მირიან ნიკოლაძე: "მიდით, გაათეთრეთ მკვლელები, ამ ჩანაწერის შემდეგ როგორღა უნდა ამოიღოთ ხმა?!" - კვირის პალიტრა

მირიან ნიკოლაძე: "მიდით, გაათეთრეთ მკვლელები, ამ ჩანაწერის შემდეგ როგორღა უნდა ამოიღოთ ხმა?!"

მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა ინტენსიურად მიმდინარეობს. სულ 17 პირია პასუხისგებაში მიცემული, მათგან 5 ბრალდებულს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. ასევე მიმდინარეობს აგარაკზე მომხდარი ინციდენტის გამოძიება, რა დროსაც დაშავდნენ ვახტანგ ჩიქოვანი და ნ.ხ. სწორედ ამიტომ საქმეში ახალი მუხლები გაჩნდა, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. პროკურატურამ საქმე აღძრა ცრუჩვენებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის დაფარვის ფაქტებზეც. ე.წ. საბურთალოელებს: ირაკლი წაქაძეს, საბა ჩხარტიშვილსა და საბა გოგშელიძეს გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასაც ედავება.

ჩვენი ინფორმაციით, პროკურატურამ უკვე მიიღო ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც დადგენილია, რომ "ტოიოტა ქამრიში" მხოლოდ ვასილ მახარაძე დარჩა, დანარჩენები კი გიორგი შაქარაშვილს გაეკიდნენ.

ექსპერტიზის პასუხები

პროკურატურამ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კომპლექსური დასკვნის შედეგებიც გაასაჯაროვა. დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის თავზე არსებული დაზიანებები ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა გადაადგილების შესაძლებლობას. ასევე მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა გადაადგილების შეზღუდვას. დადგენილია ისიც, რომ გიორგი შაქარაშვილის დაზიანებები სიკვდილისწინა ახლო პერიოდშია მიყენებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10-დან 20 წუთის ფარგლებში. ასევე, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.

ბრალდებულის სკანდალური თანამესაკნე

გასულ კვირას კიდევ ერთი სკანდალური ჩვენება გამოჩნდა. ამჯერად საქმე ეხება ბრალდებულ კობა ჩიტიძეს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის ყოფილი თანამესაკნეა. გამოძიების მტკიცებით, ნიკოლოზ რევაზიშვილმა არჩილ გაგნიძესთან ერთად მოუჭრა გზა გიორგი შაქარაშვილს და ის ალყაში მოაქციეს.

როგორც ირკვევა, ჩიტიძემ სახალხო დამცველის აპარატს აცნობა, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება სურდა გამოძიებისთვის, რის შემდეგაც ის დაჰკითხეს. როგორც ჩიტიძე ამბობს, ნიკოლოზ რევაზიშვილმა უამბო, რა მოხდა 19 ივნისს მცხეთის მაგისტრალზე (სტილი დაცულია): "ავედით ცენტრალურ გზაზე და არაგვის ხიდთან დავინახეთ 3-4 ბიჭი. მათ დანახვაზე ვახტანგ ჩიქოვანმა იყვირა, ესენი არიან, ამათი დედაო... მძღოლის გარდა, ყველანი გადავედით მანქანიდან და გავიქეცით იმ ბიჭებისკენო. ისინი ჩვენს დანახვაზე ხიდის ქვემო ჩასასვლელისკენ გაიქცნენო. იმ ადგილს რომ მივუახლოვდით, შევამჩნიე, რომ ერთი ბიჭი იქვე ბუჩქებში იმალებოდა და მე ამ ბიჭთან დავრჩი. დევნის დროს ერთი ბიჭი არაგვის ხიდის ქვეშ გამავალი გზისკენ გაიქცა, მას მიჰყვნენ აჩო გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ და თქვეს, დედა მო... ამის შემდეგ ჩავსხედით მანქანაში, ძალით ჩავსვით ამირხანაშვილი, თუმცა არ გვიცემია... შემდეგ რევაზიშვილი მოჰყვა, =დავეწიეთ იმ ბიჭს, ჯერ ხელისგულები დავარტყი ორივე თვალის მიდამოში და თავი ჩავარტყი სახეში, შემდეგ მუშტი ჩავარტყი და ტუჩი გაუსკდაო. ამის შემდეგ ბიჭი წაიქცა და ვახტანგ ჩიქოვანმა, ზ.ხ.-მ და ა.ქ.-მ და მე წიხლები ვურტყითო. აჩო გაგნიძეს უთქვამს, ცემის დროს ბიჭი გაგვექცა მდინარისკენო, უკან მიჰყოლიან ყველანი და ამ დროს მდინარეში გადაგვივარდა ის ბიჭი... და დაიხრჩოო", - ნათქვამია ნიკა ჩიტიძის ჩვენებაში. იქ ასევე საუბარია ჩანთაზეც. ჩიტიძის ჩვენებიდან: "დევნის დროს ბიჭს დაუვარდა პატარა ჩანთა. ა.ქ.-მ ჩანთა იქვე არაგვის ხიდის ბეტონის საყრდენზე დადო, იფიქრებენ ჩანთის პატრონი გადახტაო. აჩო გაგნიძემ ისიც თქვა, ეს ამბავი რომ გაბაზრდეს, მთქმელს და მის ოჯახს დედას მ...ო, რაზეც ჩიქოვანმა დაამატა, რა უნდა გაბაზრდეს, ვინც ამას იტყვის, ზონაში ბოზის სახელი ექნებაო; აჩო გაგნიძეს ჩიქოვანისთვის უთქვამს, ხომ არ დავრჩით საბურთალოელებს ვალში, ხომ ავუღეთ აბაროტიო".

