ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგებს და მასთან შემხებლობაში მყოფმტკიცებულებებს ასაჯაროებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებები.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური დასკვნები. საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი - აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ამავდროულად, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე.

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია. გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, 13:48:27 საათზე "გუგლის" საძიებო სისტემის მეშვეობით ეძებდა შემდეგი სახის ინფორმაციებს -"საძილე აბები ურეცეპტოდ", "სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები". ასევე, მან "გუგლის" საძიებო სისტემის საშუალებით მოიძია ამ ტიპის მედიკამენტები და მათი ანოტაციები.იმავე დღეს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე "ფარმადეპოს" "იმპექსის", "პსპ"-ს, "ჯიპისის", "ავერსის" აფთიაქებში, სადაც ჯამში შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტოლორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი, და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი. პრეპარატების სახელწოდებებს მიზანმიმართულად არ ვასახელებთ. აღნიშნული მითითებულია სისხლის სამართლის საქმეში. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილ წამლის მუყაოს კოლოფზე, წამლის ტუბებზე, აფთიაქ "ფარმადეპოს" პაკეტსა და მასში მოთავსებულ წამლის ფირფიტებზე, ორ ცალ ცარიელ წამლის ფირფიტაზე, პოლიეთილენის პარკსა და მასში მოთავსებულ ორ ცალ აბზე, "ნაბეღლავისა" და "ბაკურიანის" ბოთლებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ასევე, ექსპერტიზით დადგენილია, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილ "ბაკურიანის" წყლის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი. ასევე, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში, წინა მარცხენა კარის გარე სახელურზე, საჭეზე, ღვედის კბილანის ბერკეტის ზედაპირზე, სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირზე, მეტალის რგოლზე ასხმულ ორ ცალ მეტალის გასაღებსა და ფირფიტაზე, მობილურ ტელეფონზე, მეხსიერების ბარათზე - ე.წ. ფლეშკაზე, ზურგჩანთაზე, მასში არსებულ საფულეებზე და გარდაცვლილის სხვადასხვა პირად ნივთებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება.

ასევე, ჩატარდა ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის შედეგმაც დაადასტურა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილია.

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ მეხსიერების ბარათზე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით დანიშნულ იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა.

გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის youtube-ის პირადი არხიდან ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით 16 ვიდეოჩანაწერი, მისი მობილური ტელეფონიდან ასევე ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით სამი ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერებზე დანიშნულია ვიდეოსკოპური ექსპერტიზა. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ვასაჯაროებთ ვიდეოკამერების ჩანაწერებს, რომლებიც ასახავენ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის სხვადასხვა აფთიაქებში ყოფნის და კონკრეტული მედიკამენტების შეძენის ფაქტს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დანიშნული სხვადასხვა ექსპერტიზების დასკვნების და გამოძიების შედეგების შესახებ საქართველოს პროკურატურა საზოგადოების ინფორმირებას პერიოდულად მოახდენს", - ნათქვამია განცხადებაში.