"დაკითხვა ჩატარდა დაძაბულ ვითარებაში - მიხეილ რამიშვილი ცდილობდა კითხვებზე პასუხისგან თავის არიდებას და სიტუაციას ემოციური გამოსვლებით ძაბავდა" - კვირის პალიტრა

"დაკითხვა ჩატარდა დაძაბულ ვითარებაში - მიხეილ რამიშვილი ცდილობდა კითხვებზე პასუხისგან თავის არიდებას და სიტუაციას ემოციური გამოსვლებით ძაბავდა"

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, დაზარალებულის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის გამოკითხვა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რამიშვილი ხელოვნურად ცდილობდა კითხვებზე პასუხებისთვის თავის არიდებას და განგებ ძაბავდა სიტუაციას ემოციური გამოსვლებით.

„ყველა კითხვა დაისვა საქმესთან მიმართებით და ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქმეს, რასაც ჩვენ ვიძიებთ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ნაწილში. უმეტესი კითხვა, რაც დავით ფურცხვანიძეს უკავშირდებოდა, მიხეილ რამიშვილმა დაგვიდასტურა, თუმცა, იყო ძალიან ბევრი კითხვა, რაზეც არ ახსოვდა 10 სექტემბერის ან 15 სექტემბრის ან ახლო პერიოდის მიმოწერა. ასევე მნიშვნელოვანი მტიცებულებები, რაც ჩვენ მის ტელეფონში ვნახეთ, ჩვენს კითხვებზე ჰქონდა პასუხი, რომ „არ ახსოვს". დაკითხვა ჩატარდა საბოლოო ჯამში, საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში, რადგან მიხეილ რამიშვილი ხელოვნურად ცდილობდა კითხვებზე პასუხის თავის არიდებას და განგებ აჭიანურებდა და ძაბავდა სიტუაციას ემოციური გამოსვლებით. ეს არ არის ქცევა, როცა მოწმედ ვკითხავთ ადვოკატს. მეტი ვალდებულება გააჩნია ადვოკატს, მითუმეტეს, როცა დაზარალებულის ადვოკატს წარმოადგენს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და თუ ვინმემ ყალბი ინფორმაცია ან მტკიცებულება გადასცა, სრულყოფილად მიაწოდოს ჩვენება როგორც პროკურატურას, ასევე სასამართლოს. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მივიღეთ მიხეილ რამიშვილის ემოციური გამოსვლები, დაძაბული ფონი, მაგრამ ჩვენ მიერ გამოკითხვისას მაინც დაზუსტდა ბევრი ის გარემოება, რაც დაეხმარება ამ საქმეზე გამოძიებას", - განაცხადა საქმის პროკურორმა.

მისივე თქმით, დღეს რამიშვილმა დაადასტურა, რომ ტელეფონის კონტაქტებში „ყარაბაღას" სახელით, სწორედ დავით ფურცხვანიძე 8 სექტემბერს ჩაწერა.

„თუ რატომ ჰყავდა ამ სახელით ჩაწერილი, რამიშვილმა გვითხრა, რომ ამ ადამიანს მათ შორის ყარაბაღთან დაკავშირებითაც ჰქონდა კვლევები ჩატარებული და დარჩა განცდა, რომ „ყარაბაღად" უნდა ჩააეწერა და ამიტომ ჩაწერა. ჩვენ ამ საქმეზე გავაგრძელებთ გამოძიებას, თუმცა, კიდევ ერთხელ განვარტავთ, რომ არცერთ შემთხვევაში დამცველ ადვოკატებს ხელი არ ეშლებათ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში წარმოადგინონ ვერსიები, ინფორმაციები და მტკიცებულებები, თუმცა, ეს უნდა იყოს რეალური ინფორმაცია და ხელოვნურად არ შეუშალონ ხელი გამოძიებას. ის ინფორმაცია, რაც მიხეილ რამიშვილის ტელეფონში ფიქსირდება, ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შესაძლებელია ადვოკატი ინფორმირებული იყო, რომ დავით ფურცხვანიძე არასწორ და ცრუ ინფორმაციას უგზავნიდა, თუმცა, ჩემ მიერ დამაზუსტებელ კითხვაზე გაეცნო თუ არა სრულყოფილად იმ ექვსივე ფოტოსურათს, მან გვითხრა, რომ „არ ახსოვს", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

"ინტერპრესნიუსი"