"არ არის ეგე­თი პი­როვ­ნე­ბა, სიმ­თვრა­ლე­ში არც კი იგი­ნე­ბა" - რას ამბობენ არასწრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დაკავებულ 68 წლის კაცზე ოჯახის წევრები - კვირის პალიტრა

"არ არის ეგე­თი პი­როვ­ნე­ბა, სიმ­თვრა­ლე­ში არც კი იგი­ნე­ბა" - რას ამბობენ არასწრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დაკავებულ 68 წლის კაცზე ოჯახის წევრები

არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 68 წლის მამაკაცის ოჯახის წევრებს გამოძიების ვერსიის არ სჯერათ. როგორც ისინი "ტვ პირველთან" საუბარში აცხადებენ, მათ არასრულწლოვანის ოჯახთან კომუნიკაცია ჰქონდათ და მათაც არ სჯერათ იმის, რომ შვილი მეზობელმა გააუპატიურა.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ მამაკაცი სქესობრივი კავშირის დროს ფოტოსურათებს იღებდა, ბრალდებულის ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ ის ამას ვერ გააკეთებდა, რადგან "ნოკია" აქვს, რომელსაც კამერა არ გააჩნია.

"პირველად დააკავეს და დააბრუნეს სახლში. თქვეს, მეზობლებმა ნახეს, რომ ბავშვზე იძალადაო. ჩვენ ამ მეზობლებთან მტრობა არ გვაქვს, არ ვიცი ეს რატომ თქვეს.

ჩვენ ბავშვის მშობელთანაც ვიყავით ასულები. ბავშვი ამბობს, პოლიციელები ძალადობდნენ ჩემზეო. თითი მომიჭირესო, მეუბნეოდნენო, მიდი ახლა კამერასთან თქვი, რაც გაგიკეთა იმ კაცმაო. მე ვერაფერს ვეუბნებოდიო, რადგან არაფერი გაუკეთებიაო.

რომ ალაპარაკოთ ეს ბავშვი, გაიგებთ მართალია თუ არა. არ არის ეგეთი პიროვნება, სიმთვრალეში არც კი იგინება. მეზობელი, რომელმაც ეგ თქვა, ახალი გადმოსული და რა პრობლემა აქვს არ ვიცი..." - ამბობენ ბრალდებულის ოჯახის წევრები.

ტელეკომპანიის ცნობითვე, 68 წლის მამაკაცი დაკავების მომენტში შეუძლოდ გახდა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ის მსგავს ფაქტს, რასაც გამოძიება აბრალებს, ვერ ფიზიკურად განახორციელებდა.

"არ არსებობს საქმეში რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მოხუცი კაცის ბრალეულობას. შეუძლებელია ასეთმა ადამიანმა მსგავსი დანაშაული ჩაიდინოს. არსებობენ მოწმეები, რომლებიც კონფლიქტში არიან ოჯახთან და გამოძიებას სპეციალრად გაზვიადებული ინფორმაცია მიაწოდეს" - ამბობს დაკავებულის ადვოკატი "ტვ პირველთან" საუბარში.

ცნობისთვის, არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული პირის დაკავების შესახებ შსს-მ ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.