რეკორდი მეათედი ფეხსაცმლით(!) - კვირის პალიტრა

რეკორდი მეათედი ფეხსაცმლით(!)

ეკონომიკური სტაგნაცია სულ უფრო და უფრო თვალში საცემი ხდება. ეს ამბავი მხოლოდ ჩინელების მადის მომატებას რომ დავაბრალოთ, ცოტა უხერხული იქნება.

ვიდრე ჩინელების მადას შევაფასებთ, კარგი იქნებოდა, ჩვენი ჩინოვნიკებისა და სახელმწიფო მოხელეების მადაზეც გვეთქვა ორიოდ სიტყვა.

მაგალითად, საგადასახადო ორგანოებს მადა აშკარად გამძაფრებული აქვთ. თავად განსაჯეთ, გაუგონარი ჯარიმებისა და გადასახადების გამო საქართველოში ადამიანები უკვე თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს (ამის საილუსტრაციოდ  თელავში, მაღაზია "დელფინის" მეპატრონის ამბავიც კმარა). სხვები ქვეყნისთვის სასარგებლო დროს ციხეში ატარებენ, უფრო იღბლიანები კი, საპროცესოდ გარიგებულნი, მაგრამ უკვე გატყავებული თავისუფლებით ტკბებიან.

2010 წლის 27 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს "იბერიის" დირექტორი ლეილა დაუშვილი და მისი თანამშრომელი თამარ დურსუნ კიზი დააკავა და ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება-გამოყენებაში დასდო ბრალი.

ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, რომ მალე პროკურატურა იძულებული გახდა ბრალი თავად მოეხსნა მათთვის. ამ დროისათვის კი ლეილა დაუშვილი და თამარ დურსუნ კიზი წინასწარ პატიმრობაში უკვე ჰყავდათ აყვანილი.

გიორგი კახიანი, დაკავებულების ადვოკატი: "პროკურატურა ხომ არ აღიარებდა, რომ ორი ქალი უკანონოდ გამოამწყვდიეს ციხეში? ამიტომ ორი თვის შემდეგ ახალი ბრალდება წაუყენეს, კერძოდ, საბაჟო საზღვარზე მალულად განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით. ეს ბრალდება 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, პროკურატურა კი ამ ქალებისთვის 9-9-წლიან სასჯელს ითხოვს.

სინამდვილეში შპს "იბერიის" მიერ საბაჟო საზღვარზე 2010 წლის 26 აგვისტოს წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით, გადმოტანილი მოძრავი ნივთის რაოდენობა ზუსტად ემთხვევა ან მნიშვნელოვნად ნაკლებია სახელმწიფოს სასარგებლოდ დეკლარირებულ რაოდენობაზე. გამოძიება იმედს საქონლის ამოღების ოქმსა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს  2010 წლის 30 აგვისტოს გაკეთებულ დასკვნაზე ამყარებს. ლეილა დაუშვილი და თამარ დურსუნ კიზი რომ დააპატიმრეს, გამოძიებამ მათი საქონელი დალუქა და შეადგინა ამოღების ოქმი, სადაც ნათქვამია, რომ ამოღებულია 330 ცალ მუყაოს ყუთში მოთავსებული 6708 წყვილი მამაკაცის კლასიკური ფეხსაცმელი, 245 ყუთში მოთავსებული 3420 წყვილი მამაკაცის საშემოდგომო ფეხსაცმელი და ა.შ.

ციფრების რახარუხით თავს აღარ შეგაწყენთ, მაგრამ ეს "მტკიცებულება" იმით არის საინტერესო, რომ შეიძლება ფეხსაცმელების წარმოებაში ახალი ერა დაიწყოს, რადგან 6708 რომ 330-ზე გავყოთ, ერთ ყუთში 20,3 წყვილ ფეხსაცმელს მივიღებთ, ხოლო 3420 რომ  245-ზე გავყოთ, ყუთში 13,9 წყვილი ფეხსაცმელი უნდა იყოს (საინტერესოა, როგორ გამოიყურება 3 და 9 მეათედი ფეხსაცმელი? - ავტ.). ფაქტია, საქონელი არც დაუთვლიათ, მეტიც, გადათვლაში არ მონაწილეობდა საქონლის მესაკუთრე ლეილა დაუშვილი, მისთვის არც ოქმის ასლი ჩაუბარებიათ.

ახლა ვნახოთ, როგორ მუშაობენ ჩვენი ექსპერტები. ნაცვლად იმისა, ამ სიცრუეს მათი რეაგირება მოჰყოლოდა, ექსპერტებმა ჩადუნელმა და ამაშუკელმა თავიანთ დასკვნაში ზუსტად იგივე სისულელე გაიმეორეს, რაც გამოძიებას ამოღების ოქმში ჰქონდა მითითებული.  გარდა იმისა, რომ ყუთებში "მეათედი" ფეხსაცმელები ინახებოდა, ექსპერტებმა 2010 წლის 30 აგვისტოს, ერთ დღეში(!), შედარებითი ნიმუშების ამოუღებლად, 11652 წყვილი ფეხსაცმელი გადათვალეს, ხარისხობრივად შეამოწმეს, მსგავს საქონელთან შეადარეს, დასკვნა დაწერეს და იმავე დღეს კანცელარიაში მიიტანეს.

