"დაუფიქრებელი განცხადებით ქალბატონმა თეონამ ჩვენ ორი ქვეყნის ომში მხარედ გამოგვიყვანა" - კვირის პალიტრა

"დაუფიქრებელი განცხადებით ქალბატონმა თეონამ ჩვენ ორი ქვეყნის ომში მხარედ გამოგვიყვანა"

"ტრაგედიიდან ორი თვის თავზე რომ ამბობს, თითქოს მისმა შვილმა მილიონები გადარიცხა, შვილიც ხომ კრიმინალად გამოჰყავს?"

"აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობებს მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას მოსთხოვონ იმ სამი მაღალჩინოსნის შესახებ ფაილები, რომლებიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღი იარაღით. ზუსტადაც იარაღის შესაძენად გადაარიცხვინეს ჩემს შვილს მილიონები სხვადასხვა კომპანიიდან. იარაღს, მოგეხსენებათ, დიდი თანხა სჭირდება და სუს-იც ამიტომ არის ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში", - განაცხადა თამუნა ბაჩალიაშვილის დედამ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე.

ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის დამფუძნებლისა და ადვოკატ ემზარ საბანაძის აზრით, ეს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაა.

- ქალბატონი თეონას ინფორმაცია სიცრუეა - თითქოს მისმა შვილმა იარაღისთვის მილიონები გადარიცხა, რომელიც სომხეთს მიაწოდეს აზერბაიჯანთან საომარ მოქმედებებში გამოსაყენებლად. ეს ინფორმაცია შეიძლება მისთვის მიეცა საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურებს. იმის თქმა, რომ სახელდობრ ეს რუსები ან სხვები არიან, არ შემიძლია. სამაგიეროდ, ჩანს მათი ინტერესი, ვინც ამას გამოიყენებდა, რათა საქართველოს თურქეთ-აზერბაიჯანი დაპირისპირებოდა. დაუფიქრებელი განცხადებით ქალბატონმა თეონამ ჩვენ ორი ქვეყნის ომში მხარედ გამოგვიყვანა.

ამ დეზინფორმაციის საფუძველზე თავისუფლად შეიძლებოდა თურქეთს ან აზერბაიჯანს ჩვენთვის სანქციები დაეკისრებინა და ურთიერთობა გაეწყვიტათ.

კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყნებთან საზღვრები ბოლომდე არ არის დემარკირებული და თუ რუსები იპყრობენ ჩვენს ტერიტორიებს, აზერბაიჯანელებს და თურქებს წინ რა დაუდგებათ?

საქართველოში იმდენი ქვეყნის სპეცსამსახური მუშაობს და ერევა თუნდაც ამ საქმეში, ამ გოგონას გარდაცვალებაზე უკვე საუბარი აღარაა, ყველაფერი სხვა მიმართულებით, გლობალურ დანაშაულამდე და კონფლიქტამდე მიდის.

- მაგრამ ქალბატონმა თეონამ თქვა, ეს ვერსიააო...

- ვერსიააო, არ უთქვამს. მან პირდაპირ თქვა, წყარომ მომაწოდა ეს ინფორმაცია და მას არ დავასახელებო. აქ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი, თან რიგითი მოქალაქეა და ვალდებულია, წყარო დაასახელოს. რატომ მიმართავდა მაშინ თურქეთის და აზერბაიჯანის მხარეს, ინფორმაცია გამოითხოვეთო? მისი განცხადება იყო კატეგორიული და თუ ვერსია იყო, მაშინ თქვას, ვინ ურჩია გახმაურება.

- ვის შეეძლო ერჩია? - იმას, ვისაც საქართველოში არეულობა და ქვეყნის დაქუცმაცება უნდა. შესაძლოა ინფორმაცია ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებმაც მიაწოდეს, რითაც დასტურდება, რომ სისტემაში საბოტაჟის მოსურნენი არიან. თურქეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის 90%, სამშენებლო მასალები და ა.შ. შემოდის. ამის მოწოდება რომ შეგვიწყვიტონ, ან აზერბაიჯანიდან გაზი და ნავთობი, ხომ ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით? არ გვეტყვიან, თქვენ სომხეთისთვის იარაღს ყიდულობთ და რაში დაგეხმაროთო?

2-3 თვის წინ თურქეთის მხარემ საქართველოს პრეტენზია წაუყენა, საქართველოს გავლით სომხეთში იარაღი შევიდაო და, ეს ამ ქალბატონმა თავისი განცხადებით დაადასტურა.

ბაჩალიაშვილი პროგრამისტი იყო, ორ კომპანიაში მუშაობდა და გასარკვევია, რომელ ორგანიზაციაში მუშაობის დროს განახორციელა ეს ტრანზაქცია?

- თქვენი შეფასების გამო, ქალბატონმა თეონამ "ბაჩანა-2" გიწოდათ... - ბაჩანა თავს ასაღებდა მის შეყვარებულად და ეს რა შედარებაა? თუ იმას ფიქრობს, რომ მე ვიღაცამ მთხოვა, ეს განცხადება (მისი დაკითხვის და წყაროს დასახელების აუცილებლობაზე) გამეკეთებინა, ვიტყვი, რომ მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ადვოკატს, როგორც პატრიოტს, მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებები ყურადსაღებია და პროკურატურამ რეაგირება უნდა მოახდინოს, რადგან ანტისახელმწიფოებრივია. გყავს საკმაოდ გონიერი ადვოკატი, ოჯახის წევრები და სანამ განცხადებას გააკეთებ, თან ტელევიზიით, კონსულტაცია უნდა გაიარო.

- ამ განცხადების ქვეტექსტი რა შეიძლება იყოს? - ვფიქრობ, ქალბატონ თეონას მისი შვილის თემის გამწვავება სურდა, რათა პროკურატურა დაჰყოლოდა ვერსიას, რომ მისი შვილი მოკლულია. არც ის მგონია, ამ ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებდეს. ტრაგედიიდან ორი თვის თავზე რომ ახსენდება და ამბობს, თითქოს მისმა შვილმა მილიონები გადარიცხა, მისი შვილიც ხომ კრიმინალად გამოჰყავს?

მე ამ ქალბატონთან და მისი შვილის ამბავზე კი არა მაქვს პრეტენზია, არამედ იმაზე, ჩემს ქვეყანას ნუ აყენებს დარტყმას. ყველამ უნდა იფიქროს ქვეყნის ინტერესებზე.

- თქვენთვის დამაჯერებელია გამოძიების ვერსია - თვითმკვლელობა?

- დღეს არსებული მასალები ორ ვერსიაზე ფიქრის უფლებას მაძლევს - მკვლელობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა უფრო სარწმუნოა. იმას, რომ მან შეყვარებულის გამო მოიკლა თავი, გამოვრიცხავ, ვინაიდან ამის წინა პირობა, ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.