"არის შემთხვევები, როდესაც გამოძახებაზე მივდივართ და იქ ქართველი ქალები გვხვდებიან... ხშირად დაჯგუფების მეთაური ქალია" - კვირის პალიტრა

"არის შემთხვევები, როდესაც გამოძახებაზე მივდივართ და იქ ქართველი ქალები გვხვდებიან... ხშირად დაჯგუფების მეთაური ქალია"

"ესპანეთში ბევრი ქართველი დამნაშავეა. როდესაც სპეცოპერაციას ვატარებთ მათ ასაყვანად, მათ შორის ქართველებიც არიან. ძალიან "სუფთად" მუშაობენ და ხშირად რთულია მათი გაკეთებული საქმეების გახსნა"

მარტინ ფერანი ბარსელონაში პოლიცია "მოსოს" ოფიცერია. ის და მისი კოლეგები ბევრ გახმაურებულ საქმეს იხსენებენ. მარტინი ორჯერ საქართველოშიც იყო და ამბობს, თავი სამოთხეში მეგონაო.

- რატომ წახვედით საქართველოში?

- იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად მესმოდა ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, მე და ჩემს კოლეგას გაგვიჩნდა იდეა, წავსულიყავით საქართველოში, გვენახა, როგორი პოლიციის სისტემაა იქ და რატომ იქცევიან ქართველები ასე მთელ ევროპაში. პირველად 10 დღე ვიყავით, მეორედ 6 დღე და ეს დღეები მართლაც დაუვიწყარი გახდა ჩვენს ცხოვრებაში.

- ნახეთ თუ არა, როგორ მუშაობს პოლიცია საქართველოში და როგორი შთაბეჭდილებებით წამოხვედით? - დიახ, რამდენიმე დღე თვალს ვადევნებდით მათ მუშაობას და აღფრთოვანებულები დავრჩით, იმდენად ოპერატიულად მუშაობენ და ისეთი მოწესრიგებული სისტემაა. ამიტომაც მიკვირს, ასეთ ქვეყანაში გაზრდილი ადამიანები აქ ასე რატომ იქცევიან.

- რა ნახეთ და რა მოგეწონათ საქართველოში? - ძალიან მომეწონა საქართველო. სამწუხაროდ, მხოლოდ მცხეთა და თბილისი ვნახე, სხვა ვერაფერი მოვასწარი. მცხეთა ულამაზესი ქალაქია, ლამაზი ქუჩებითა და ბევრი ეკლესია-მონასტრით. თქვენი ტრადიციული კერძებიც მომეწონა - ხაჭაპური, ლობიო, ქართული ღვინო. საქართველოში გატარებული დღეები დაუვიწყარია ჩემთვის, თავს სამოთხეში ვგრძნობდი. უნდა ამაყობდეთ, რომ ასეთი ქვეყნის შვილები ხართ და ყველას მოუწოდოთ, ნახონ თქვენი ქვეყანა. სამწუხაროდ, ბევრ ჩემს მეგობარს ეშინია იქ ჩასვლის, რადგან ესპანეთში ბევრი ქართველი დამნაშავეა. ბოლო წლებში ჯგუფური ყაჩაღობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, ხშირად დაჯგუფების მეთაური ქალია. როდესაც სპეცოპერაციას ვატარებთ მათ ასაყვანად, მათ შორის ქართველებიც არიან. ძალიან "სუფთად" მუშაობენ და ხშირად რთულია მათი გაკეთებული საქმეების გახსნა.

- ყველაზე გახმაურებული საქმეები რა იყო? - თუ ბაზას გადაამოწმებთ, ნახავთ, რამდენი გახმაურებული და დიდი საქმეა ჩადენილი ქართველების მონაწილეობით. ერთი კვირის წინაც ავიყვანეთ 6 ქართველი, სახლების ძარცვაზე. საქმის ვითარება კი ასეთი იყო - ქალბატონი, რომელიც ოჯახებში დამლაგებლად მუშაობდა, მძარცველებს აწვდიდა ინფორმაციას. ისინი იმ დროს აღებდნენ კარს, როდესაც მეპატრონე შინ არ იყო. ამ დანაშაულისთვის 7 ქართველი და კიდევ ერთი ქალბატონი დავაკავეთ.