"ჩიტიძე თავისუფლების სანაცვლოდ "სამართალდამცავ" სისტემასთან დებს გარიგებას..."

ამ ჩვენების გავრცელებას წინ უსწრებდა ნიკოლოზ რევაზიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი. როგორც ჩანს, რევაზიშვილი ელოდებოდა, რომ ამ ინფორმაციას მისი თანამესაკნე გაავრცელებდა. "26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ გამოჰკითხა ჩემი თანამესაკნე კობა ჩიტიძე, რომელსაც თურმე არჩადენილი დანაშაულის შესახებ აღსარება ჩავაბარე. აგრეთვე, თურმე 50.000 ლარის სანაცვლოდ კობა ჩიტიძეს შევთავაზე მის თავზე აეღო გიორგის მკვლელობა. არა მგონია, ჩვენებაში მითითებული გარემოებები საღად მოაზროვნე ადამიანმა დაიჯეროს, თუმცა მთელმა საზოგადოებამ მინდა გაიგოს, თუ სადამდე მიდის ამ სისტემის ფანტაზიები. ახლა ვხვდები, სისტემამ რატომ აუკრძალა საზოგადოებას საქმეში ჩახედვა, იმიტომ, რომ არ ენახა კობა ჩიტიძე, რომელიც თავისუფლების სანაცვლოდ ეშმაკთან, ანუ ჩვენს "სამართალდამცავ" სისტემასთან დებს გარიგებას...".

ნიკა ჩიტიძის ჩვენებას აბსურდულს უწოდებს შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი. ის ვარაუდობს, რომ ამ გზით ჩიტიძე ცდილობს ითანამშრომლოს პროკურატურასთან და ამით ის ბრალი, რის გამოც დააკავეს, შეიმსუბუქოს.

ჩანთის ექსპერტიზა გრძელდება

"ჩანთაზე შერეული ტიპის დნმ-ი ამოვიდა. გაგნიძის დნმ არ ამოსულა. ეს ნიშნავს, რომ მათ შაქარაშვილის ჩანთასთან შეხება არ ჰქონიათ", - აცხადებს მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე. პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ჩანთის შუალედური დასკვნა მიიღეს. როგორც ამბობენ, ჩანთაზე ოთხი გენეტიკური პროფილია აღმოჩენილი, რომელთაგან ერთი თავად გიორგი შაქარაშვილს ეკუთვნის, მეორე - ჩანთის მფლობელს, რომლისგანაც გიორგიმ 18 ივნისს ჩანთა ითხოვა, მესამე - შაქარაშვილის ნათესავ ქალს, ხოლო მეოთხე პროფილის კვლევა გრძელდება. "ის გარემოება, რომ ჩანთაზე არ აღმოჩნდა მკვლელობაში ბრალდებულების დნმ-ი, არ ნიშნავს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილთან არ ჰქონდათ შეხება. არის შემთხვევები, როდესაც= შესაძლოა საგანზე გენეტიკური ნიმუში არ დარჩეს ხელის შეხებითაც კი. ამ ეტაპზე შედარებულია მხოლოდ 42 ობიექტი, თუმცა 100-ზე მეტი ობიექტია გადაგზავნილი და კვლავ მიმდინარეობს კვლევა. ყველა იმ პირის გენეტიკური პროფილია აღებული, ვინც კი შესაძლოა იმ ტერიტორიაზე მოხვედრილიყო, მათ შორის, გამომძიებლების, მაშველების, პოლიციელების, მეთევზეების, ფეხოსანი პატრულის. როგორც კი გვექნება დამატებითი ინფორმაცია, მედიას მივაწვდით", - ამბობს პროკურორი.

