"სატელიტი დოკუმენტურად რომ ყოფილიყო დამტკიცებული, პროკურატურა ვერ აარიდებდა თავს" - კვირის პალიტრა

"სატელიტი დოკუმენტურად რომ ყოფილიყო დამტკიცებული, პროკურატურა ვერ აარიდებდა თავს"

"ის არგუმენტი, რომ 18 ივლისს მას სუს-ის სამი ავტომანქანა დაედევნა, ყურით მოთრეული მგონია. მათ რომ რამის გაკეთება ნდომოდათ, ერთი მანქანაც ეყოფოდათ, რაში სჭირდებოდათ სამი? ან ოპერაციას თუ გეგმავდნენ, სუს-ის მანქანებით არ დაფიქსირდებოდნენ, რადგან ნომრებით გაიშიფრებოდნენ..."

"ბევრი ფაქტორი მეტყველებს, რომ გოგონამ სიცოცხლე თავისი ნებით და ხელით დაამთავრა. შეიძლება იყოს მკვლელობაში ჩარევის პატარა ვარაუდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან მცირე, ნულოვანი თეორია არსებობს, რომ ეს სხვებმა და რაღაც მიზნით ჩაიდინეს. არა მგონია, გოგონა დიდ საიდუმლოს ფლობდა და ჰყავდა მტერი, რომელმაც ასე ვერაგულად მოუსწრაფა სიცოცხლე", - ამბობს საერთაშორისო კრიმინოლოგთა ასოციაციის წევრი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ღლონტი.

- გასაგებია მშობლების ტრაგედია, რომლებიც პასუხისმგებლობას გრძნობენ, შვილის თვითმკვლელობა ხომ ირიბად მათზეც აისახება. ამიტომაც ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ ეს არის მკვლელობა, დამნაშავის მოძიება და მისი დასჯა უნდათ. მაგრამ დადასტურდა, რომ გოგონამ იყიდა "კლოფელინი", ერთმანეთში აურია რამდენიმე წამალი და დალია. ის წამლების ჭარბი დოზით გარდაიცვალა.

- არ შეიძლება ვიღაცის ჩარევით დაელია წამლები? ან რატომ უნდა ეყიდა გასახდომი ჩაი? - აფთიაქშიც ძალით გაუშვა ვინმემ და აყიდვინა? შეიძლება მას ბოლომდე არც ჰქონდა გადაწყვეტილი თვითმკვლელობა და გასახდომი ჩაიც ამიტომ იყიდა.

- დაცვის მხარეს ის არგუმენტიც აქვს, სუიციდისთვის ამხელა გზის გავლა რაში დასჭირდებოდა, სახლში ან იქვე ტყეში მოიკლავდა თავსო. ამასთან, დაბნეული ჩანდა და ვიღაცის მითითებულ ადგილს ეძებდაო. - თვითმკვლელი ლოგიკას მოკლებულია და ადეკვატურობას ვერ მოსთხოვ. ხშირად კითხულობენ, რატომ უნდა მოეკლა თავი 23 წლის ლამაზ, წარმატებულ გოგონას, როცა სამსახური, ფული, მდგომარეობა ჰქონდაო? სტატისტიკა სხვა რამეს გვეუბნება - ყოველწლიურად თვითმკვლელობის ფაქტი განზრახ მკვლელობაზე 500-ით მეტია. თვითმკვლელები ხშირად ახალგაზრდები და მოზარდები არიან. რატომ წავიდა ტყეშიო, ამით სუიციდის გამორიცხვა ალოგიკურია. თუ ადამიანმა თვითმკვლელობა გადაწყვიტა, სიცოცხლეს სად გამოესალმება, ამის განსაზღვრა ძნელია.

- მანქანის მინები აწეული რომ იყო და 40 გრადუს სიცხეში კონდიციონერი გამორთული, ადვოკატის თქმისა არ იყოს, ხომ შეიძლებოდა გოგონას თვითგადარჩენის ინსტინქტი ამუშავებოდა, კარი გაეღო და გადმოსულიყო? - გააჩნია წამლის დოზას. იმ დოზით=, რომელიც გოგონამ დალია, ვერანაირი თვითგადარჩენის ინსტინქტი ვერ ამუშავდებოდა. ის გაითიშებოდა, წნევა წუთებში დაუვარდებოდა. მან წამლების ნაზავი დალია, წამოწვა, სწრაფად ჩაეძინა და ვეღარ გაიღვიძა. თამარმა გამოიყენა ისეთი წამლები, რომლებიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და იწვევს ძილს, სისუსტეს და გონების დაკარგვას. რამდენიმე პრეპარატი იმიტომაც აურია, რომ ეს პროცესი სწრაფად, უმტკივნეულოდ და გარდაუვლად დამდგარიყო. ცდებიან, როცა ამბობენ, ერთი წამლის დიდი დოზაც მოკლავდა, რად უნდოდა ამდენიო. ამერიკაში, როდესაც ადამიანებს სიკვდილით სჯიან, ერთ-ერთ ჰუმანურ ფორმად ითვლება მომაკვდინებელი ინიექცია, რომელშიც 4 სხვადასხვა კომპონენტი შედის: ერთი ამშვიდებს, მეორე კუნთებს ადუნებს, მესამე ძილს იწვევს, მეოთხე კი კლავს. ადამიანი ძილში იპარება, არც შიში აქვს და არც ტკივილი. ზუსტად ეს ფორმულა შეადგინა გოგონამ - ნარევში ყველა ამგვარი კომპონენტი იყო. ამიტომაც ეძებდა ინფორმაციას ინტერნეტში. მხოლოდ "კლოფელინი" რომ დაელია, სხვა გვერდითი ეფექტი იქნებოდა, ამიტომაც თავის მოსაკლავად მარტივი გზა აირჩია.

- როგორც ჩანს, გამორიცხავთ, რომ ეს მკვლელობა ან თვითმკვლელობამდე მიყვანაა... - ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ეს უფრო კონსპირაციული თეორიების დონეზეა. ჩემს პრაქტიკაში უამრავი მაგალითი მქონია. გოგონა ფსიქიკურად სუსტი იყო, ჰქონდა პრობლემები - შესაძლოა სიყვარული, ვალები, ან ვიღაც აშანტაჟებდა, რაღაცას აიძულებდა და ათასი რამ. ისიც გასარკვევია, ამხელა ფული როგორ იშოვა. ის არგუმენტი, რომ 18 ივლისს მას სუს-ის სამი ავტომანქანა დაედევნა, ყურით მოთრეული მგონია. მათ რომ რამის გაკეთება ნდომოდათ, ერთი მანქანაც ეყოფოდათ, რაში სჭირდებოდათ სამი? ან ოპერაციას თუ გეგმავდნენ, სუს-ის მანქანებით არ დაფიქსირდებოდნენ, რადგან ნომრებით გაიშიფრებოდნენ. დიდი ალბათობით, გოგონას მძიმე სტრესი ჰქონდა, ამიტომაც არ იცოდა, სად მიდიოდა - სადღაც ჩიხში შედიოდა, გამოდიოდა, უაზროდ იყო, იმიტომ, რომ სიკვდილისთვის ემზადებოდა. ეს უმძიმესი სტრესია და ბუნებრივია, დაბნეული ივლიდა.

- ცხედრის აღმოჩენის მეორე დღესვე შსს-მ თავის განცხადებაში ახსენა ფსიქოლოგი, რითაც ცხადი შეიქნა, რომ გამოძიება ამ მიმართულებით იმუშავებდა. - ჩვენთან მოდური არ არის ფსიქოლოგთან სიარული. გოგონას ფსიქიკური პრობლემები რომ ჰქონდა, ამიტომაც დადიოდა ფსიქოლოგთან, მაგრამ ეს უფრო ფსიქიატრიის სფეროა, ფსიქოლოგს ფსიქიატრი უნდა ჩაერთო საქმეში. ფსიქიკური აშლილობა და გადახრები დღეს ძალიან გახშირებულია, დაახლოებით 100-დან 10 კაცშია აშლილობის ელემენტები, რაც შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს - ერთი ძალიან აქტიური იყოს, მეორე - მოდუნებული და ინტროვერტი, მესამე - აგრესიული, ისტერიკული და ა.შ. ძნელია თქმა, რამ უბიძგა გოგონას სუიციდისკენ. გოგონას სერიოზული სტრესი ჰქონდა, მოძებნა მეთოდები, იყიდა წამლები, წავიდა და თავი მოიკლა. ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას კი ძალიან სერიოზული მოტივი უნდა ჰქონდეს და ის ადამიანი აუცილებლად უნდა იქნეს გამოვლენილი.

