"ისე დამ­შორ­და, მი­ზე­ზი არა­ფე­რი უთ­ქვამს" - თამარ ბაჩალიაშვილის ყოფილი შეყვარებულის ჩვენების ექსკლუზიური დეტალები - კვირის პალიტრა

"ისე დამ­შორ­და, მი­ზე­ზი არა­ფე­რი უთ­ქვამს" - თამარ ბაჩალიაშვილის ყოფილი შეყვარებულის ჩვენების ექსკლუზიური დეტალები

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის მასალებს პერმეანენტულად აქვეყნებს, მაინც ყველაფერი ისევ ბურუსით არის მოცული. ambebi.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა 23 წლის თემურ ჭანუყვაძის ჩვენება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.

თემურ ჭანუყვაძე ჩვენებაშიც ადასტურებს, რომ ის ნამდვილდა იყო თამუნას შეყვარებული და ამბობს, რომ ერთმანეთს ერთი წლის წინ დაშორდნენ. აღნიშნულ ინფორმაცია გაავრცელა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმაც:

"თემურ ჭანუყვაძე იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში. ის უაღრესად კარგი პიროვნებაა, ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თამუნა და თემური ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ თამუნამ კარიერა აირჩია. არსებობს ალბომი, სადაც მათი ერთად გადაღებული ფოტოებიც არის, ბაჩანასა და სამსახურის უფროსისგან განსხვავებით, ვისაც ტყუილად აბრალებენ, რომ თამუნას მოსწონდა. წავიკითხე ბატონი თემურის ჩვენება და ის ნამდვილად ღირსეულად მოიხსენიებს თამუნას თავის ჩვენებაში".

თემურ ჭანუყვაძე ჟურნალისტებთან კონტაქტზე არ გამოდის. გთავაზობთ მისი ჩვენების ფრაგმენტებს:

"ვცხოვრობ ზემო აღნიშნულ მისამართზე ქირით, მარტო. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე (ქართულ-ფრანგული), მე-3 კურსზე. დაახლოებით ერთი წელია ვმუშაობ შპს "ალფა სოფთ ვეარში", ვარ პროგრამისტი. უნივერსიტეტში, ანალოგიურ ფაკულტეტზე თამარზე ერთი კურსით დაბლა ვსწავლობდი და ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. როგორც მახსოვს, 2016 წლის სექტემბრის თვეში ვნახეთ პირველად ერთმანეთი და მალე დავმეგობრდით. ჩვენ ბევრი საერთო საგანი გვქონდა და სპეციალურად ვირჩევდით ერთნაირ საგნებს, რომ ერთად მოვხვედრილიყავით ლექციებზე. გაცნობიდან რამდენიმე თვეში, ჩვენ ერთმანეთის მიმართ გრძნობები გაგვიჩნდა. 2017 წლის მარტიდან დავიწყეთ უფრო ხშირი კონტაქტი. მახსოვს, 2017 წლის მარტის თვეში თამუნას გავყევი დიდუბეში ექიმთან, საიდანაც გამოსულებმა ვისეირნეთ. თამუნა მუშაობდა შპს "ზეგში" პროგრამისტად, წერდა პროგრამებს, ახდენდა ძველი პროგრამების ახლით ჩანაცვლებას და ა.შ. თამარი ხშირად მომმართავდა ხოლმე პროგრამირებისას პატარ-პატარა შეკითხვებით, რაშიც რაც შემეძლო, ვეხმარებოდი, თუმცა რაც ეხება მთლიანად სურათს, რას აკეთებდა არ ვიცოდი, რადგან აღნიშნულზე არ საუბრობდა, არ მეუბნებოდა. მისგან ვიცოდი, რომ აღნიშნული სამსახური იყო მისთვის პირველი და ძალიან უჭირდა მუშაობა. იმასაც ამბობდა, - სამსახურში ცუდი გარემოაო, თუმცა რასაც მიღწერდა, ცუდ გარემოებაზე არ მიუთითებდა.