სკანდალური ჩანაწერი

ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საკნებში გაკეთებული ფარული ვიდეოჩანაწერი. მათ შორის არის დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს თანამესაკნესთან საუბარი. როგორც ხ.ზ. ამბობს, თუკი მას მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ, მამამისი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს გაუსწორდება. როგორც ამბობს, ის დანარჩენებს უყვიროდა, შაქარაშვილს შეშვებოდნენ, თუმცა ისინი არ გაჩერდნენ: "6 ხომ ვართ, 5-ს აქვს დამძიმებული, მეექვსესთან ერთად ვარ მე მაგ დროს, ზუსტად ერთი და იმავეს ვაკეთებთ, ვისაც მუხლი არა აქვს დამძიმებული, მივედით და უკან მანქანაში დავბრუნდით, მე მაქვს დამძიმებული და იმას არა, თვითონაც ამბობს, ზ.ხ. ჩემთან ერთად იყოო და, კაკიც იძახის, რომ ზ.ხ. ამასთან ერთად იყოო. აუ, მამაჩემი იმას დედის მ.... მე რომ "სროკი" მომცენ, ბიძა ხომ იცი, ბიძა, მაგას დედას მ... რის გამო და ტყუილუბრალოდ სროკი" რომ მომცენ... ყველა "გასროკეთო," მაგას იძახის და ამათმაც ეგ დაწერეს, რომ 5"ისროკებიან, თამაზა გაგიჟდება ბ...შვილი ვიყო. რეალურად, როგორ არ აინტერესებს მაგ... შენ ნახე, თუ მამაჩემი გლდანში არ მოიყვანონ. ღმერთმა დაიფაროს, მე რომ გამსროკონ, მამაჩემს ეგრევე გასროკავენ, თან კიდია, ნაომარია, სპეცრაზმში ნამყოფია. შენ ძმობას გეფიცები, თუ არ მეყვირა, შეეშვით, წამოდით-მეთქი, მაგრამ არ ჩერდებოდნენ", - ამბობს ზ.ხ.

გავრცელდა რევაზიშვილისა და სხვა ბრალდებულის ვიდეოჩანაწერებიც, რაც ძალიან საყურადღებოა.

ფარულ ჩანაწერებზე გენერალურმა პროკურატურამაც გააკეთა განმარტება და დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიოჩანაწერები უკვე გადაეცათ ადვოკატებს: თეიმურაზ მაისურაძეს, ვასილ მამულაშვილს, ზურაბ ნადირაშვილს, გიორგი გელხაურსა და მევლუდ ჩოფლიანს.

"ძნელია შვილის მკვლელებს უყურო პროცესზე"

მირიან ნიკოლაძე:

- დადგინდა რომ ცხედარი წყალში 3-4 დღეს იყო. ეს ნიშნავს, რომ ის არასერიოზული მოსაზრებები, რასაც ავრცელებდნენ, თითქოს კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვი დაჰყავდათ აქეთ-იქით და შემდეგ გადააგდეს, აბსურდია.

ექსპერტიზით ისიც დადგინდა, რომ მიყენებული დაზიანებებით შესაძლებელი იყო გიორგის შეზღუდული ჰქონოდა გადაადგილების შესაძლებლობა. ამით დასტურდება, რომ ბრალდებულებმა ბავშვი წყალში გადააგდეს და დაახრჩვეს. უფრო ზუსტად განისაზღვრა სიკვდილის დროც - ბავშვი 10-დან 20 წუთამდე მონაკვეთშია გარდაცვლილი. აბსოლუტურად თანხვედრაშია ექსპერტიზის პასუხები ბრალდების მტკიცებულებებთან.

- რევაზიშვილის თანამოსაკნე ჩიტიძის ჩვენება თქვენთვის სარწმუნოა? - ვიცი, რომ პროკურატურამ გადაამოწმა მისი სარწმუნოობა, რამდენად არსებობდა ურთიერთსანდოობის ფაქტორი, რომ ასე გახსნილიყო მასთან რევაზიშვილი და ასეთი დეტალები მოეყოლა. როგორც აღმოჩნდა, პროკურატურამ გაამაგრა ჩვენება, როგორც მტკიცებულება. თუმცა ირიბ მტკიცებულებას რამდენად გაიზიარებს სასამართლო, ეს პროცესზე გამოჩნდება.

- შესაძლოა ადვოკატებმა თქვან, რომ ჩიტიძე აგენტია. - ეს აზრს მოკლებულია. მისი მონათხრობის მიხედვით, გიორგი ცემის შემდგომ გაექცათ და წყალში ჩავარდა. თუ შენი აგენტია, დაელოდები ექსპერტიზის დასკვნას და მერე შეადგენ ჩვენებას დასკვნის მიხედვით.

