"ძნელია შვილის მკვლელებს უყურო პროცესზე" - კვირის პალიტრა

"ძნელია შვილის მკვლელებს უყურო პროცესზე"

მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა ინტენსიურად მიმდინარეობს. სულ 17 პირია პასუხისგებაში მიცემული, მათგან 5 ბრალდებულს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. ასევე მიმდინარეობს აგარაკზე მომხდარი ინციდენტის გამოძიება, რა დროსაც დაშავდნენ ვახტანგ ჩიქოვანი და ნ.ხ. სწორედ ამიტომ საქმეში ახალი მუხლები გაჩნდა, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. პროკურატურამ საქმე აღძრა ცრუჩვენებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის დაფარვის ფაქტებზეც. ე.წ. საბურთალოელებს: ირაკლი წაქაძეს, საბა ჩხარტიშვილსა და საბა გოგშელიძეს გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასაც ედავება.

ჩვენი ინფორმაციით, პროკურატურამ უკვე მიიღო ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, სადაც დადგენილია, რომ "ტოიოტა ქამრიში" მხოლოდ ვასილ მახარაძე დარჩა, დანარჩენები კი გიორგი შაქარაშვილს გაეკიდნენ.

ექსპერტიზის პასუხები

პროკურატურამ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კომპლექსური დასკვნის შედეგებიც გაასაჯაროვა. დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის თავზე არსებული დაზიანებები ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით,

გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა გადაადგილების შესაძლებლობას. ასევე მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა გადაადგილების შეზღუდვას. დადგენილია ისიც, რომ გიორგი შაქარაშვილის დაზიანებები სიკვდილისწინა ახლო პერიოდშია მიყენებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10-დან 20 წუთის ფარგლებში. ასევე, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.

სკანდალური ჩანაწერი

ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საკნებში გაკეთებული ფარული ვიდეოჩანაწერი. მათ შორის არის დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს თანამესაკნესთან საუბარი. როგორც ხ.ზ. ამბობს, თუკი მას მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ, მამამისი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს გაუსწორდება. როგორც ამბობს, ის დანარჩენებს უყვიროდა, შაქარაშვილს შეშვებოდნენ, თუმცა ისინი არ გაჩერდნენ: "6 ხომ ვართ, 5-ს აქვს დამძიმებული, მეექვსესთან ერთად ვარ მე მაგ დროს, ზუსტად ერთი და იმავეს ვაკეთებთ, ვისაც მუხლი არა აქვს დამძიმებული, მივედით და უკან მანქანაში დავბრუნდით, მე მაქვს დამძიმებული და იმას არა, თვითონაც ამბობს, ზ.ხ. ჩემთან ერთად იყოო და, კაკიც იძახის, რომ ზ.ხ. ამასთან ერთად იყოო. აუ, მამაჩემი იმას დედის მ.... მე რომ "სროკი" მომცენ, ბიძა ხომ იცი, ბიძა, მაგას დედას მ... რის გამო და ტყუილუბრალოდ სროკი" რომ მომცენ... ყველა "გასროკეთო," მაგას იძახის და ამათმაც ეგ დაწერეს, რომ 5"ისროკებიან, თამაზა გაგიჟდება ბ...შვილი ვიყო. რეალურად, როგორ არ აინტერესებს მაგ... შენ ნახე, თუ მამაჩემი გლდანში არ მოიყვანონ. ღმერთმა დაიფაროს, მე რომ გამსროკონ, მამაჩემს ეგრევე გასროკავენ, თან კიდია, ნაომარია, სპეცრაზმში ნამყოფია. შენ ძმობას გეფიცები, თუ არ მეყვირა, შეეშვით, წამოდით-მეთქი, მაგრამ არ ჩერდებოდნენ", - ამბობს ზ.ხ.

გავრცელდა რევაზიშვილისა და სხვა ბრალდებულის ვიდეოჩანაწერებიც, რაც ძალიან საყურადღებოა.

