"ჩემგან გაიგო ნინომ, რომ მისი ძმისშვილი ცოცხალი აღარ იყო" - კვირის პალიტრა

"ჩემგან გაიგო ნინომ, რომ მისი ძმისშვილი ცოცხალი აღარ იყო"

"გარეთ რომ გამოვედი, ქუჩაში კვამლი იდგა. ფილარმონიასთან, კლუბ "დეჟავუს" წინ ახალგაზრდა სისხლის გუბეში ეგდო, სახე დამწვარი ჰქონდა, სხეული კი მთლიანად დაფლეთილი..." 4 სექტემბერს კლუბ "დეჟავუში" აფეთქებას 26 წლის გიგა გრიგალაშვილი ემსხვერპლა, ორი დაშავებული კი კლინიკაშია - ერთის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო მეორე, შემთხვევითი გამვლელი, რომელსაც თავის არე დაუზიანდა, კლინიკიდან უკვე გაწერეს.

არსებული ინფორმაციით, კლუბ "დეჟავუში" ხელოსნები კონდიციონერს აკეთებდნენ და, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ. თვითმხილველების თქმით, აფეთქებას იმდენად ძლიერი ხმა ჰქონდა, მეზობელ უბნებშიც გაიგონეს. "აქვე, სამკერვალო სალონში ვმუშაობ. იმდენად ძლიერი ხმა იყო, რამდენიმე წამით სმენა დაგვეხშო. გარეთ რომ გამოვედით, ფილარმონიასთან კოსტავას ქუჩის მონაკვეთი კვამლით იყო დაფარული. შემდეგ გავიგეთ, რომ აფეთქება მომხდარა", - გვითხრა იქვე მომუშავე ქალმა.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ჩაჩავას კლინიკის დაცვის თანამშრომელმა ნახა. ის ერთ-ერთი პირველი მივიდა ტრაგედიის ადგილას: "ისეთი ხმა იყო, ყველაფერი ზანზარებდა, მერე გარეთ გამოვედი, ქუჩაში კვამლი იდგა. ფილარმონიასთან, კლუბ "დეჟავუს" წინ ახალგაზრდა სისხლის გუბეში ეგდო, სახე დამწვარი ჰქონდა, სხეული კი მთლიანად დაფლეთილი. ერთი ვერსიით, მუშები კონდიციონერში ფრეონს ტვირთავდნენ, სხვებმა თქვეს, ამონტაჟებდნენო. მოგლეჯილი კონდიციონერიც იქვე ეგდო. სხვა დაშავებულები არ მინახავს, მერე =მითხრეს, მეორე ახალგაზრდაც იქვე, ცოტა მოშორებით ეგდოო, ერთი დაშავებული გამვლელი ყოფილა".

"აფეთქების შემდეგ საშინელი სუნი და კვამლი იდგა. მაშველები კარგა ხანს ვერ შევიდნენ შენობაში, იყო საშიშროება, რომ კიდევ მომხდარიყო აფეთქება. როგორც გავიგე, 3 საათით ადრე, სანამ აფეთქება მოხდებოდა, იმ ტერიტორიაზე საშინელი სუნი იდგა", - ამბობს იქვე მომუშავე მამაკაცი.

იმ დროს გზაზე ავტომანქანაც მიდიოდა, რომელსაც აფეთქების ხმაზე ბალიშები გაეხსნა და მანქანამ სვლა შეწყვიტა. ავტომანქანაში ორ გოგონა იჯდა. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს გავესაუბრეთ:

- როგორც კი ჩავიარეთ იმ ტერიტორიაზე, უცებ საშინელი ხმა გაისმა და რადგან ჩვენი მანქანის აირავზი გაიხსნა, მეგონა, ავარია მოგვიხდა. ბალიშების გახსნა და აფეთქების ხმა ერთდროულად მოხდა, პატარა მანქანაა და ოდნავ ჰაერშიც აიწია. მინები ჩაწეული რომ არ გვქონოდა, შეიძლება უფრო დავშავებულიყავით. ტრაგედიის ადგილისკენ არც გამიხედავს, არ მინდოდა მძიმე სურათის დანახვა".

გარდაცვლილი გიგა გრიგალაშვილი ბორჯომელია. ის და მისი თანამშრომლები კლუბ "დეჟავუში" კონდიციონერს ამონტაჟებდნენ და სწორედ ამ დროს აფეთქდა ბალონი.

ხათუნა ნოზაძე, გრიგალაშვილების ოჯახის ახლობელი: "როცა ტელევიზიით შემთხვევის ადგილის ვიდეოფირი გავრცელდა, მაშინ დაინახეს გიგას ოჯახის წევრებმა მისი ავტომანქანა. მას მერე ყველგან ეძებდნენ, მაგრამ ვერსად პოულობდნენ. გიგას მამიდამ დამირეკა, გიგა დაჭრილებში არ არის, მისი ძმაკაცები კი დაჭრილი არიანო. ჩემგან გაიგო ნინომ, რომ მისი ძმისშვილი ცოცხალი აღარ იყო. დეტალურად არ ვიცით, რა მოხდა, იმედია, გაირკვევა, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია დედისთვის, რომელმაც შვილი დაკარგა".

ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ. გამოძიება გრძელდება.