"მოკლულის დედა ამბობს, სახლში მიაკითხეს მის შვილს, ჩაისვეს მანქანაში და წაიყვანეს, ამის შემდეგ გაიგო ეს საშინელი ამბავი" - კვირის პალიტრა

"მოკლულის დედა ამბობს, სახლში მიაკითხეს მის შვილს, ჩაისვეს მანქანაში და წაიყვანეს, ამის შემდეგ გაიგო ეს საშინელი ამბავი"

5 სექტემბერს ღამით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მკვლელობა მოხდა. 41 წლის ვანო ხანჯალიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ტრაგედია ვანოს სახლიდან ცოტა მოშორებით, გვერდით ქუჩაზე დატრიალდა. ფაქტს თვითმხილველი ჰყავს, რომელიც სამართალდამცავებმა წუხელვე გამოკითხეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა. როგორც ირკვევა, მამაკაცები მანქანის გამო წაკამათდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ვანო ხანჯალიაშვილის მკვლელობაში მხილებული სოფელ იყალთოში მცხოვრები 37 წლის მწყემსია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არ არის და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თემურ გიგაური, მერის წარმომადგენელი სოფელ რუისპირში: - სამწუხაროა, რაც მოხდა. როგორც გარდაცვლილი ბიჭის დედა ამბობს, ვანოს სახლში მიაკითხეს მანქანით, ცოტა ხანი ისაუბრეს, მერე ჩაისვეს მისი შვილი მანქანაში და წაიყვანეს. როგორც ჩანს, შელაპარაკება გვერდით ქუჩაზე მოხდა. მოკლულსა და დამნაშავეს შორის კონფლიქტი მანქანის გამო მოხდა. გარდაცვლილი ვანო ხანჯალიაშვილი ძველ მანქანებს ყიდულობდა, აწესრიგებდა და მერე ყიდდა, მეზობლები ამბობენ, რომ სწორედ გაყიდული მანქანის გამო მოუხდათ უთანხმოება. ვანოსგან უყიდია გვერდით სოფელში მცხოვრებ მამაკაცს მანქანა და თურმე გაირკვა, რომ იმ მანქანას ყადაღა ედო. სავარაუდოდ ამაზე იყო დავა, ის ბიჭი ითხოვდა უკან მიებრუნებინა მანქანა. სახლში მიაკითხა და იქიდან გაიყვანეს ვანო. როგორც გავარკვიეთ, გვერდით უბანში არიან გასულები. იქ მომხდარა კონფლიქტი და ამ დროს იმ ბიჭმა ცეცხლსასროლი იარაღით გასროლით მოკლა ვანო. ტყვია პირდაპირ თავში აქვს ნასროლი და სამწუხაროდ, ადგილზე იყო გარდაცვლილი. ფაქტს თვითმხილველი ყავს, მაგრამ მას ჯერ არ გავსაუბრებივარ, რადგან წუხელვე დაკითხვაზე იყო წაყვანილი.

- ვანო კონფლიქტური ადამიანი ხომ არ იყო?

- არა, პატიოსანი, მშვიდი ბიჭი იყო. დაოჯახებული არ იყო, მამა გარდაცვლილი ჰყავს და დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა. დალევა არ უყვარდა და კონფლიქტები. იაფფასიან მანქანებს ყიდულობდა სოფელში, შეაკეთებდა და მერე ჰყიდდა. ამის გამო როგორც ვიცი, პატარა უთანხმოებები ადრეც მოუვიდა მყიდველებთან. კონკრეტულად რაზე იჩხუბეს, ნამდვილად არ ვიცი, ამას გამოძიება დაადგენს. დედა ამბობს, რომ სახლში მიაკითხეს მანქანით მის შვილს, ილაპარაკეს აქაც ცოტა ხანი, მერე ჩაისვეს მანქანაში და სახლიდან წაიყვანესო და ამის შემდეგ ეს საშინელი ამბავი გაიგო.