ვფიქრობდი, რომ ეს უფრო პირველ სამსახურთან დაკავშირებულ ნერვიულობასთან იყო დაკავშირებული. დროთა განმავლობაში თამუნა სამსახურს შეეჩვია, უფრო გააქტიურდა. მას სამსახურმა ლეპტოპი "მაკპრო", ანუ პროფესიონალი შეუძინა და სამსახურებრივი საქმიანობისთვის გადასცა, თუმცა თამუნას მისი ტარება ყველგან შეეძლო, ანუ სამსახურის გარეთაც. აქვე დავაკონკრეტებ, რომ სამსახურზე ბევრს არ საუბრობდა. მისი სამსახური მდებარეობდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე #15-ში. მისთვის ხშირად მიმიკითახავს სამსახურთან, თუმცა სამსახურში არასდროს შევსულვარ, გარეთ ველოდებოდი და ტრანსპორტამდე ვაცილებდი. დავაკონკრეტებ, რომ სამსახურში შესვლაზე თავადაც არასოდეს უთქვამს რაიმე, პირიქით, სულ იმას ამბობდა, რომ აქამდე ნუ მაცილებ, უხერხულიაო.

ჩვენი ურთიერთობის მანძილზე მე და თამუნა სამსახურის მიმდებარედ გავდიოდით ხოლმე სასეირნოდ და ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე, თუმცა სამსახურზე - არასდროს. საუბრისას მას არასდროს უთქვამს, რომ სახლში, ან სამსახურში რაიმე პრობლემა ჰქონდა. ზოგადად ამბობდა ხოლმე, მაგ. როცა გამოცდა ჰქონდა ჩასაბარებელი, ამაზე ნერვიულობდა, ან სამსახურში თუ რამე საქმე ჰქონდა დასამთავრებელი - იმაზე. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც დეტალებზე არ საუბრობდა.

სულ ვცდილობდი გამერკვია, რამე პრობლემა ჰქონდა თუ არა, რათა დავხმარებოდი, თუმცა არასდროს საუბრობდა სერიოზულ პრობლემებზე და შთაბეჭდილებას მიქმნიდა, რომ იყო უპრობლემო და ცოტა ჩაკეტილი. 2018 წლის იანვრის თვეში თამუნამ უნივერსიტეტში მოიგო კონკურსი და საფრანგეთში 6 თვით გაცვლითი პროგრამით წავიდა სასწავლებლად. როგორც მახსოვს, ის 2018 წლის 11 იანვარს გაფრინდა. საფრანგეთში მისი ყოფნის პირველ პერიოდში, თავიდან უფრო ხშირად ვწერდით ერთმანეთს "ფეისბუკზე" და "ვოთსაფზე", თუმცა შემდეგ შევამცირეთ კონტაქტი, რადგან მანძილმა მაინც იმოქმედა. როდესაც თამუნა საფრანგეთიდან ჩამოვიდა, მის დაბადების დღეს, 19 ივნისს სამსახურთან მივაკითხე, მივულოცე და როგორც მახსოვს, ვაჩუქე "სამსუნგის" ფირმის მობილური. იმ დღეს თამუნა დაბადების დღეს სახლში აღნიშნავდა, ამიტომ მობილური ვაჩუქე და სახლში დავბრუნდი.

ჩემმა ოჯახმა ამ ურთიერთობის შესახებ იცოდა და ამის თაობაზე თამუნასათვის ცნობილი იყო, რადგან ხშირად მითქვამს მისთვის - დედაჩემმა და ჩემმა დამ მოგიკითხა-თქო. უფრო ჩემი და კითხულობდა ხოლმე. რაც შეეხება მეგობრებს, ძირითადად, ჩვენს საერთო ნაცნობებს ვიცნობდით. თამუნას უნივერსიტეტის გარეშე მეგობრებიდან მხოლოდ დეა კაპანაძეს ვიცნობდი, რომელთანაც მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა. 2019 წლის იანვრის თვეში, თამუნა მეორედ წავიდა საფრანგეთში გაცვლითი პროგრამით. ამ შემთხვევაშიც ერთმანეთთან თავიდან უფრო ხშირი მიმოწერა გვქონდა, თუმცა შემდეგ ისევ გაცივდა ჩვენი ურთიერთობა.

