კრიმინოლოგი: "საქმე დიდი ხანია უნდა დახურულიყო..." - კვირის პალიტრა

კრიმინოლოგი: "საქმე დიდი ხანია უნდა დახურულიყო..."

საერთაშორისო კრიმინოლოგთა ასოციაციის წევრი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ღლონტი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გენერალური პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ექსპერტიზების დასკვნებს აფასებს:

- არსებობს რამდენიმე მტკიცებულება, რომლებიც მიანიშნებს, რომ მოხდა თვითმკვლელობა: 1. დაფიქსირებულია ფაქტი, გოგონამ აფთიაქში შეიძინა წამლები; 2. სარგებლობდა ფსიქოლოგის მომსახურებით; 3. დადასტურებულია, რომ ეძებდა ვებსაიტებს, სადაც აღწერილია თვითმკვლელობის მეთოდები; 4. არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომ ეს გოგონა შემთხვევის ადგილამდე მარტო მიდიოდა; 5. არსებობს წყლის ბოთლი და აბების ფირფიტები, რომლებიც მანქანაში დარჩა; 6. ცხედარს არ აღენიშნებოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი და შეშუპებები; 7. არსებობს ვიდეო და აუდიომასალა, სადაც გოგონა თვითმკვლელობაზე ლაპარაკობს. ამდენი ფაქტორის ერთობლიობა გვაძლევს ძალიან მაღალი დონის ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ მან თავი მოიკლა. რაღაც გადაღებული ადგილები, ბუზებისა და კოღოების შემოწმება, მანქანის კვალის, ანუ ბიოლოგიური მასალის მოძიება და სხვა დანარჩენი ირიბი მტკიცებულებებია და ამის შემოწმებას არავინ შეუდგება.

არსებობს სამედიცინო დასკვნა, სადაც შავით თეთრზე ყველაფერი წერია. გაუგებარია ადვოკატისა და ზოგიერთი ტელეარხისგან ამ საქმის გაზვიადება.

- ვიდეოჩანაწერი, სადაც გოგონა თვითმკვლელობაზე ლაპარაკობს, თებერვლით თარიღდება. ხომ შესაძლებელია ივლისამდე გადაეფიქრებინა თავის მოკვლა? - ეს სუსტი არგუმენტია, მით უმეტეს, ადვოკატისთვის. ამ საქმეში არანაირი დიდი საიდუმლო არ არსებობს, ყველაფერი ნათელია და ყველანაირი ირიბი ფაქტორი, რატომ თებერვალში არ მოიკლა თავი ან რატომ გაიარა 60 კილომეტრიო, ფუჭია, ვინაიდან თვითმკვლელობა არარაციონალური ქმედებაა. 23 წლის ადამიანი თავს რომ იკლავს, რა რაციონალურობას უნდა ელოდო?

- დეპრესიული შინაარსის ვიდეო და აუდიოჩანაწერების გარდა, გოგონას არქივში არის ოპტიმისტური ინფორმაციაც.. - გასაგებია, მაგრამ ადამიანს დეპრესია, ფრუსტრაცია აქვს და უარყოფითი ფაქტორები უგროვდება. დგება მომენტი, როცა ეს სერიოზულად მოქმედებს მასზე და შეიძლება თვითმკვლელობა ჩაიდინოს. რამდენი ყოფილა, თვითმკვლელობას აპირებდა, მაგრამ რაღაცით შეფერხებულა, გადაუფიქრებია და გაუგრძელებია ცხოვრება. ხდება პირიქითაც - თუ რაღაცამ ხელი შეუწყო, ჩანაფიქრი ბოლომდე მიჰყავს. გოგონას სუიციდისკენ მიდრეკილება ჰქონდა და ფაქტია, ჩაიდინა კიდეც.

- დაცვის მხარემ ახალ გარემოებად საკალმახის ეპიზოდი წარმოადგინა. ამაზე გამოძიება არ უნდა ჩაეტარებინა პროკურატურას? - ეს ყველაფერი კონსპირაციული თეორიებია. გამოვრიცხავ მაღალჩინოსნების მიერ დაგეგმილ მკვლელობას, ამის საბაბი მათ არ ჰქონდათ. ამ გოგონას მთელი ხიბლი და სიმდიდრე იყო მისი ახალგაზრდობა და შეიძლება ამ ამბის უიღბლო სიყვარულთან დაკავშირება. დიდი კონსპირაციული საიდუმლოს მატარებელი ის ვერ იქნებოდა, არანაირი ურთიერთობა მაღალჩინოსნებთან არ ექნებოდა. მე გამოვრიცხავ გოგონას გამოყენებას. 23 წლის ბავშვთან რა საქმე უნდა ჰქონოდათ მაღალჩინოსნებს? რომელ ფულის გათეთრებაში უნდა ჩაერთოთ, არ მესმის. შეიძლება ყველაფერი წარმოვიდგინოთ, მაგრამ ნებისმიერი სასამართლოს ოქროს კანონია, რომ უნდა გქონდეს მტკიცებულებები. სხვა ყველაფერი თეორიებია.

- ანუ საქმე დაიხურება? - დიდი ხანია, უნდა დახურულიყო, უბრალოდ, ანგარიშს უწევენ მშობლებს და არ მიდიან გართულებაზე, ვინაიდან საქმეში ჩართული არიან მასმედია, პოლიტიკოსები...

- როგორც ვარაუდობდით, ადვოკატისთვის გადაცემული სატელიტური მასალა ყალბი აღმოჩნდა... - ფოტოები შეიძლება ნამდვილი იყო, მაგრამ მერე ისე დაამონტაჟეს, როგორც აწყობდათ - რაღაცები გადააადგილეს, თარიღები შეცვალეს და ა.შ. როცა ადვოკატი გამოძიებას აწვდის მასალას, ის უნდა ექვემდებარებოდეს ექსპერტიზას ან მაღალი დონის სანდოობა ჰქონდეს. აქ აშკარად ეტყობა, რომ ყველაფერი ნაჩალიჩარია.

- დავით ფურცხვანიძეს ამ საქმეში რა ინტერესი უნდა ჰქონოდა?

- მგონი, ეს კაციც ოპოზიციაშია, ან ფული გადაუხადეს, მიზეზი დასადგენია. პროკურატურას ეს მასალა სარწმუნოდ რომ ჩაეთვალა, მეორე დღესვე ყველაფერი შეიცვლებოდა.

- მაშინ სად არის ამის საპირწონე სატელიტური მასალა, აქამდე რატომ ვერ მოიპოვა პროკურატურამ? - ყოველთვის და ყველა წერტილს ხომ არ აკვირდებიან? ამისთვის საჭიროა გამვლელი ან სადაზვერვო სატელიტები. ასეთ საქმეებზე რუსებისა და ამერიკელების თანამშრომლობა გამორიცხულია (ვინც ამ სატელიტებს ფლობს). დარჩა სამოქალაქო სატელიტი, რომელიც უფრო ამინდისა და სხვა აქტივობებისთვისაა განკუთვნილი და გადაღება "გუგლ მეპით" ხდება. იმის დაფიქსირება, რომ ამ დროს ამ ადგილას რამე იდგა, ტექნიკურად რთულია. შეიძლება შემთხვევით მოიპოვონ კიდეც, მაგრამ ამას დიდი დრო და საფუძვლიანი ანალიტიკური მუშაობა სჭირდება.

- პროკურატურამ ბაჩალიაშვილის უწყვეტი გადაადგილების მარშრუტიც წარმოგვიდგინა "გუგლის" ანგარიშზე გააქტიურებული "თაიმლაინის" საშუალებით. - ის ზუსტად აფიქსირებს მარშრუტს და ტელეფონი მახსენებს, სად ვიყავი, სად შევედი. ვისაც ეს ფუნქცია აქვს ჩართული, ყველა მდებარეობას აკონტროლებს, მხოლოდ რამდენიმე მეტრი ცდომილება შეიძლება იყოს. თანამედროვე ტელეფონებს აქვთ ეს ფუნქცია - 5-6 სატელიტი ერთდროულად იჭერს და აფიქსირებს ინფორმაციას და გამორიცხულია, დაეკარგო.

იხილეთ ასევე: "როგორც ჩემი შვილისთვის, ისე ვიბრძოლებ, რომ თამუნას მკვლელები დაისაჯონ"