იძულებული გავხდით ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაგვეტარებინა. საოცარი ის არის, რომ იმ პროცედურების გავლას, რაც სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა სულ რაღაც ნახევარი საათი მოანდომეს, ალტერნატიულმა ექსპერტმა 10 დღეში ძლივს გაართვა თავი. ალტერნატიული ექსპერტიზით ბევრი რამ დადგინდა, მათ შორის ისიც, რომ თითოეულ ყუთში 12 ან 24 წყვილი ფეხსაცმელი იდო. 14 დასახელებიდან 11 დასახელების ფეხსაცმელი ხელოვნური ტყავისგან არის შეკერილი, ხოლო დანარჩენი 3 - დაბალი ხარისხის ტყავისაგან, რაც მითითებული ჰქონდა დეკლარანტს დეკლარაციაში.

ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ ყველანაირად ცდილობენ ადამიანების დაყაჩაღებას. გამოძიებისა და ექსპერტების მიზანი ის კი არ იყო, სიმართლე დაედგინათ, არამედ მაქსიმუმამდე გაეზარდათ სარეალიზაციო ფასი,  დერმატინის ფეხსაცმელი ტყავისად გაესაღებინათ, დაეწერათ რაც შეიძლება მეტი სხვაობა დეკლარაციაში მითითებულ და ვითომ ჩამოტანილ საქონელს შორის, რომ მერე სარფიანად ევაჭრათ საპროცესო გარიგებით დაპატიმრებულ მეწარმეებთან.

თავდაპირველად, სასამართლოს დადგენილების მიუხედავად, დალუქულ საწყობს არ გვიხსნიდნენ, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა დროულად ჩაგვეტარებინა. 26 იანვარს, როგორც იქნა,  დიდი წვალებით მივაღწიეთ მიზანს, გამომძიებელი მივიყვანეთ და გავახსნევინეთ დალუქული საწყობი. იქ გავიგე შემთხვევით, რომ საწყობში დამონტაჟებული ყოფილა ვიდეოკამერები. მოვითხოვე ფირი, მაგრამ უარი მითხრეს, სასამართლოს დადგენილებაა საჭიროო.

იძულებული გავხდით, შუამდგომლობა აღგვეძრა, მაგრამ სასამართლომაც უარი გვითხრა ფირის ამოღებაზე. როგორღაც მოვახერხე მისი ნახვა. აშკარად არის დაფიქსირებული, რომ 2010 წლის 30 აგვისტოს საწყობში შედის სამი პირი (ექსპერტების გარდა, იქ უცხო პირები ვერ მოხვდებოდნენ, რადგან საწყობი დალუქული იყო), სამ ყუთს ხსნიან და მხოლოდ ფოტოებს უღებენ, ტვირთს არ ითვლიან. ფირზე აშკარად ჩანს, რომ ექსპერტიზა დაიწყო 17 საათსა და 55 წუთზე და დასრულდა 18 საათსა და 25 წუთზე. არადა, სამხარაულის ბიუროს ექსპერტების დასკვნაში  მითითებულია, რომ დათვალეს 11652 წყვილი ფეხსაცმელი, 486 მეტრი ქსოვილი და საქონლის სხვა ჩამონათვალი. დასკვნაში წერია ისიც, რომ ვითომ შეადარეს კიდეც მსგავს საქონელს.

დიდი გულთმისნობა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ ექსპერტების დასკვნა გაყალბებულია. დასკვნა გაცემულია 2010 წლის 30 აგვისტოს. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადავამოწმე, როდის შევიდა დასკვნა კანცელარიაში. როგორც მითხრეს, 30-ში უკვე ჰქონდათ. თუ ექსპერტები საწყობში საღამოს 6 საათზე მივიდნენ, ამდენი საქონელი დათვალეს, დასკვნაც დაწერეს, როგორ მოხვდა დასკვნა კანცელარიაში 30 აგვისტოს სამუშაო საათების დასრულებამდე? ფაქტია, დასკვნა წინასწარ ჰქონდათ დაწერილი. ექსპერტიზა არც ჩატარებულა. რატომ? იციან, რომ ხალხი ცხვრებივით მიჰყვება საპროცესო გარიგებაზე გამოძიებას და ექსპერტსაც სულ არ ანაღვლებს, რას დაწერს დასკვნაში, შემმოწმებელი მაინც არავინ არის.

გია ხუხაშვილი: - რატომ ვერ ხვდება ჩვენი ხელისუფლება, რომ იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის? თუ ყველას დაიჭერენ, გაატყავებენ და გააღატაკებენ, ვინღა გადაუხდის მათ ხელფასებს? ბოლოს და ბოლოს სოციალური კატასტროფა გარდაუვალი იქნება. თუ არსებობს ფირი, რომ ექსპერტებმა მრავალათასიანი ნომენკლატურისგან შემდგარი საქონელი სულ ნახევარ საათში შეაფასეს და მათი დასკვნის საფუძველზე ორი კაცი გაუშვეს ციხეში,

იმ ექსპერტებმა პირდაპირ უნდა ჩაანაცვლონ ის ორი ქალი საკანში.

P.S. ამ ამბავმა ქართული ფილმი "რეკორდი" გამახსენა. ეტყობა, ჩვენი პროკურორები ძალიან მწარედ იგინებიან და ამიტომაც ექსპერტების მიერ ნახევარ საათში 11652 წყვილი ფეხსაცმლის დათვლა-შეფასება რა გასაკვირია?