2019 წლის თებერვალში, მის სანახავად საფრანგეთში გადავწყვიტე წასვლა. თავიდან სიურპრიზის გაკეთება მინდოდა, მაგრამ შემდეგ მაინც ვუთხარი და ისე ჩავაკითხე ოთხი დღით. ეს ოთხი დღე თითქმის სულ ფეხით დავდიოდით, ლამის მთელი პარიზი შემომატარა და დამათვალიერებინა. თამუნა ძალიან გახარებული იყო ჩემი ჩასვლით, მხიარულ ხასიათზე იყო. ბოლო დღეს მახსოვს, პარიზის გარეუბანში ვიყავით გასული, სადაც ადგილობრივ ტრანსპორტში ავედით. არ ვიცოდით, რომ ბილეთები თურმე ასვლამდე უნდა გვეყიდა, ტრანსპორტში პოლიციამ შეგვამოწმა და ორივე ერთად ჯამში 70 ევროთი დაგვაჯარიმა. ვცდილობდით პოლიციელისთვის აგვეხსნა, რომ გვეგონა ბილეთს ტრანსპორტში შევიძენდით, თუმცა ამ დაჯარიმების გამო თამუნა ისე განერვიულდა, ახსნა-განმარტება შევწყვიტე და თავად გადავიხადე ჯარიმა, რადგან, როგორც გითხარით, არ მინდოდა ენერვიულა.

თამუნა მის დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა საფრანგეთიდან, თუმცა ჩემთან კომუნიკაციას თავს არიდებდა, ჩემს მიწერილსაც ცივად პასუხობდა და ჩავთვალე, რომ პარიზში ყოფნისას ჩემთან ურთიერთობა არ მოეწონა და ამ ურთიერთობის დასრულება უნდოდა. რაღაც პერიოდში გავწყვიტე კონტაქტი, მაგრამ ივლისის თვეში მაინც მივწერე - თუ ვშორდებით, ნორმალურად მაინც დავშორდეთ, მოდი, შევხვდეთ და ვილაპარაკოთ-თქო. როგორც მახსოვს, იმ პერიოდში უნივერსიტეტში პროექტების პრეზენტაცია ხდებოდა და იქ დავგეგმეთ შევხვედროდით და გველაპარაკა. მე პირველი მივედი და როდესაც თამუნა მოვიდა, ვილაპარაკეთ. ვეკითხებოდი, მითხარი, რა ხდება, იქნებ შეგვიძლია გამოვასწოროთ-მეთქი. ის პირდაპირ პასუხებს არ მეუბნებოდა, თუმცა ვხვდებოდი, რომ აღარ სურდა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება. მინდოდა გამერკვია ჩვენი ურთიერთობა, რადგან არ მინდოდა, დავშორებულიყავით. პირდაპირ არ მეუბნებოდა, მაგრამ საუბრით მიმახვედრა, რომ დაშორება უნდოდა, ვამჯობინე და პირდაპირ ვუთხარი - დავშორდეთ-თქო. ისიც დამთანხმდა, თუმცა ისე დამთანხმდა და დამშორდა, მიზეზი არაფერი უთქვამს. დაშორების შემდეგ მან მაისური მაჩუქა და მითხრა, ეს პარიზში შენთვის ვიყიდე და შენ გქონდესო. აღნიშნულის შემდეგ, 2019 წლის ივლისის თვიდან მე მასთან კონტაქტი აღარ მქონია და აღარც თავად შემხმიანებია. მასთან ყველანაირი მიმოწერა წაშლილი მაქვს როგორც კომპიუტერში, ისე - მობილურში"...

"კითხვაზე გიპასუხებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი იყო ძალიან განათლებული პიროვნება. ის იყო დამოუკიდებელი, ყველაფერს თავად უმკლავდებოდა და არ უყვარდა სხვები რომ ერეოდნენ მის საქმეში. ჩემთან ურთიერთობაში ის იყო გახსნილი, თუმცა ყველა დეტალს არ ყვებოდა, არ წვრილმანდებოდა, ზოგადად საუბრობდა თავის პრობლემებზე, რომლებზეც ზემოთაც აღვნიშნე". გაგრძელება