შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულმა ვერონიკა არონიამ საპატიმრო დატოვა - კვირის პალიტრა

შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულმა ვერონიკა არონიამ საპატიმრო დატოვა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულმა ვერონიკა არონიამ პენიტენციური დაწესებულება 2500-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში არონიას ადვოკატმა ანა ჟღენტმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გირაოს თანხა ნათესავმა, ბანკიდან გამოტანილი სესხით გადაუხადა.

ვერონიკა არონიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღინისძიების სახით 2500-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას, დაცვის მხარე კი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ვერონიკა არონიამ გამოძიება შეცდომაში შეიყვანა და გამოძიების წინაშე სამჯერ გამოკითხვისას მოჰყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი. უწყების ცნობითვე, საკმაოდ დიდი რესურსი დასჭირდა გამოძიებას იმისთვის, რომ გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია.

საქმე ეხება ვერონიკა არონიას განცხადებას, რომ 15 ივლისს, ვარკეთილში, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ 4 პირის საუბარს შეესწრო, რომელიც შაქარაშვილის საქმეს შეეხებოდა. პროკურატურის შეფასებით, აღნიშნულმა მოქალაქემ ცრუ ინფორმაცია საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენის და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"