"არ მინდა, ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მოუწევთ ჩემი ცხედრის ნახვა"- რა გახდა ცნობილი თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერებით - კვირის პალიტრა

"არ მინდა, ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მოუწევთ ჩემი ცხედრის ნახვა"- რა გახდა ცნობილი თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერებით

დღეს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მოიპოვება აუდიო-ვიდეოჩანაწერები, სადაც ის ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობაზე საუბრობს.

როგორც მან მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მასალა საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია, რაც მისი შეფასებით, თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს.

"საქმეში ნამდვილად მოიპოვება გარკვეული ვიდეო, ისევე როგორც აუდიომასალა, რომელიც ნამდვილად, საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია. ვადასტურებთ, რომ ნამდვილად არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე. ამგვარი აუდიომასალა საქმეში მოიპოვება. ზოგადად, ის ვიდეომასალა, რაც მისი მობილური ტელეფონიდან და „იუთუბ“ არხიდან არის მოპოვებული, როგორც ვთქვი, საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია, რაც თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს“, - განაცხადა პროკურორმა.

როგორც ირკვევა, ეს ჩანაწერები პროკურატურაში აჩვენეს ჟურნალისტებსაც. "ტვ პირველის“ ეთერში ამ ჩანაწერების შინაარსზე ისაუბრა ჟურნალისტმა ნანუკა ქაჯაიამ.

როგორც მან განაცხადა, პროკურატურაში აჩვენეს 5 ჩანაწერი, მათგან 2-ში ბაჩალიაშვილი ჩანდა და ეს იყო ე.წ. სელფ-ვიდეო, სამში კი მხოლოდ ხმა ისმოდა. მისი თქმით, ეს ჩანაწერები ძალიან მძიმე მოსასმენი იყო.

"ის ამ ვიდეობში ამბობს, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არის მძიმე, აქვს პრობლემები, სამსახურში, უნივერსიტეტში. არ არის საკუთარი სწავლით კმაყოფილი და შიშობს, რომ საფრანგეთში ვეღარ გააგრძელებს სწავლას. მოვიყვან ციტატას. ის ერთგან ამბობს, თამარ, დაემშვიდობე პარიზსო...

ლაპარაკობს სამსახურში, მის უფროსზე ნიკა გეჯაძეზე. ამბობს, რომ მათ ჰქონდათ რაღაც ურთიერთობა, რაც არ გაგრძელდა. ამბობს, რომ აღარ უნდა მოვიქცე ისე, როგორც ვიქცეოდი ნიკასთანო...

ყველაზე მძიმე მოსასამენი რაც იყო, ეს არის მისი ლაპარაკი თვითმკვლელობაზე, ის ამბობს ჩანაწერში, რომ უნდა თავის მოკვლა და ყველა ხერხი იცის თავის მოკვლის, თუმცა ერიდება და ეშინია დედის, მამის. განსაკუთრებით კი მის ძმაზე ამახვილებს ყურდაღებას და ამბობს, რომ ეცოდება ოჯახი. ამბობს იმასაც, რომ არ უნდა თავის მოკვლა, მაგრამ თუ ამას მაინც გააკეთებს, ბოდიშს უხდის თავის ოჯახს", - განაცხადა ნანუკა ქაჯაიამ. მისი თქმით, პროკურატურაში განაცხადეს, რომ ეს ჩანაწერი დაახლოებით ა.წ. თებერვალშია გაკეთებული.

ambebi.ge