"არ გამოვრიცხავ, რომ გოგონას ხელში აღმოჩნდა მაკომპრომეტირებელი მასალები და ვიღაც გავიდა ამ მასალების შესაძენად" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, რომ გოგონას ხელში აღმოჩნდა მაკომპრომეტირებელი მასალები და ვიღაც გავიდა ამ მასალების შესაძენად"

"მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა, ორივე შემთხვევაში ეს ფაქტი უკავშირდება ინფორმაციული ნაკადის ფლობას, რაც ვიღაცის ინტერესს აზიანებდა. მიღებული პრაქტიკაა, როდესაც არჩევნები მოდის, ყველაზე კარგად კომპრომატები მუშაობს..."

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი დავით კუხალაშვილი:

- უპირველესად მინდა ვთქვა, რომ ჭირისუფალი ხშირად შეჰყავთ შეცდომაში და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებინებენ. ვინც ამას უწევს ორგანიზებას, საყურადღებო უნდა იყოს სპეცსამსახურებისთვის. ქალბატონი თეონას განცხადებას ჩვენი მეზობელი ქვეყნების სადაზვერვო ქმედებების გააქტიურება მოჰყვა ჩვენი სახელმწიფოს კომპრომეტირებისთვის (იარაღის შეძენის შესახებ განცხადებას ვგულისხმობ).

დიდი ალბათობით, ამას არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლები აკეთებენ, შესაძლებელია მიზანმიმართულადაც და არ გამოვრიცხავ, წინასაარჩევნოდ ამას პოლიტიკური სარჩულიც ჰქონდეს. მეზობელმა სახელმწიფოებმა ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ სოციალური სივრცე და დიპლომატიური არხებიც გამოიყენეს. მინდა მჯეროდეს და მჯერა კიდეც, რომ ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

- რა მოცემულობაც გვაქვს ბაჩალიაშვილის საქმეში, რას იტყვით, რასთან გვაქვს საქმე? - მკვლელობაა თუ თვითმკვლელობა, ორივე შემთხვევაში ეს ფაქტი უკავშირდება ინფორმაციული ნაკადის ფლობას, რაც ვიღაცის ინტერესს აზიანებდა. მიღებული პრაქტიკაა, როდესაც არჩევნები მოდის, ყველაზე კარგად კომპრომატები მუშაობს. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ გოგონას ხელში ჩაუვარდა სხვადასხვა სახის მაკომპრომეტირებელი მასალა. არ არის გამორიცხული, ვიღაც გავიდა ამ მასალების შესაძენად და ამას მოჰყვა ყველაფერი.

- სატელიტის ფოტოები, რომლის წყაროსაც ადვოკატი არ ასახელებს, შეიძლება რეალური იყოს? - თუ მართლაც არსებობს ასეთი მასალა, რატომ არ უნდა თანამშრომლობდე სახელმწიფო უწყებასთან? როგორც ითქვა, ინფორმაცია უცხო ქვეყნიდან არის მოწოდებული. თუ ის ადამიანი საფრთხეს ხედავს, შეუძლია თავშესაფარი მოითხოვოს, მაგრამ მისი პიროვნება იდენტიფიცირებული იქნება და სახელმწიფოსთან უნდა ითანამშრომლოს. ადვოკატიც და ოჯახიც ხომ დაინტერესებულია, საქმე გაიხსნას? ექსპერტიზაც ჩასატარებელია და დასადგენი, ავთენტურია თუ არა მასალა.

- ჯერ კითხვებზე პასუხები არ არის გაცემული... თქვენი ვერსია რა არის?

- ჩვენ ვისაუბრეთ მაკომპრომეტირებელ მასალებზე... პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მასალა დააგროვონ კონკურენტ პარტიებზე, ოპონენტებზე. ანალოგიური მეთოდით მოიპოვებენ ინფორმაციულ ნაკადს უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებიც, რათა შემდეგ პოლიტიკური პარტიები თუ ლიდერები გადაიბირონ და თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენონ. უცხო ქვეყნების დაზვერვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს უშუალოდ პოლიტიკური პარტიების მიერ ასეთი მონაცემების შეკრება. ამის ნიშნები არის და ეს უნდა გამორიცხოს გამოძიებამ, დაადგინოს, ეს მხოლოდ პარტიული ინტერესია თუ უცხო ქვეყნების ორგანიზებული ქმედება.

ჩემი ვერსიით, ეს ყველაფერი გოგონას საქმიანობას უკავშირდება. ის მაღალი დონის სპეციალისტი იყო, ბევრ ინფორმაციაზე წვდომა არ გაუჭირდებოდა. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და დაინტერესებული პირები ცდილობენ მის მიღებას. თქვენ ასრულებთ ვიღაცის შეკვეთას და იცით, რომ ის დანაშაულის შემცველი ქმედებაა. როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში იყო მშვიდად და არ გქონდეს დეპრესია?! დაუკვირდით ფსიქოლოგის ჩვენებაში ნათქვამ ფრაზას: "თამუნა ვერ გავხსენი~. ეს ნიშნავს, რომ მან ვერ მოუხსნა დეპრესიის ფონი. ოჯახიც ამბობს, რომ მათ შვილს რაღაც ინფორმაცია ჰქონდა. სავარაუდოდ, მათ კიდევ მეტი იციან. ამიტომაც აუცილებელია აბსოლუტურად ყველა მიმოწერის თუ სატელეფონო ზარის აღდგენა და რეალურ სურათსაც მაშინ მივიღებთ.