- გიორგის ჩანთაზე არც ერთი ბრალდებულის ანაბეჭდი რომ არ აღმოჩნდა, ამაზე რას იტყვით? - გენეტიკური ექსპერტიზა სპეციფიკურია. შეიძლება დიქტოფონი მთელი დღე გეჭიროს ხელში, საღამოს ვიღაცისგან აიღო ინტერვიუ, მისი ნერწყვის შხეფი მოხვდეს და ექსპერტიზით შეიძლება შენი გენეტიკური კვალი არ ამოვიდეს, მაგრამ მისი ამოვიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიკროფონი არ გჭერიათ? თან ყველა ხომ არ მოჰკიდებდა გიორგის ჩანთას ხელს. არც ის არის გამორიცხული, დამდების კვალი არ ამოვიდეს. როგორც ვიცი, დამატებით აიღეს ვიღაცების ნიმუშები და ისევ გაგზავნეს ექსპერტიზაზე.

- დღემდე არც ერთი ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს.

- პირიქით, აქეთ გვიტევენ და გვლანძღავენ. შვილმკვდარ ოჯახს შეურაცხყოფენ. ჩვენ მხოლოდ სიმართლე გვაინტერესებს.

- ოჯახის წევრები აპირებენ პროცესებზე სიარულს? - არა, მხოლოდ დაკითხვების დროს მივლენ. ძალიან ძნელია შენი შვილის მკვლელებს უყურო. სამწუხაროა, რომ არც ერთის ოჯახი სინანულს არ გამოხატავს, თავის დაძვრენის მიზნით ყველაფერს კადრულობენ.

- გლდანის ციხეში ჩაწერილი ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა. სკანდალური მასალაა, მით უმეტეს, როცა არც ერთი ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. - მე გადავამოწმე ინფორმაცია - ეს იყო ოფიციალური, სასამართლო განჩინებების საფუძველზე გაკეთებული მოსმენა. ეს ჩანაწერები დევს საქმის იმ ტომებში და მათი გასაჯაროება აეკრძალა მხარეებს. თქვენ მოუსმინეთ და ნახეთ, მათი საუბარი. ბრალდებული ზ.ხ. აცხადებს, რომ ის დანარჩენებს სთხოვდა, თითქოს გიორგი შაქარაშვილს შეშვებოდნენ. საკანში ამას იმიტომ მოჰყვა, რომ მას მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და, ბუნებრივია, უდანაშაულო ბავშვის მოკვლისთვის იქაც მოსთხოვენ პასუხს. თვითონვე ამბობს, რამდენი ვეხვეწე და შაქარაშვილს ვერ მოვაცილე, მაინც გააგრძელეს ცემაო. თუ ხედავდა, სცემდნენ, თვითონაც იქ ყოფილა, ხომ? თქვენ ნახეთ, რა აგრესიული არიან ბრალდებულები, როგორ გეგმავენ მოწმეებზე ზეწოლას... მოწმეებზე კი არა, ქალებზე, ბავშვებზე, ოჯახის წევრებზეა საუბარი. ესენი ყველაფერზე წავლენ. ის მოზარდი კი მამამისზე უარესია, ის ყველას პირდაპირ ამხელს. თანამესაკნეებს ატყუებს, რადგან უდანაშაულო ბავშვის მოკვლისთვის ცხვირ-პირს გაუნგრევენ საკანში. როგორც ვიცი, ექსპერტიზით ისიც დადგინდა, რომ ვასილ მახარაძე მარტო ბრუნდება და ჯდება მანქანაში. ვინც ბავშვებს გაეკიდა, უკან არც ერთი არ დაბრუნებულა. თვითონვე ადასტურებს, ვეხვეწე, შეეშვითო. როდის ეხვეწა, მანქანაში იჯდა და არაგვის პირზე ეხვეწა, წამოდითო? რევაზიშვილის აგრესიაც ხომ ნახეთ? მე იმის მეშინოდა, ჩვენი დნმ-ი არ ამოსულიყო ჩანთაზე, თორემ პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა და აღარაფერი გვეშველებოდაო. ახლაც დაიმართონ ისტერიკა, რომ უდანაშაულო" ანგელოზები სხედან ციხეში.

მიდით, გაათეთრეთ მკვლელები, ამ ჩანაწერის შემდეგ როგორღა უნდა ამოიღოთ ხმა?! ამაზე მეტი აღიარება რა უნდათ?! ეს არის ამ ყველაფრის კიდევ ერთი ლუსტრაცია. ისინი საკადრისად დაისჯებიან.