"საფრანგეთში, ორი სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ არის" - კვირის პალიტრა

"საფრანგეთში, ორი სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ არის"

ძალიან საინტერესო იყო თამარ ბაჩალიაშვილის სტაჟირება საფრანგეთში იმიტომ, რომ ორი სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტი, ორივე დაწესებულება, სადაც თამარმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურების გავლენისა და კონტროლის ქვეშ არის, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურატმა, „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თამარის სტაჟირების პერიოდი საინტერესო მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა.

„თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმით გამიზნულად არასოდეს დავინტერესებულვარ. ეს არის ეპიზოდი იმ დიდი საქმის, რომელსაც მე და ჩემი კოლეგების სტრუქტურა ვიძიებთ. საქმე ეხება მასშტაბურ ფინანსურ თაღლითობას, ფულის გათეთრებას, რომელშიც გარეულია სამხრეთ კავკასია თავისი ყველა ქვეყნით და აქ საქართველოსაც უჭირავს გარკვეული როლი. ამ საქმეში ერთ-ერთი ძირითადი ფიგურანტი გახლავთ აბრაჰამ რეიხბახი, რომლის მიმართ ინტერესი 6-7 წლის წინ გაჩნდა და რაკი რეიხბახს საქართველოში თავისი სტრუქტურები აქვს და კომპანია „ზაგი“ პირდაპირ არის მის სახელთან დაკავშირებული და რადგან თამარ ბაჩალიაშვილი აღნიშნულ კომპანიაში მუშაობდა და შემდეგ მისი გარდაცვალება გაურკვეველ ვითარებაში მოხდა, ჩემი ინტერესი გადმოვიდა კონკრეტულად თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე. თამარი იყო შეხებაში ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციებთან. თამარი გახლდათ ძალიან სერიოზული სპეციალისტი, მისი ძირითადი პროფილი გახლდათ ინფორმაციის სისტემატიზება, დალაგება და ანალიზისთვის გამზადება. ეს ინფორმაციები შეეხებოდა დიდ მონაცემთა სისტემებს, რაც სერიოზული ბერკეტია პერსონალური მონაცემების სიღრმისეული ანალიზისთვის“, - განაცხადა დავით ფურცხვანიძემ.

როგორც დავით ფურცხვანიძემ აღნიშნა, სატელიტის ფოტოების შესახებ პროკურატურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის პასუხს, რომ ეს ფოტოები არის ყალბი, ძალიან მალე უპასუხებს.

„რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება პასუხის პასუხი, სადაც დადასტურებული იქნება, რომ ეს არ არის ექპერტიზის კვალიფიციური პასუხი და ასევე, ჩვენ ძალიან მალე დამატებით სხვა თანამგზავრებიდან გვექნება იმ ადგილის კადრების დუბლირება“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

ცნობისთვის, დავით ფურცხვანიძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს იმ ადგილის სატელიტური ფოტოები გადასცა, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი იპოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა, თუმცა გამოკითხვით გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუ ვინ მისცა მას სატელიტური ფოტოები.

იხილეთ ასევე "როგორც ჩემი შვილისთვის, ისე ვიბრძოლებ, რომ თამუნას მკვლელები დაისაჯონ"

"ინტერპრესნიუსი"