"პროკურატურა დავით ფურცხვანიძით იქამდე დაინტერესდა, ვიდრე მიხეილ რამიშვილი თავისი ფეხით გამოცხადდებოდა ვინაობის დასასახელებლად" - კვირის პალიტრა

"პროკურატურა დავით ფურცხვანიძით იქამდე დაინტერესდა, ვიდრე მიხეილ რამიშვილი თავისი ფეხით გამოცხადდებოდა ვინაობის დასასახელებლად"

პროკურატურა დავით ფურცხვანიძით იქამდე დაინტერესდა, ვიდრე მიხეილ რამიშვილი ჩვენს მიერ ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ გააცნობიერებდა ყველაფერს და თავისი ფეხით გამოცხადდებოდა ვინაობის დასასახელებლად, - ამის შესახებ პროკურორმა დავით გუბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, უმჯობესი იყო მიხეილ რამიშვილს სატელიტით გადაღებული ფოტოების გამომგზავნის ვინაობა არა საჯაროდ, არამედ, საგამოძიებო ორგანოში განეცხადებინა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტულად ფოტოსურათების წარმოშობის პერიოდში რამდენად ინფორმირებული იყო ორივე დამცველი ადვოკატი წყაროს შესახებ, აღნიშნული ფოტოსურათების ნამდვილობასთან დაკავშირებით, ასევე იმ გარემოებაზე, რა განმარტებაც გაკეთდა, რომ მონტაჟის შედეგად მიღებული სურათები წარუდგინეს გამოძიებას. როდესაც მიხეილ რამიშვილმა წარმოადგინა ფოტომასალები, მან მოითხოვა 2 დღე, რომ ამ საკითხებს წყაროსთან შეათანხმებდა. თუმცა, მას შემდეგ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, რაც პროკურატურის ბრიფინგზე გაკეთდა შესაბამისი განცხადება პროკურორის მიერ, რომ ფალსიფიკაციის მუხლით ჩვენ ამ საქმეს შევისწავლიდით.

აქვე აღსანიშნავია ერთი გარემოება, მიხეილ რამიშვილის წყაროს ვინაობა უნდა განეცხადებინა საგამოძიებო ორგანოსთან, თუმცა, მან მედიის თანდასწრებით დაურეკა წყაროს და გაასაჯაროვა წყაროს ვინაობა, შეატყობინა, რომ აპირებდა საგამოძიებო ორგანოში მისვლას და მისი, როგორც წყაროს დასახელებას, რამაც არსებითად დააზარალა გამოძიების ინტერესები. შესაბამისად, იმ დღეს, როდესაც მიხეილ რამიშვილმა დაასახელა წყაროს სახელი და გვარი, დავიწყეთ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ვგულისხმობთ, როგორც ფურცხვანიძის პირად ჩხრეკას, ასევე მისი საცხოვრებელი სახლის და ოფისის ჩხრეკის ჩატარებას. დავით ფურცხვანიძის განცხადებაზე, რომ პროკურატურა ცრუობს, როდესაც თეონა თამაზაშვილის წყაროდ ასახელებს, ვიტყვი, რომ ერთადერთი პიროვნება, ვინც ფიქსირდება ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლად, გახლავთ დავით ფურცხვანიძე. ეს შეეხება იმ განცხადებებს, რომელიც სასამართლოში გააკეთა, ასევე იმ ფოტო მტკიცებულებებს, რაც წარმოგვიდგინეს გამოძიებაში, ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი დღეის მდგოამრეობით ამ კონკრეტულ საქმეზე გახლავთ დავით ფურცხვანიძე.

ჩვენ ნუ განვიხილავთ კონკრეტულად რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხს, დაველოდოთ გამოძიებას, ჩვენ ვატარებთ ყველა აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებებს.

30 აგვისტოს, პროკურატურის წინ, განცხადება გაკეთდა, სადაც ქალბატონმა თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ მისი შვილი ჩართული იყო ყარაბაღის ომში, გარკვეულწილად იარაღით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით, რასთან მიმართებაშიც მოითხოვა საქმის შესწავლა.როდესაც თეონა თამაზაშვილი დავკითხეთ, სასამართლოს წინაშე მან განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდა ინტერნეტ სივრციდან, ასევე ამობეჭდილი სახით ჰქონდა წამოღებული და ჩვენ წარმოგვიდგინა დავით ფურცხვანიძის კვლევა, სადაც აღნიშნული პიროვნება დეტალურად აღწერს, რასთან დაკავშირებით მოხდა თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა, პროკურატურა დავით ფურცხვანიძით დაინტერესდა იქამდე, ვიდრე მიხეილ რამიშვილი ჩვენს მიერ ჩატარებული ბრიფინგის შემდეგ გააცნობიერებდა ყველაფერს და თავისი ფეხით გამოცხადდებოდა და დაასახელებდა მის ვინაობას. ფურცხვანიძის პიროვნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ მისი შესწავლა, ეს ეხება კონკრეტულად იმ ფოტომასალას და იმ განცხადებებს, რომელიც ფურცხვანიძემ გააჟღერა. ფურცხვანიძესთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია გვქონდა თეონა თამაზაშვილისგან მის მიერ წარმოდგენილი კვლევისგან განომდინარე. უმჯობესი იყო, ჯერ საგამოძიებო ორგანოში დაესახელებინა აღნიშნული წყაროს სახელი და გვარი, არ განეცხადებინა საჯაროდ, არ ყოფილიყო ცნობილი მედიისთვის ამ პიროვნების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ არ მიგვაჩნია სწორად, საჯაროდ წყაროს გაცხადება და მიგვაჩნია, რომ ამან მნიშვნელოვნად დააზარალა გამოძიების ინტერესები", -განაცხადა გუმბერიძემ.

"ინტერპრესნიუსი"