ყველაზე გახმაურებული კი მაინც ვალდებრონის საქმე იყო: ქართველებმა სკოლის შენობა დაიკავეს და სპეცოპერაციის ჩატარებამ მოგვიწია. ბევრი მოპარული ნივთი ამოვიღეთ: ცივი იარაღი, ნარკოტიკი. ამ სპეცოპერაციით კი რამდენიმე ყაჩაღობა გაიხსნა. აქაც ქალბატონები იყვნენ საქმეში.

ლუკას რაკსო "გვარდია ურბანას" პოლიციელია. მის ოჯახში ქართველი ქალბატონი ხუთი წლის წინ მივიდა სამუშაოდ და დღემდე მათთანაა.

- ლუკას, რატომ აიყვანეთ ქართველი სამუშაოდ, თუკი იცოდით, რომ ამდენ დანაშაულს სჩადიოდნენ?

- დედამ ისე აიყვანა, ჩემთვის არც უკითხავს. შეზღუდული შესაძლებლობების დედა მყავს: უკვე ექვსი წელია, ავარიის შედეგად გადაადგილება აღარ შეუძლია. სხვა ქალაქში მიდიოდნენ მშობლები დასასვენებლად, შვებულება იქ უნდა გაეტარებინათ. სველ გზაზე ავტომობილი მოცურდა, მამამ საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ავტომობილი კლდიდან გადავარდა. მამა დაიღუპა, დედას კი ხერხემალი დაუზიანდა და დამოუკიდებლად ჭამაც არ შეუძლია, 80 პროცენტით პარალიზებულია. დეპრესია ჰქონდა, მამის გარდაცვალებას ვერ ეგუებოდა - მათ ერთმანეთი 14 წლიდან უყვარდათ. ამიტომ, მარტო ვერ გავაჩერებდი და დასაქმების ოფისში განცხადება დავტოვე. ქალბატონი გაგზავნეს, სახლში ჩემი ძმა დახვდა, მას გაესაუბრა და სამსახურში აიყვანეს. მე რომ სახლში ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, არ ავიყვანდი.

- რა რეაქცია გქონდათ, როდესაც დაინახეთ, რომ დედას ქართველი ქალი უვლიდა? - როდესაც მისი საბუთები მოვითხოვე და ქართული პასპორტი დავინახე, ძალიან გავბრაზდი. მახსოვს, ნერვიულობისგან ვკანკალებდი. დედას ვკითხე, კმაყოფილი იყო თუ არა? მითხრა, რომ ძალიან მოსწონდა. მეორე დღესვე სახლში ხელოსნები მივიყვანე და ყველა ოთახში კამერა დავამონტაჟე, თვალს ვადევნებდი მის მუშაობას.

- მერე, გაამართლა თქვენი ნდობა? - ნდობის გამართლება კი არა, ქალბატონი მერი ჩვენი ოჯახის წევრი გახდა. არც ერთი საყვედური არ მიუღია ჩვენგან, უფრო მეტიც, ჩემს რამდენიმე მეგობარს მერის რეკომენდაციით მივუყვანე დამხმარე ქალბატონები და არც ერთს ჩვენი ნდობა არ გაუმტყუნებია. ისევე, როგორც ყველა ერში, ქართველებშიც არის კარგი და ცუდი.

- რა დანაშაულში მონაწილეობენ ქართველი ქალები? - სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც გამოძახებაზე მივდივართ მაღაზიებში და იქ ქართველი ქალები გვხვდებიან მოპარული ნივთებით. მალავენ, კამერა აფიქსირებს, რომ მოიპარა, მაგრამ ხშირად, მოპარული ნივთების ამოღებას ვერ ვახერხებთ. იპარავენ ყველაფერს: სურსათს, ტანსაცმელს, სასმელებს. ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახებში მუშაობენ და იმავე ოჯახებში შეჰყავთ მძარცველები.

- როგორც ვიცი, მხოლოდ ქურდობის საქმეები არ არის ქართველების ანგარიშზე... - რამდენიმე მკვლელობის ფაქტიც არის. არიან ისეთი პატიმრებიც, რომლებსაც სამუდამო აქვთ მისჯილი, იმდენად მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. სამწუხაროდ, ასეც ხდება.

- შესაძლებლობა რომ მოგეცეთ, წახვიდოდით საქართველოში? - რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით. ხშირად ვუყურებ ვიდეოს საქართველოს სხვადასხვა მხარეზე და მომწონს. ასევე მომწონს ქართული ფოლკლორი და მერის მომზადებული ქართული კერძებიც. როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, ჩავალ საქართველოში და მერე აუცილებლად გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს.

ფიქრია რობაქიძე ჟურნალი "გზა"