"გამჭვირვალე ტენდერის" ბუნდოვანი შედეგი - კვირის პალიტრა

"გამჭვირვალე ტენდერის" ბუნდოვანი შედეგი

ურჩ მძღოლებს ხელისუფლება ჭკუის სწავლებით დაემუქრა "საქართველოში მონობის კოდექსი მოქმედებს"

სამარშრუტო ტაქსების თემა ძალზე აქტუალურია. მართალია, ხელისუფლება საზოგადოებას არწმუნებს, რომ ყველაფერი მძღოლების კეთილდღეობისა და ხალხის კომფორტული მგზავრობისთვის კეთდება, მაგრამ საზოგადოება ეჭვობს, ჩატარებული "გამჭვირვალე ტენდერი" სამარშრუტო ტაქსების ბიზნესის მონოპოლიზების სურვილი უფროა, ვიდრე მგზავრების კომფორტსა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ტენდერის შედეგი ბუნდოვანია, სამაგიეროდ, მძღოლების პროტესტის შედეგია აშკარა -  ისინი დაპატიმრებული არიან.

31 იანვარს თბილისის მერიამ სამარშრუტო ტაქსების ტენდერში გამარჯვებულები გამოავლინა. 2031 წლამდე თბილისში სამარშრუტო ტაქსებით რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებს განახორციელებენ კომპანიები: "თბილლაინი", შპს "კაპიტალ გრუპი", "თბილქარი" და შპს "ფაბლიქქარი". ოთხივე კომპანიის დოკუმენტები ერთი და იმავე ნოტარიუსის დამოწმებულია (ნინო გინტური) და ოთხივე კომპანიის საწესდებო კაპიტალი 100-100 ლარს შეადგენს. ეს კი მიუთითებს, რომ ეს ბიზნესი, სავარაუდოდ, ერთი პირის ხელშია.

ლაშა ჩხარტიშვილი, კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანი: "გასულ კვირას, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ. გამონაკლისი აღმოჩნდა "ოქროპირას" ხაზები. ეს ნიკო ბეზარაშვილია, რომელიც ხელისუფლებამ გადაიბირა გაფიცვის ჩასაშლელად. სხვადასხვა სამარშრუტო ხაზის ნომრით ცდილობდნენ სხვადასხვა ხაზზე გაეშვათ მანქანები, რომლებიც ამ ხაზებს არ ეკუთვნოდა. ამისთვის გამოიყენეს რუსთავის ხაზების სამარშრუტო ტაქსებიც. მიუხედავად ამისა, სრულმასშტაბიანი გაფიცვა შედგა, მაგრამ ამას მასობრივი ტერორი მოჰყვა. დაიწყო გაუთავებელი ზარები და მუქარა.

მერიის სამსახურებიდან ყველა მძღოლთან რეკავდნენ და ატყობინებდნენ, რომ ურჩები სამსახურს დაკარგავდნენ.  ყველა გაჩერებაზე პოლიცია იყო მობილიზებული.  დაპატიმრებების სერია პარასკევს დაიწყო. კვირამდე თხუთმეტი მძღოლი დააპატიმრეს კლასიკური კოქტეილბრალდებებით (ხულიგნობა და სამართალდამცავი ორგანოებისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა). ძალიან ბევრს უარი ათქმევინეს პროტესტზე დაპირებებით.

მალე მძღოლებთან დაიწყება ხელშეკრულებების გაფორმება და ყველას ვთხოვ, ადვოკატისა და საქმეში ჩახედული პირების გარეშე ხელი არ მოაწერონ, თორემ სიტყვიერი დაპირებები ბევრი გვსმენია ხელისუფლებისაგან. ტენდერი თავიდან უნდა ჩატარდეს. მართალია, 40-ლარიანი დღიური გადასახადი 10 ლარზე ჩამოიყვანეს, მაგრამ ეს ათლარიანი გადასახადი იმ 6 თვის განმავლობაში იმუშავებს, სანამ ეს კომპანიები თავიანთ მანქანებს შემოიყვანენ ქვეყანაში. როგორც კი ეს მოხდება, ყველა  სამარშრუტო ხაზის ლიცენზიის მფლობელი შემოსავლის გარეშე დარჩება.

სამი კაცის ინტერესს 20000 ოჯახის ინტერესი შეეწირება. მანქანების მფლობელებს შემოსავალი დაეკარგებათ, მძღოლებს კი დღეს არსებული შემოსავლის მესამედსაც არ გადაუხდიან, რადგან საქართველოში არა შრომის, არამედ მონობის კოდექსი მოქმედებს. რაც მთავარია, თუ ამ მონოპოლიას დაუშვებს საზოგადოება, გაიზრდება მგზავრობის ფასიც.

გელა ნიკოლაიშვილი, დაკავებული   მძღოლების ადვოკატი: "რომელი ჭკუათამყოფელი დაიჯერებს, რომ რვა ხანში შესული მამაკაცი ავტოგასამართ სადგურზე უმისამართოდ იგინებოდა. სასამართლო პროცესი შუაღამეს გაიმართა. ახალგაზრდა მოსამართლე სიმართლის დადგენის ნაცვლად პოლიციელებს აზრების დაწყობაში ეხმარებოდა. ბოლოს გვითხრეს,  ყველა აღიარებს დანაშაულს, თქვენ რას იკლავთ თავსო.  თურმე მძღოლებს დაჰპირებიან, თუ ოქმზე  ხელს მოაწერდნენ, ასლარიან ჯარიმებს აკმარებდნენ, თუ არა და 90 დღე აყურყუტებდნენ ციხეში.

იმან გამაოგნა, რომ ეს  ხალხი  ლამის ადვოკატებს შემოგვიბრუნდა, დავამთავროთ დროულად პროცესი, არ გვინდა ამდენი ლაპარაკიო. ერთ-ერთმა მძღოლმა ისიც კი თქვა, ადვოკატს თავისი ინტერესი აქვსო. გადავირიე, შუაღამეს მოვედი თქვენი გულისთვის, ფულს მიხდით თუ რა ინტერესი უნდა მქონდეს თქვენი დაცვის მეტი-მეთქი? ამ პროცესს ყოფილი პოლიტპატიმარი ილია წურწუმია ესწრებოდა. მან სამი წელი უდანაშაულოდ გაატარა ციხეში. წამოდგა, არ გრცხვენით, ხალხო, 90-დღიანმა ციხემ ასე როგორ შეგაშინათო და დარბაზიდან გავიდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაკავებულების ბრიგადირს დაურეკეს, თუ ხვალ გაფიცვას შეწყვეტთ, დაკავებულებს ასლარიან ჯარიმებს ვაკმარებთ, თუ არა და,  ხანგრძლივად დავაკავებთო. მისცეს ერთ-ერთი პოლიციის უფროსის ტელეფონის ნომერი. როგორც კი პირობას დადებ, რომ ხვალ გაფიცულ მძღოლებს სამუშაოდ გამოიყვან, დაკავებულებს გამოვუშვებთო. რადგან გარეთ მყოფი მძღოლები ამ პირობას არ დათანხმდნენ, დაკავებულები 30-30 დღით გაამწესეს ციხეში".