"კრიმინალური პოლიციის უფროსმა პირდაპირ მითხრა, გავასაჯაროებდით და ამით დავამთავრებდით ყველაფერსო" - რა ვიდეოჩანაწერებია ბაჩალიაშვილის საქმეში?
07-09-2020
"კრიმინალური პოლიციის უფროსმა პირდაპირ მითხრა, გავასაჯაროებდით და ამით დავამთავრებდით ყველაფერსო" - რა ვიდეოჩანაწერებია ბაჩალიაშვილის საქმეში?
"არის ასეთი ჩანაწერი, სადაც გოგონა ტირის და ამბობს, აღარ მინდა სიცოცხლე, სიყვარულში იმედი გამიცრუვდაო და ა.შ. კრიმინალური პოლიციის უფროსმა პირდაპირ მითხრა, ამ ვიდეოს გავასაჯაროებდით და ამით დავამთავრებდით ყველაფერსო. რატომ, დადონ სხვა ვიდეოც, სადაც თამუნა ამბობს, ყველაფერი წინ მაქვს, დიდი მომავალი მაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებო"

მთავარმა პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) და ტრასოლოგიური დასკვნები გაასაჯაროვა. "საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის
დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი - აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები. ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. იმავდროულად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ
ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტებისა და აბების იდენტურია", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

"კვირის პალიტრას" თავის მოსაზრებას უზიარებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

- გამოძიებას თვითმკვლელობისკენ რომ წაიყვანდნენ, თავიდანვე ვიცოდით. თამუნა თვითმკვლელობას თუ გეგმავდა და აფთიაქში აბებს ყიდულობდა, გასახდომი ჩაი რად უნდოდა? ვინმემ იცის, რა მდგომარეობაში მიიღო თამუნამ ეს წამალი? იქნებ აიძულეს? ან იქნებ თვითმკვლელობის ინსცენირების მოსაწყობად სულაც სხვამ აძებნინა "გუგლში" და აყიდვინა წამლები?

- ამბობდით, უცხოელ ექსპერტებს გადავამოწმებინებ დასკვნასო.
- უცხოელებსაც გადავუგზავნე და დასკვნაში ეჭვი არავის შეუტანია. თამუნას დიდი დოზით აქვს მიღებული 4 დასახელების წამალი. როგორც სპეციალისტებმა მითხრეს, წამლები პროფესიონალის შეზავებულია.

- როგორც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, გამოძიებას ისეთი მტკიცებულებები აქვს, ძნელია თვითმკვლელობის ვერსია არ გაიზიარო.
- ძალიან უხერხულია, ამას რომ ამბობს. მტკიცებულებებს გაეცნო? გოგონა იპოვეს 22-ში, 23-ში კი კრიმინალური პოლიციის უფროსი ამბობს, ეს თვითმკვლელობაა, საქმეში ფიგურირებს აბები და ფსიქოლოგიო.
არ გამოვრიცხავ, FBI-ს მისწერეს, თვითმკვლელობააო და ექსპერტიზა­ში­ ჩართვაზე ამიტომაც თქვეს უარი.

- ქალბატონი თეონა თამაზაშვილი მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე იყო. თუ დაასახელა წყარო, ვინც მიაწოდა ინფორმაცია? იარაღთან დაკავშირებულ ტრანზაქციას ვგულისხმობ...
- ქალბატონ თეონას სტრესული მდგო­მარეობა აქვს და ბევრ რაღაცას თანდათან­ იხსენებს. მან მოსამართლეს უამბო, რომ ეპიდემიის დროს რაღაც გადაცემა იყო აზერბაიჯანზე და მდიდრულ სახლებს უჩვენებდნენ. მოგეხსენებათ, ისინი ჰერეთიდან არიან, იქ ბებია ჰყავდათ. დედას უთქვამს, რა მდიდრულად ცხოვრობენ აზერებიო და, თამუნას უპასუხია, დედა, შენ არ იცი, იქ რა ხდება და რა მოხდებაო. უკითხავს, შენ რა იციო და, თამუნას უთქვამს, ვიცი, ბევრი რაღაც ვიციო. როცა გამოკითხვაზე ქალბატონ თეონას კითხვები დაუკონკრეტეს, თქვა, ის ფლეშკა როგორც მოიპარეთ, ისე დააბრუნეთ და კარგად გაშიფრეთ, იქაა ყველაფერზე პასუხიო. ისიც გაიხსენეთ, რომ პოლიციელმა უთხრა მამას, თქვენი შვილი შარშიაო. კომპიუტერი ვერ გახსნეს, მაგრამ ეტყობა, ფლეშკა ნახეს და იქიდან დაასკვნეს. ქალბატონმა თეონამ ისიც თქვა, ინტერნეტში ბევრი სტატია ვნახე და ამან გამახსენა აზერბაიჯანზე ჩვენი დიალოგიო.