ია ტუხიშვილი, მოკლულის ბიძაშვილი:

- ვანო ავტომანქანებით ვაჭრობდა, ყიდულობდა, არემონტებდა და ყიდდა. ვანომ მკვლელისგან შეიძინა ავტომობილი, მერე შეაკეთა, გაყიდვა უნდოდა, მყიდველიც ჰყავდა და აღმოჩნდა, რომ მანქანა დაყადაღებული იყო. იმ კაცმა მანქანის უკან დაბრუნება მოითხოვა, მაგრამ რაც ვენომ გადაუხადა ფული, უკვე დახარჯული ჰქონდა და ვანოს ეუბნებოდა, მანქანა დამიბრუნე და ფულს მერე გადაგიხდიო. ამაზე ვანოსგან უარი მიიღო, ის ბიჭი ეცადა სხვადასხვა გზებით რომ ეს მანქანა დაებრუნებინა უკან, ამის გამო მოსვლიათ კამათი, სერიოზული ჩხუბი არ იყო. მერე საქმეში სამეგობრო ჩაერია, დაელაპარაკნენ და მორიგდნენ ერთმანეთში. ეს საუბრები ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა.

გუშინ უბანში ვიყავით მთელი სანათესაო, მე და ჩემი ოჯახი და ჩემი ბიძაშვილები ვსაუბრობდით, როცა ჩემი პატარა ბიჭი მოვიდა და ვანოს უთხრა, ვანო ძია, ვიღაც ბიჭი გეძახისო. თურმე ბავშვი გამოუგზავნია, ვანოს დაუძახეო. ვანო წავიდა, ჩვეულებრივ, მშვიდად შეხვდნენ ერთმანეთს ამას ჩვენც ვხედავდით, მერე ჩასხდნენ ტაქსიში. მძღოლიც ამბობს, მანქანაში არანაირი კამათი არ მოსვლიათო. მისულან იმ ბიჭის სახლში, ვინც დააკავშირა ისინი ერთმანეთს, უსაუბრიათ და იქაც მშვიდად დაშორდნენ ერთმანეთს. ორივე ტყვია თავში აქვს ნასროლი და მესამედ მანქანიდან რომ გადმოვიდა, გარდაცვლილს კიდევ ერთი ტყვია დაახალაო, ამბობს ფაქტის თვითმხილველი. ამის შემდეგ გაქცეულა. ეს არის სიმართლე. ვინც შუამავალი იყო, ვინც აყიდინა მანქანა ვანოს ისიც ამბობს, ვისაუბრეთ, დავშორდით მშვიდად ერთმანეთს, მანქანა დაიძრა და წავიდა, სახლში შევედი და ამ დროს გავიგონე გასროლის ხმაო, რომ მივედი იმ ადგილას მკვლელი უკვე გაქცეული იყოო. ტაქსის მძღოლმა დარეკა პოლციციაში, ვანო ადგილზე იყო გარდაცვლილი. ახლა ყველა განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს, მაგრამ ჩვენ, შინაურებმა ვიცით სიმართლე რაც იყო და ამას გიყვებით. ფიზიკურად ვანო ძლიერი, ნავარჯიშები ბიჭი იყო, მკვლელი მას ვერ მოერეოდა, სწორედ ამიტომ ეტყობა წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა ეს მკვლელობა და შეიარაღებული მოვიდა და მოკლა ჩვენი უდანაშაულო ბიძაშვილი. იმედია სამართალდამცავები დააკავებენ და უმკაცრესად დაისჯება.

გოჩა ქააძე, მერის წარმომადგენელი სოფელ იყალთოში:

- ბიჭი, რომელსაც მკვლელობაში ადანაშაულებენ, ჩვენი თანასოფლელია. როგორც ვიცი, წუხელ ეძებდნენ. ცუდი ბიჭი არ იყო, რა მოხდა და რატომ დატრიალდა ეს ტრაგედია, არ ვიცი. სოფელში ყველა გაოგნებულია. როგორც შევიტყვეთ, მანქანაზე ყოფილა დავა და რაღაც ფულის დაბრუნებას ითხოვდა ეს ბიჭი. ზოგადად კონფლიქტური პიროვნება არ იყო, ჩვეულებრივი მშრომელი, მწყემსი ბიჭია, საქონელი და ცხვრები ჰყავს. ცხოვრობდა თავისთვის, დაოჯახებული არ იყო. სამწუხარო ამბავია რაც მოხდა, დეტალები ჩვენთვის უცნობია.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)