არავინ უსმენს და კიდევ უფრო იშვიათად უჯერებს"

ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი: "ბავშვები ოჯახში თუ საჯარო სივრცეში მარტონი არიან ძალადობის პირისპირ, რადგან არ იციან, ვის მიმართონ და რა მოითხოვონ, რადგან სკოლაში ამას არავინ ასწავლის; არც გარშემო მყოფთა იმედი აქვთ, მათ არავინ უსმენს და კიდევ უფრო იშვიათად უჯერებს. სოციალურ სამსახურსაც არა აქვს საკმარისი რესურსი, ხოლო სამართალდამცავ უწყებას - ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის კვალიფიკაცია. არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერის ეფექტური სერვისი, მინიმალურია მათთან ფსიქოლოგის ჩართულობაც. არაერთი ინიციატივა ბავშვის უფლებების სწავლების თუ ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების მხარდასაჭერად რელიგიური თუ ფსევდოპატრიოტული წინააღმდეგობების გამო ფერხდება".