"აბსურდია ჩემი მხრიდან ზეწოლა, ეს ვის რაში სჭირდებოდა?" - რატომ სცადა თვითმკვლელობა თამაზ მეჭიაურის მძღოლმა - კვირის პალიტრა

"აბსურდია ჩემი მხრიდან ზეწოლა, ეს ვის რაში სჭირდებოდა?" - რატომ სცადა თვითმკვლელობა თამაზ მეჭიაურის მძღოლმა

თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა. 22 წლის გიორგი ხუმარაშვილი სახლში დედამ იპოვა და სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა, ახლგაზრდა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ, დაპირისპირებაა. როგორც ბიჭის ოჯახის წევრები ამბობენ, თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებული, ზურაბ ბექაური გიორგი ხუმარაშვილს, თამაზ მეჭიაურის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა, აღნიშნული ინფორმაცია კი, ბექაურს "ქართული ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატთან, შალვა კერესელიძესთან მიჰქონდა.

როგორც "ტვ პირველთან" გიორგი ხუმარაშვილის დედა ამბობს, ახლაგაზრდაზე ზურაბ ბექაურის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა მუდმივად იყო და ბიჭმა ზეწოლას ვერ გაუძლო.

kvirispalitra.ge თამაზ მეჭიაურსა და ზურაბ ბექაურს დაუკავშირდა:

"გიორგი ძალიან მძიმედაა. უძილო ვარ ისეთი, აზრს ვერ ვალაგებ. არ ვიცი, რა ზეწოლაზეა საუბარი, დედამისი ამბობს რაღაცას, მე აზრზე არ ვარ, რა მოხდა. ეს ბიჭი ბექაურის მოყვანილია ჩემთან. კერესელიძეს რომ ზოგადად თავისი ინტერესები აქვს და თავისი რესურსებით რომ ცდილობდა ჩემი მომხრეების გადაბირებას, ეს ფაქტია, მაგრამ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, ვერაფერს გეტყვით", - გვითხრა მეჭიაურმა.

ზურაბ ბექაურმა გიორგი ხუმარაშვილის დედის ბრალდება უარყო. - აბსურდია ჩემი მხრიდან როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ეს ვის რაში სჭირდებოდა? გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და გაირკვევა ყველაფერი. მე ორივე – დედა-შვილი გუშინ აბსოლუტურად საღსალამათი დავტოვე და ამის მერე რა მოუხდათ სახლში და რა გააკეთეს, ეგ ჩემი საქმე არაა. გიორგი ჩემი მეგობარია, დედამისი კი, ჩათვალეთ, რომ ჩემი დაა, ასეთი ახლობელი ოჯახია. გიორგი მე მივიყვანე თამაზთან მძღოლად, დედამისმა მთხოვა, სამსახური უნდაო და მეც დავეხმარე. არ ვიცი, რა მოხდა, მართლა მიკვირს. დედამისს დავურეკე და არ მპასუხობს... დედამისმა გუშინ მთხოვა, გიორგი თბილისში წამეყვანა, 5-ჯერ დამირეკა, მაგრამ როცა მოვახერხე, მაშინ მივედი. გიორგი იმდენად აგრესიული იყო, ასეთი არ მინახავს - იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, დედის გინება... მოტივი ის იყო, რატომ მალე არ წამიყვანე, რაღაც საქმე გამიფუჭეო. არც უთქვამს მანამდე, ასეთი აუცილებელი საქმე თუ ჰქონდა და საიდან დამესიზმრებოდა?

- დედამ თქვა, თითქოს ინფორმაციას სძალავდით თამაზ მეჭიაურზე და ფსიქოლოგიურად ძალადობდით მის შვილზე...

- რა სისულელეა. ეს გამორიცხულია და ყველას მოუწევს ამის დამტკიცება იმიტომ, რომ გუბერნატორ კერესელიძის მარტო გვარი და სახელი ვიცი, 3-ჯერ ვარ სულ შეხვედრილი და არ მაქვს არანაირი შეხება. მე თამაზთანაც ვმეგობრობ, ეჭვი მაქვს, მას სჯეროდეს ამ ჭორის იმიტომ, რომ ძალიან მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთში.

- მაშინ რას უკავშირებთ ახალგაზრდის მიერ სუიციდის მცდელობას?

- ვერ გეტყვით, ეს ჩემი გასარკვევი არ არის. სანამ მე მათთან ვიყავი, მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელით შეხება. როცა წავედი, ოჯახში დარჩნენ დედა-შვილი და მათი სტუმარი. გიორგიმ ადრეც გადაიჭრა ვენები. ღმერთმა კარგად ამყოფოს ეს ბიჭი, მაგრამ რასაც ავრცელებენ, ყველაფერი აბსურდია.

იხილეთ ასევე: "კაპოტზე" ქეიფი ჩემი ახირება არ ყოფილა" - რას აპირებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თამაზ მეჭიაური?

(სპეციალურად საიტისთვის)