"ბუხუტის სამი ბიჭი დარჩა, მეუღლესთან გაშორებული იყო..." - ახალი დეტალები ხაშურში მომხდარ კონფლიქტზე, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"ბუხუტის სამი ბიჭი დარჩა, მეუღლესთან გაშორებული იყო..." - ახალი დეტალები ხაშურში მომხდარ კონფლიქტზე, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

18 სექტემბერს ხაშურში, 37 წლის ბუხუტი წოწოლაშვილი შელაპარაკების ნიადაგზე სასიკვდილოდ იმ კომპანიის მენეჯერმა დაჭრა, სადაც ახალგაზრდა კაცი რამდენიმე თვე ფიზიკურად მუშაობდა. კომპანია "ელისი" ხაშურში, სოფელ ხცისის შესასვლელში, სანაპიროზე მდებარეობს და სამშენებლო საქმიანობას, ძირითადად ასფალტის და ბეტონის სამუშაოებს ახორციელებს.

ადგილობრივების თქმით, ბუხუტი ამ კომპანიაში მუშაობდა, მაგრამ მას კუთვნილი ხელფასი არ გადაუხადეს და ამიტომ რამდენჯერმე მივიდა სამსახურში კუთვნილი ხელფასის ასაღებად. თუმცა უშედეგოდ. როგორც ირკვევა, იმ დღეს მისი მორიგი ვიზიტი იყო ანალოგიური მოთხოვნით და ამის გამო კომპანიის მენეჯერსა და წოწოლაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. იმასაც ამბობენ, ბუხუტი დანით შეიარაღებული იყო, თუ ფულს არ გადაუხდიდნენ იმუქრებოდაო. ამბობენ, მენეჯერმა ჯერ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, ამის მიუხედავად ბუხუტი წოწოლაშვილმა ტერიტორია რომ არ დატოვა და ისევ ანალოგიური მოთხოვნით მუქარა რომ გააგრძელა, მენეჯერმა უკვე მისი მისამართით პირდაპირ გაისროლა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, გზაში გარდაიცვალა.

ყოფილი თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. მკვლელობასთან ერთად მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების მუხლითაც წაუყენეს ბრალი.

ბუხუტი წოწოლაშვილი ქარელის სოფელ ახალსოფელში ცხოვრობდა. ის სამი შვილის მამაა. მოკლულის მეზობელებს მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ. ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცი კონფლიქტური ადამიანი არ იყო. მას დადებითად ახასიათებენ.

"ბუხუტის სამი ბიჭის დარჩა, კარგი ურთიერთობა ჰქონდა თავის შვილებთან. 37 წლის იყო და დედასთან ერთად ცხოვრობდა, რადგან მეუღლესთან გაშორებული იყო. თუ არ ვცდები, ცოლთან კონფლიქტის გამო ციხეშიც აღმოჩნდა, მაგრამ მალე გამოვიდა. შვილები ხშირად იყვნენ მამასთან. იქ რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი. ტელევიზიით გავიგე მომხდარის შესახებ და ძალიან განვიცდი. ჩემს თვალწინ გაიზარდა. კარგი ადამიანი იყო, ზრდილობიანი. მისი მასწავლებელი ვიყავი და როცა შემხვდებოდა სულ ღიმილიანი სახით მომიკითხავდა. სკოლაშიც კარგი მოსწავლე იყო. რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ, არ ვიცი. ძალიან უჭირს ოჯახს ეკონომიკურად. თავის ხელფასს ითხოვდაო. კონფლიქტი რომ ჰქონოდა ვინმესთან, ესეც არ გამიგიაა", - ამბობს ადგილობრივი ქალბატონი.

მერის წარმომადგენელი სოფელ ხცისში ამბობს, რომ საწარმო "ელისი" სოფლის დასაწყისშია განთავსებული და მათთან შეხება არ აქვთ. "ეს საწარმო სოფლის მისასვლელთან ერთ კილომეტრშია. როგორც ვიცი, ასფალტის და ბეტონის სამუშაოებს ასრულებენ. ჩვენ შეხება არ გვაქვს და იქ რა მოხდა, არაფერი ვიცით. როგორც ვიცი, ვინც იარაღიდან გაისროლა, ის მამაკაცი მენეჯერია, ადგილობრივი არ არის, მგონი თბილისში ცხოვრობს. მოკლული ბიჭი კი ქარელის სოფლიდანაა,"- გვითხრა რწმუნებულმა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

(სპეციალურად საიტისთვის)