- იარაღი ხომ არ უხსენებია თამარს?
- თამარს იარაღზე არაფერი უთქვამს, მაგრამ დედა ამბობს, რომ არაერთი გადა­ცე­მა იყო, რომელშიც ნანახი მაქვს, როგორ გადაჰქონდათ მარნეულიდან აზერბაიჯანში­ იარაღი და ამას დავუკავშირე. ამასთან, სამ მაღალჩინოსანზე ვერსია რომ მოვისმინე, ისიც იარაღს დავუკავშირეო. იყო ასეთი ვერსიაც, ვინაიდან თამარს საფრანგეთში ისეთ უნივერსიტეტში აქვს პრაქტიკა გავ­ლი­ლი, შესაძლოა მასზე უშიშროება გასულიყო. მერე ამ კითხვებიდან უცებ დაკითხვაზე გადავიდნენ და ეკითხებიან, რატომ­ ხართ დარწმუნებული, რომ მანქანა იქ არ იდგაო... მაშინ მოგვიტანონ სატელიტის ფოტოები 18-დან 22 ივლისამდე, რომელსაც ვითხოვთ.

- მართალია, თქვენ მიანიშნეთ, რომ ეს მხოლოდ ვერსია იყო, მაგრამ ქალბატონი თეონა ამტკიცებს, წყარომ მითხრა, რომ თამუნას იმ იარაღისთვის გადაარიცხვინეს ფული, რომელიც ყარაბაღში მიდიოდაო...
- ჰოდა, თქვა წყარო. რაც ჟურნალისტმა თქვა სამ მაღალჩინოსანზე, და რაც შვილმა უთხრა, ყველაფერი ამას დაუკავშირა. ასევე დაეყრდნო სტატიებს, რომ თამარს შესაძლოა საიდუმლო ინფორმაცია ჰქონდა. მეტი რა წყარო უნდა ეთქვა? ბავშვმა უთხრა, არ იცი, რა მოხდება აზერბაიჯანში, შეიძლება დაძაბულობა იყოს და ჩვენც პრობლემები შეგვექმნას, ჰერეთში ვეღარ გადავიდეთო. ერთ სტატიაში ნათქვამი იყო, არ არის გამორიცხული, გოგონას საიდუმლო ინფორმაცია ჰქონოდა იარაღის შესახებაც, რადგან სპეცსააგენტოში ჰქონდა პრაქტიკა გავლილიო.

- ანუ გამოძიების ვერსიაში ახლა მხო­ლოდ სატელიტის მასალები თუ დაგარწმუნებთ...
- 7 მწყემსი ჰყავთ და ის საძოვარი ჩერნობილად აქციეს, თითქოს იქ არ შეიძლება ნახირის გაყვანა. დავდებ ჩვენებებს, მწყემსები რომ ერთსა და იმავეს გაიძახიან, საქონელს იქ არ ვაძოვებთო. გაასაჯაროონ სატელიტური ფოტოები, რომ 5 დღეს იდგა იქ მანქანა.

- პროკურატურის განცხადებას წინ უძღოდა თამუნას მეგობრის, დეა კაპანაძის ტელეინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ თამუნა დეპრესიული და გულჩათხრობილი იყო და ორჯერ სცადა თავის მოკვლა.
- არც ერთი კლასელი არ ამბობს, რომ თამუნას სუიციდის მცდელობა ჰქონდა. დეას ჩვენებებსაც გამოვაქვეყნებ - ერთში ამბობს, სუიციდის მცდელობა ჰქონდაო, მეორეში, კლასელმა მითხრაო. კაპანაძეს ხუთი ჩვენება აქვს, სულ სხვადასხვანაირი.

- მან თამუნას ვიდეომიმართვები ახსენა, რომლებსაც თურმე დეპრესიის დროს წერდა.
- არის ასეთი ჩანაწერი, სადაც გოგონა ტირის და ამბობს, აღარ მინდა სიცოცხლე, სიყვარულში იმედი გამიცრუვდაო და ა.შ. კრიმინალური პოლიციის უფროსმა პირდაპირ მითხრა, ამ ვიდეოს გავასაჯაროებდით და ამით დავამთავრებდით ყველაფერსო. რატომ, დადონ სხვა ვიდეოც, სადაც თამუნა ამბობს, ყველაფერი წინ მაქვს, დიდი მომავალი მაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებო.

- მშობლებისთვის მართლა უთქვამს, ისე გავუჩინარდები, ჩემს კვალს ვეღარ მოაგნებთო? დეამ თქვა, მამას ეს თამუნას ძებნის დღეს წამოსცდაო...
- რაღაც არ მახსოვს. იმაზე არ ლაპარაკობს დეა, თამუნას ფულს ვარიცხვინებდიო?

- თქვა, 40 ათასის ჩარიცხვას მაბრალებენო...
- 40 ათასი შეიძლება არა, მაგრამ თამარი 100 და 200 ლარს პერმანენტულად ურიცხავდა, იქნებ 40 ათასი ქეშადაც გამოუტანა?

- ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ავტომანქანაზე ზემოქმედების კვალი არ აღინიშნება...
- კვლავ მოვითხოვ, დადონ სატელიტის მასალები - ფოტოები და მერე დავიჯერებ გამოძიების ვერსიას.


ROIN GRUZIA
13 სექტემბერი 2020 22:17
123 ექპერტი ხარ ჰაი კლასის
ბიძინა
13 სექტემბერი 2020 11:04
გამოაქვეყნონ სატელიტის სურათები და ნათელი მოეფინება ამ საქმეს.
Simartle
08 სექტემბერი 2020 09:17
თუ ბაჩალიაშვილის საქმეს პატიოსნად არ გამოიძიებთ იცოდეთ შეიცვლება მთავრობა ადრე თუ გვიან და ისინი აუცილებლად გამოიძიებენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებით!!!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები