"ალბათ, დადგინდება, რომ იატაკიდან ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა ხარაზიშვილი"
"ალბათ, დადგინდება, რომ იატაკიდან ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა ხარაზიშვილი"
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია 16 სექტემბერს მცხეთაში დააკავეს. მას "შვიდკაცას" კაპიტნის, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება ბრალი.

"დამიზნებით რომ მოხვედროდა ტყვია, სხვა შედეგი გვექნებოდა"


სასამართლო პროცესზე ბესელია ციხიდან ჩაერთო. ბრალდებულის ადვოკატი პაატა­ მეხრიშვილი, 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა:
- მერაბ ბესელია შეწუხებული და შეშფოთებულია იმით, რაც მოხდა. ამბობს, რომ არავის ჯანმრთელობის დაზიანება და მით უმეტეს მოკვლა არ უნდოდა. მან იარაღი მიმართა იატაკისკენ,
რათა მისკენ მომავალი საფრთხე შეეჩერებინა. ალბათ, დადგინდება, რომ სწორედ იატაკიდან ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა დაზარალებული. ბრალის წაყენება 117-ე მუხლით, თითქოს ბრალდებულმა მიაყენა ხარაზიშვილს ისეთი დაზიანება, რომ ის ვეღარ შეძლებს სპორტული კარიერის გაგრძელებას, არის სრულიად უსაფუძვლო. მას მხოლოდ რბილი ქსოვილი აქვს დაზიანებული და მალე დაუბრუნდება რაგბის. ჩემი
დასაცავი არასოდეს ყოფილა კანონთან კონფლიქტში, არც ადმინისტრაციული სახდელი დასდებია არასდროს. მიმალვის საფრთხეც არ არსებობდა - თვითონ გამოცხადდა პოლიციაში.

- ჩვენი ინფორმაციით, ის მცხეთაში დააკავეს..
- მცხეთაში იყო. მისმა მეგობარმა დაურეკა პოლიციას და მერაბის ადგილსამყოფელი აცნობა.
ეს იყო სიტყვიერი დაპირისპირება სამსახურებრივ საკითხზე, რაც შეიძლებოდა გადაზრდილიყო ფიზიკურ დაპირისპირებაში. ბატონმა მერაბმა ამ გასროლით დაპირისპირების თავიდან არიდება სცადა - ერთხელ გაისროლა, მაგრამ დაზარალებული მას კვლავ უახლოვდებოდა და ამიტომ იატაკისკენ მეორედაც გაისროლა. იქ მეთლახია და, როგორც ჩანს, ასხლეტილი ტყვია მოხვდა კოჭში ხარაზიშვილს. დამიზნებით რომ მოხვედროდა ტყვია, სხვა შედეგი გვექნებოდა.

- ნასვამი რომ იყო, ადასტურებთ?
- არ ვიცი, ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

- რატომ მივიდა სამსახურში შეიარაღებული?
- მას ეს იარაღი 1993 წლიდან ჰქონდა გაფორმებული ტარების უფლებით. მერე რეგისტრაციას ვადა გაუვიდა და სახლში ინახავდა. მას აქვს მეორე იარაღიც, მაკაროვის"იდენტური, ოღონდ - პნევმატური, რომელიც მისი სახლიდან ამოიღეს. მისი ტარება სახიფათო არ არის. არ არის გამორიცხული, შეეშალა და პნევმატური იარაღის ნაცვლად მეორე "მაკაროვი" წამოიღო.
სასამართლომ მერაბ ბესელია საპატიმროში დატოვა.

რა ხდება რაგბის კავშირში?


საინიციატივო ჯგუფის წევრების მოთხოვნაა გადადგნენ გამგეობის წევრები თანამდებობიდან.
საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სანდრო საკანდელიძე ამბობს, რომ საქმეში პროკურატურაა ჩარეული და ფინანსურ საკითხებს ძალოვანები სწავლობენ: "სამი კვირაა, რაც პროკურატურაა შემოსული რაგბის კავშირში და ფინანსურ საკითხებს იკვლევენ... ისეთ მიმართულებებზეა თანხები განაწილებული, რაზეც არ ღირდა... კონტროლის პალატის დასკვნაში წერია, რომ მილიონ 700 000-იანი ხელშეკრულება შეცვალეს და 800 000 დოლარად გადააკეთეს."

"ყველას მუქთა ფული უნდა..."


აგვისტოში რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა გოჩა სვანიძემ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2016 წლიდან მუშაობდა. დღეს მოვალეობის შემსრულებელი და მოქმედი ხელმძღვანელები მედიასთან არაფერს ამბობენ, ამიტომ განმარტება გოჩა სვანიძეს­ ვთხოვეთ.
- ის ხალხი ხმაურობს, ვინც საინიციატივო ჯგუფი დაირქვა. არ არიან ისინი 31 კლუბის მიერ არჩეული - ეს სიცრუეა! როდესაც კლუბებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, სურდათ, საკონსულტაციო ჯგუფს დაფინანსების საკითხზე მთავრობასთან მოლაპარაკება დაეწყო. იმ დოკუმენტში გვარები არ ეწერა, მათ გვარები მერე ჩაწერეს და ასე დაირქვეს საკონსულტაციო ჯგუფის წევრები.

- სერიოზული ბრალდებები ისმის...
- ეს აბსოლუტური სისულელეა, დილეტანტების ნალაპარაკევი სისულელე, თითქოს 6 მილიონი ვალი არსებობს... როდესაც ჩვენთან სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოვიდა, მათ ვუთხარი, თქვენ რომ არ მოსულიყავით, მე უნდა დამეძახა, ყველაფერი გამჭვირვალე გვაქვს და ნახეთ-მეთქი. იმავეს ვეტყვი პროკურატურას და ყველა ფინანსურ შემმოწმებელს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაეცეს ყველა კითხვას პასუხი. ამ წლების განმავლობაში 4-ჯერ მყავდა საერთაშორისო აუდიტი... დღეს ფაქტობრივად, შემოსავალი არ გვაქვს, რადგან ჩვენს სპონსორებსაც პრობლემები შეექმნათ. რომ გამოსწორდება სიტუაცია, აქაც ყველაფერი კარგად იქნება.

- მაგრამ ხომ ფაქტია, რომ პროკურატურამ ფინანსური შემოწმება დაიწყო?
- ამისთვის ყველაფერი გააკეთეს ჩვენმა ოპონენტებმა - დაწერეს განცხადება, თითქოს რაგბის კავშირი დავაქციეთ. ვიმეორებ - ოთხი წლის განმავლობაში ოთხჯერ მყავდა საერთაშორისო აუდიტი. დარღვევა რომ ყოფილიყო, ვალდებულებიც კი იყვნენ, რეაგირება მოეხდინათ. ამ ადამიანებს ტალახის სროლით უნდათ ხმაური ატეხონ. იმიტომ გადავდექი თანამდებობიდან, რომ არავისთვის ხელი არ შემეშალა და თანამდებობით სპეკულაცია არ დაებრალებინათ, მაგრამ არჩევნებამდე ვერ ითმენენ და განტევების ვაცი ხომ სჭირდებათ?!

მერწმუნეთ, ყველას მოუწევს თავის ნათქვამზე პასუხისგება. როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტს გვიმტკიცებდა, ხელშეკრულება მოჰყვებოდა, კონკრეტულად რომელ ღონისძიებებს გვიფინანსებდა. როდესაც პირველი თანხა ჩაირიცხებოდა, სანამ ამ თანხას არ ავითვისებდით და არ წარვადგენდით შესაბამის დოკუმენტაციას, რომ რაღაც გაკეთებულია, მანამდე თანხის მეორე ნაწილს ვერ ვიღებდით. ჩვენ ორჯერ შეგვამოწმა აუდიტის სამსახურმა და ჩვენსა და სახელმწიფოს დასკვნებს შორის სხვაობა ვერ იპოვა. სახელმწიფოს თანხა ზუსტად განვკარგეთ.…სამი წლის წინ თვით საკანდელიძეს შევთავაზე, ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელად დაიწყე ჩვენთან მუშაობა-მეთქი. რატომ არ დამთანხმდა? სხვებსაც ვთავაზობდი, ვინც სხვანაირად ფიქრობთ, მოდი, ერთად ვიმუშოთ-მეთქი, მაგრამ არავის უნდა მუშაობა. ყველას მუქთა ფული უნდა...

მერაბ ბესელია გამოძიების დასრულებას და მოსამართლის ვერდიქტს ციხეში ელოდება. რაც შეეხება რაგბის კავშირში შექმნილ პრობლემებს, ამასაც შესაბამისი სამსახური იძიებს და გაირკვევა, რა ხდება რაგბის კავშირში.

Solo
21 სექტემბერი 2020 21:56
შეეშალა და პნევმატური იარაღის ნაცვლად მეორე "მაკაროვი" წამოიღო- საღოლ ადვოკატი !!)) მაგარი ვერსიაა

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები