შიშით ხმაჩაწყვეტილები?! - კვირის პალიტრა

შიშით ხმაჩაწყვეტილები?!

"ტყუილად გგონიათ, რომ სხვისი პრობლემა მალე თქვენად არ გადაიქცევა!"

"ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ; პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ; ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არა ვარ; შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო".

პასტორი მარტინ ნიიმიოლერი

მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრამ" პოლიციელების უკანონო ქმედების ამსახველი ვიდეოფირი გამოაქვეყნა, რედაქციაში სატელეფონო ზარები არ წყდება. მოქალაქეები გვთხოვენ, დავეხმაროთ სიმართლის დამტკიცებაში და ვიდეოფირის ამა თუ იმ ორგანიზაციიდან ამოღებაში.

ორგანიზაციები ვიდეოფირის გაცემას მეტად უფრთხიან, სასამართლოს განკარგულებას ან სამართალდამცავი ორგანოებიდან ოფიციალურ მოთხოვნას ითხოვენ (სასამართლო შუამდგომლობებს არ აკმაყოფილებს, პოლიცია კი თავისი დანაშაულის დამადასტურებელი ფირების ამოღებაზე უარს აცხადებს), არადა კანონით,

ნებისმიერ კერძო ორგანიზაციას აქვს უფლება, ფირი, როგორც მისი კერძო საკუთრება, ნებისმიერ მოქალაქეს გადასცეს. ამისთვის კი საჭიროა არა სასამართლო დადგენილებები და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური მოთხოვნა, არამედ სამოქალაქო შეგნება და კეთილი ნება, რომელიც, სხვათა შორის, ქართველებისაგან განსხვავებით, გოეთეს ინსტიტუტის გერმანელ ხელმძღვანელს აღმოაჩნდა.

2010 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ხომასურიძე გაასამართლა. მას ბრალად  ედებოდა სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკებისთვის ბოროტი დაუმორჩილებლობა. ხომასურიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.

ლევან ხომასურიძე: - ჩემს მეგობარს პროცესორი გაუფუჭდა და ცოტა ხნით ჩემი ვათხოვე. 2010 წლის 28 დეკემბერს კი პროცესორის წამოსაღებად მივაკითხე. ჩემთან ახლოს ცხოვრობს და მასთან შევყოვნდი. ღამის ორის ნახევარი იქნებოდა, პროცესორით ხელში შინ რომ ვბრუნდებოდი. გადასასვლელ ხიდთან, შუქნიშანთან რომ გადავდიოდი, მანქანამ გამოიარა. ჯერ მომაძახეს, სად მიგაქვს ეგ პროცესორიო, მერე გაჩერდნენ და მანქანიდან გადმოვიდნენ, პროცესორი მოიპარეო? არა, ბატონო, ჩემია, აქვე ვცხოვრობ, თუ გნებავთ, წამომყევით, საბუთები სახლში მიდევს და გაჩვენებთ-მეთქი.

განყოფილებაში წამოდი და იქ გავარკვევთ მაგასო და პოლიციის მე-9 განყოფილებაში მიმიყვანეს.

შემიყვანეს თუ არა, კორიდორშივე  მიმახეთქეს კედელს. პროცესორში რაღაც ჩაიმტვრა. ბუნებრივია, გავაპროტესტე, რას შვრებით, ჩალით ხომ არ არის ქვეყანა დახურული, ადვოკატი მომიყვანეთ-მეთქი. თავში იმისთანა ჩამცხეს, თვალთ დამიბნელდა.

სამნი იყვნენ და ხან ერთი მირტყამდა, ხან - მეორე. რას სჩადით, შევარდნაძის დრო ხომ არ არის, ტყუილუბრალოდ რომ მცემთ-მეთქი? მიპასუხეს, შევარდნაძის დრო რომ იყოს, ახლა ჯიბეები ჰეროინით გექნებოდა გამოტენილი, რომ გცემთ და სხვა არაფერი, მადლობა გვითხარიო.

მერე  უფროსი შემობრძანდა და რატომ სცემეთ, რა დააშავაო? უპასუხეს, აი, ეს პროცესორი მოჰქონდა  და დავაკავეთო. ვინ გცემაო, მკითხა?  ამ სამმა-მეთქი. ვისია პროცესორი, შეგიძლია დაამტკიცო, რომ შენიაო? პროცესორს როგორც კი გახსნით, შიგ ჩემი სახელი აწერია-მეთქი. ცოტა ხანში შემობრუნდა უფროსი, ამისი ყოფილაო. მერე მომიბრუნდა, ჭკვიანად იყავი, თორემ მეც დაგიმატებო. ამის მერე ნარკოლოგიურში გადამიყვანეს. არც იქ აღმომაჩნდა არაფერი, მაგრამ გათავისუფლების ნაცვლად, მცხეთის კაპეზეში ამოვყავი თავი, რადგან ქალაქის წინასწარი დაკავების იზოლატორი სავსე აღმოჩნდა.

- რა გითხრეს, რატომ დაგაკავეთო?

- არაფერიც არ უთქვამთ, ისე შემაგდეს იზოლატორში. მეორე დილით სასამართლოში წამიყვანეს. იქ გავიგე, რომ დაუმორჩილებლობისათვის დავუკავებივარ. ისე დამაკისრა მოსამართლემ 400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა, არც დაინტერესებულა, რა და როგორ  მოხდა.

- მოსამართლეს არაფერი უკითხავს?

- სახელი, გვარი და სამუშაო ადგილი მკითხა. მერე უცბად დაარტყა ჩაქუჩი და ამით მორჩა ყველაფერს. დადგენილებაში კი წერია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლევან ხომასურიძე არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას და წინააღმდეგობა გაუწიაო... საინტერესოა, რა წინააღMმდეგობა უნდა გამეწია პოლიციელებისთვის კაცს, რომელსაც  პროცესორი მეჭირა ორივე ხელით?

ისე გავმწარდი, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2 იანვარს მივედი, სულ დამავიწყდა სამუშაო დღე რომ არ იყო. განცხადება 3 იანვარს დავწერე ვანო მერაბიშვილის სახელზე, მეორე დღეს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში გამოვცხადდი, წვრილად მოვყევი ყოველივეს. იმ ადგილას, სადაც დამაკავეს, უამრავი ორგანიზაციის სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. იმის დასადასტურებლად, რომ წინააღმდეგობა არ გამიწევია, ფირების ამოღება მოვითხოვე. ისიც კი ვუთხარი, თუ გინდათ, ფარულ კამერას დავიმაგრებ და გაჩვენებთ, რა ხალხი მუშაობს თქვენს სისტემაში-მეთქი. მითხრეს, რას ჩააცივდი ამ კამერებსა და ფირებს, რად გინდაო?!

განცხადება ვასილ სანოძის სახელზე დამაწერინეს, ერთ კვირაში დაგირეკავთო. დღემდე არავის დაურეკავს. თვითონ დავრეკე, მიპასუხეს, არაფერი ვიცითო. სასაცილოა, პოლიციელთა კანონდარღვევის გამოძიებაზე ვასილ სანოძის სახელზე გაწერინებენ განცხადებას, იმ სანოძისა,  გირგვლიანის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა რომ იყო და დღეს ვითომ რომ აღარ მუშაობს უწყებაში. ჩემი კომპიუტერი კი დღემდე პოლიციაში დევს ჩემს პასპორტსა და პლასტიკურ ბარათთან ერთად.

ჩვენ ვცადეთ მოგვეპოვებინა ფირი და რამდენიმე ორგანიზაციას მივმართეთ, მაგრამ ამაოდ. ეს ინფორმაცია არც კონფიდენციალურია და მისი გაცემა-არგაცემა ორგანიზაციის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თავს მხოლოდ და მხოლოდ სამართLალდამცავი ორგანოების შიშით იკავებენ, ეშინიათ, პრობლემა არ შეექმნათ და თავის გასამართლებლად "შიდაწესდებას" იშველიებენ(?!)

P.S. რამდენიმე წლის წინ საქართველოში საფეხბურთო გუნდ "ფრაიბურგის" მწვრთნელის, ფოლკერ ფინკეს მეუღლეს, რაინჰილდ ფინკეს ვუმასპინძლეთ. ბახტრიონის ქუჩაზე ავტომანქანით მივდიოდით, რომ უცბად ფინკემ ავტომობილის სასწრაფოდ გაჩერება მოითხოვა. შევჩერდით. ფინკე ელდანაკრავივით გადმოხტა მანქანიდან და შუა ქუჩაში დაყრილ რამდენიმე საკმაოდ მოზრდილ ლოდს (რომელსაც მანამდე აუღელვებლად ხან მარჯვნიდან და ხან მარცხნიდან უვლიდნენ მანქანები) დაუწყო ტროტუარისკენ გადათრევა.

გაოგნებული შევცქეროდით, გადაპრანჭული გერმანელი ქალი თბილისის ქუჩაში როგორ ეზიდებოდა ლოდებს. ფინკეს მივცვივდით, რას აკეთებთ, ქალბატონო-მეთქი? როგორ თუ რასო? - გაუკვირდა ფინკეს, ხომ შეიძლება,  ამ ლოდების გამო ვინმე დაშავდეს ან ავტოავარია მოხდეს, ან ვინმეს მანქანა გაუფუჭდესო. მაშინ მივხვდი პირველად, რას ნიშნავს იყო მოქალაქე. ჩვენ ხომ სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. თუ რომელიმე ორგანიზაციას ჰგონია, რომ სხვისი პრობლემა მალე  მისად არ იქცევა, ცდება, მარტინ ნიიმიოლერის სიტყვები სტატიის თავში შემთხვევით ნამდვილად არ მიხსენებია.

P.P.S. ჩვენ დავუკავშირდით შსს-ს პრესსამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ გვენეტაძეს, რომელიც დაგვპირდა, რომ სიტუაციას გაარკვევდა და დაგვიკავშირდებოდა, მაგრამ "კავშირს" დღემდე ველოდებით.