ფარულ ჩანაწერებზე გენერალურმა პროკურატურამაც გააკეთა განმარტება და დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიოჩანაწერები უკვე გადაეცათ ადვოკატებს: თეიმურაზ მაისურაძეს, ვასილ მამულაშვილს, ზურაბ ნადირაშვილს, გიორგი გელხაურსა და მევლუდ ჩოფლიანს.

"ძნელია შვილის მკვლელებს უყურო პროცესზე"

მირიან ნიკოლაძე, გიორგი შაქარაშვილის ბიძა:

- დადგინდა რომ ცხედარი წყალში 3-4 დღეს იყო. ეს ნიშნავს, რომ ის არასერიოზული მოსაზრებები, რასაც ავრცელებდნენ, თითქოს კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვი დაჰყავდათ აქეთ-იქით და შემდეგ გადააგდეს, აბსურდია.

ექსპერტიზით ისიც დადგინდა, რომ მიყენებული დაზიანებებით შესაძლებელი იყო გიორგის შეზღუდული ჰქონოდა გადაადგილების შესაძლებლობა. ამით დასტურდება, რომ ბრალდებულებმა ბავშვი წყალში გადააგდეს და დაახრჩვეს. უფრო ზუსტად განისაზღვრა სიკვდილის დროც - ბავშვი 10-დან 20 წუთამდე მონაკვეთშია გარდაცვლილი. აბსოლუტურად თანხვედრაშია ექსპერტიზის პასუხები ბრალდების მტკიცებულებებთან.

- რევაზიშვილის თანამოსაკნე ჩიტიძის ჩვენება თქვენთვის სარწმუნოა?

- ვიცი, რომ პროკურატურამ გადაამოწმა მისი სარწმუნოობა, რამდენად არსებობდა ურთიერთსანდოობის ფაქტორი, რომ ასე გახსნილიყო მასთან რევაზიშვილი და ასეთი დეტალები მოეყოლა. როგორც აღმოჩნდა, პროკურატურამ გაამაგრა ჩვენება, როგორც მტკიცებულება. თუმცა ირიბ მტკიცებულებას რამდენად გაიზიარებს სასამართლო, ეს პროცესზე გამოჩნდება.

- შესაძლოა ადვოკატებმა თქვან, რომ ჩიტიძე აგენტია.

- ეს აზრს მოკლებულია. მისი მონათხრობის მიხედვით, გიორგი ცემის შემდგომ გაექცათ და წყალში ჩავარდა. თუ შენი აგენტია, დაელოდები ექსპერტიზის დასკვნას და მერე შეადგენ ჩვენებას დასკვნის მიხედვით.

- გიორგის ჩანთაზე არც ერთი ბრალდებულის ანაბეჭდი რომ არ აღმოჩნდა, ამაზე რას იტყვით?

- გენეტიკური ექსპერტიზა სპეციფიკურია. შეიძლება დიქტოფონი მთელი დღე გეჭიროს ხელში, საღამოს ვიღაცისგან აიღო ინტერვიუ, მისი ნერწყვის შხეფი მოხვდეს და ექსპერტიზით შეიძლება შენი გენეტიკური კვალი არ ამოვიდეს, მაგრამ მისი ამოვიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიკროფონი არ გჭერიათ? თან ყველა ხომ არ მოჰკიდებდა გიორგის ჩანთას ხელს. არც ის არის გამორიცხული, დამდების კვალი არ ამოვიდეს. როგორც ვიცი, დამატებით აიღეს ვიღაცების ნიმუშები და ისევ გაგზავნეს ექსპერტიზაზე.

- დღემდე არც ერთი ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს.

- პირიქით, აქეთ გვიტევენ და გვლანძღავენ. შვილმკვდარ ოჯახს შეურაცხყოფენ. ჩვენ მხოლოდ სიმართლე გვაინტერესებს. გაგრძელება