"გულის" მკვლელობის შემდეგ, სამიზნე სალიფოვის ძმა გახდა" - ვის უნდოდა "მაფიის ბოსის" მკვლელობის შემკვეთებად ქართველი "კანონიერი ქურდების" დასახელება - კვირის პალიტრა

"გულის" მკვლელობის შემდეგ, სამიზნე სალიფოვის ძმა გახდა" - ვის უნდოდა "მაფიის ბოსის" მკვლელობის შემკვეთებად ქართველი "კანონიერი ქურდების" დასახელება

როგორც ცნობილია, ამ რამდენიმე ხნის წინ, თურქეთში, ანტალიაში ე.წ. კანონიერი ქურდი ნადირ სალიფოვი, იგივე "გული" მოკლეს. თურქული მედიის ცნობით, "კრიმინალური სამყაროს" "ბოსი" თავისი გარემოცვის წევრმა "ხან აჰმედილინსკიმ" კეფაში ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით მოკლა. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნადირ სალიფოვის ძმას, ნამიკ სალიფოვს "ქურდული" სტატუსი ჩამოართვეს, თუმცა საინფორმაციო სააგენტო Прайм Крайм-ის ცნობით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ამბობენ, არცერთი "კანონიერი ქურდი" არ არის გარეული "გულის" მკვლელობაში.

როგორც ამბობენ, ნადირ სალიფოვის მკვლელობა აზერბაიჯანული წარმოშობის კრიმინალის როვშან ჯანიევის ძმებმა დაგეგმეს. თუმცა, როგორც ცნობილია, "გული" როვშანის სიკვდილს საკუთარ თავზე არასდროს იღებდა და ამაში მას არავინ ადანაშაულებდა, მათ შორის არც ჯანიევის მეგობარი "კანონიერი ქურდები".

როგორც სააგენტო წერს, "კრიმინალური სამყაროს" ავტორიტეტებს სალიფოვთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თუ რომელიმე "კანონიერ ქურდს" განსხვავებული აზრი ჰქონდა, მათ შორის გაურკვევლობა მაინც არ ყოფილა. ღია კონფლიქტი "გულის" "ქურდებთან" არასდროს ჰქონია. მიუხედავად ამისა, მაინც ცდილობდნენ სალიფოვის მკვლელობა ქართველი "კანონიერი ქურდებისთვის" ბადრი კოღუაშვილისთვის, გურამ ჩიხლაძისთვის და შაქრო კალაშოვისთვის მიეწერათ.

როგორც ცნობილია, მკვლელობის შესრულების შემდეგ, კვალის არევის მიზნით, ზეინალოვს მისი თანამზრახველი, მანქანის მძღოლი ამინ ჰამიდლი, რომელიც როვშანის ახლობლებმა მიუჩინეს, უნდა მოეშორებინა, თუმცა პოლიციის სწრაფი რეაგირების გამო, მან მძღოლის მოკვლა ვეღარ მოასწრო. ამბობენ იმასაც, რომ შეპირებული ჰონორარი მკვლელმა ჯერ კიდევ ვერ მიიღო.

თავდაპირველად ზეინალოვი ამბობდა, რომ მკვლელობა პირადი უთანხმოების გამო ჩაიდინა, თუმცა პროტოკოლის გარეშე საუბრისას, აღიარებდა, რომ მას "გულის" მკვლელობა შეუკვეთეს, შემდეგ კი მკვლელობის შემკვეთად ქართველი "კანონიერი ქურდი" "კვეჟოვიჩი" - გურამ ჩიხლაძე უნდა დაესახელებია.

როგორც რუსული მედია წერს, "გულის" მკვლელობის შემდეგ, მკვლელობის შემკვეთების სამიზნე სალიფოვის ძმა, ნამიკი გახდა. მას "ქურდული" სტატუსის ჩამორთმევის შესახებ ყალბი ინფორმაციაც გაუვრცელეს, ფიქრობდნენ, რომ სალიფოვის ძმას კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებდნენ, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ "კანონიერ ქურდებს" ნამიკის "სტატუსთან" პრეტენზია არ ჰქონდათ.

"თურქეთში სულ მალე მოაწყობენ აზერბაიჯანელი და ქართველი "კანონიერი ქურდების" შეკრებას, ამბობენ რომ ნამიკი არ არის ხელწამოსაკრავი პიროვნება, თუმცა ისეთი დიდი გავლენით ვერ სარგებლობდა როგორც "გული".

"კანონიერ ქურდად" "მონათვლის" შემდეგაც, ნამიკი ბევრ საკითხს დამოუკიდებლად წყვეტდა და არ ყოფილა ძმის მორჩილი.

ნადირ სალიფოვი არ ერიდებოდა ხალხის წინაშე გამოჩენას, ნამიკი კი არასდროს ყოფილა პუბლიკის მოყვარული. ხოლო მაშინ, როცა "გული" ბევრ საკითხში არაფერს თმობდა, ნამიკი კომპრომისზე წასვლას ამჯობინებდა. ახლა, როგორც ამბობენ, ნამიკს სხვა გზა არ დარჩენია და ის ვალდებულია, ძმის დაწყებული საქმეები განაგრძოს", - წერს სააგენტო.

იხილეთ ასევე: "ჩვენ მეფე არ გვჭირდება" - რა გავლენას მოახდენს ცნობილი "კანონიერი ქურდის" მკვლელობა "ქურდულ სამყაროში"

ფოტო: სააგენტო "პრაიმ კრაიმი"

ნიკა გულუა (სპეციალურად საიტისთვის)