- რას იტყვით სატელიტურ მასალაზე, რომელიც ადვოკატმა წარმოადგინა?

- ის არაფერს მოგვცემს, სანამ არ დამტკიცდება, რომ ფოტოები გადაღებულია იმ დღეს და იმ ადგილას. უნდა იქნეს მითითებული იურიდიული მისამართი, ვებსაიტი, ის, ვინც გადაიღო და ა.შ. მთავარია, დაფიქსირებული იყოს დრო და გეოგრაფიული ადგილი. იმ ორგანიზაციამ, ვინც ეს გააკეთა, ოფიციალური წერილი უნდა მოამზადოს და არა ისე, სადღაც ფოტო ვიშოვე და ნახეთო. ხვალ თუ დამჭირდა, ას სურათს გადავიღებ, მოვძებნი ადგილს და გავაკეთებ სკრინშოტს, თარიღსაც დავაწერ, ნებისმიერ დოკუმენტს გავაყალბებ, ნებისმიერ ბეჭედს დავსვამ და ცვლილებას შევიტან. კომპიუტერულ ტექნიკაში გაყალბება პრობლემა არ არის. ჩემი აზრით, რასაც ადვოკატი აკეთებს, პიარის ერთ-ერთი ფორმაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უნდა ჰქონოდა იმ ორგანიზაციის ოფიციალური ხელმოწერილი დოკუმენტი, ვინც დაეხმარა და სადაც მინიშნებული იქნებოდა, რომ ფოტოები გადაღებულია სატელიტით ამა და ამ დროს, ადგილას და ისინი ნამდვილია. ასეთ შემთხვევაში პროკურატურა ამ დოკუმენტს დაურთავდა საქმეს და მას უკვე სულ სხვა კუთხით განიხილავდა. ახლა ექსპერტიზაც რთული ჩასატარებელია, ვინაიდან უკვე თქვეს, რომ იყო ჩარევა, ანუ ვიღაცამ ფოტოშოპში გადააკეთა.

- უნდა მუშაობდეს თუ არა გამოძიება მკვლელობის ვერსიაზეც? - გამოძიებამ ყველა ვერსიაზე უნდა იმუშაოს, მაგრამ არა მგონია, ახლა მკვლელობის ვერსიაზე მუშაობდეს. როცა საბოლოო საბრალდებო დასკვნა დაიდება, იქ ჩაიწერება, რომ მოხდა თვითმკვლელობა, რომელიც არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ დევნას და საქმე შეწყდება, რადგან თვითონ თვითმკვლელობის ფაქტი იქნება განმტკიცებული. გამოძიებამ, რა თქმა უნდა, სერიოზულ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა წარმოადგინოს და ამით გამყარდეს ეს მუხლი.

თვითმკვლელობის ვერსიას ამყარებს შემდეგი არგუმენტები: გოგონა დაინტერესდა საიტებით, სადაც მოყვანილია თვითმკვლელობის მეთოდები, აფთიაქში შეიძინა დიდი რაოდენობით წამლები, მანქანით წავიდა, სადღაც ტყეში გაჩერდა, უკანა სავარძელზე დაჯდა, ბოთლში წამლები გახსნა და დალია. ამასთან, არსებობს მისი უამრავი ვიდეომიმართვა.

სატელიტი დოკუმენტურად რომ ყოფილიყო დამტკიცებული, საქმე სხვა მიმართულებას მიიღებდა, პროკურატურა ამას ვერ აარიდებდა თავს. ბევრი ფაქტორი მეტყველებს, რომ გოგონამ სიცოცხლე თავისი ნებით და ხელით დაამთავრა. შეიძლება იყოს მკვლელობაში ჩარევის პატარა ვარაუდი, მაგრამ ძალიან მცირე, ნულოვანი თეორია არსებობს, რომ ეს სხვებმა და რაღაც მიზნით ჩაიდინეს. არა მგონია, გოგონა დიდ საიდუმლოს ფლობდა და ჰყავდა მტერი, რომელმაც ასე ვერაგულად მოუსწრაფა სიცოცხლე.