"მძი­მე ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­მი­კეთ­და იმ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, ვცდი­ლობ რო­გორც შე­მიძ­ლია... არ მინ­და ჩემს შვილს იმე­დე­ბი გა­ვუც­რუო და დავ­ჩა­ჩა­ნაკ­დე" - კვირის პალიტრა

"მძი­მე ოპე­რა­ცი­ე­ბი გა­მი­კეთ­და იმ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, ვცდი­ლობ რო­გორც შე­მიძ­ლია... არ მინ­და ჩემს შვილს იმე­დე­ბი გა­ვუც­რუო და დავ­ჩა­ჩა­ნაკ­დე"

აფხაზეთის ომის ვეტერანის, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიიდან წელიწადი და ცხრა თვე გავიდა. 2019 წლის 7 თებერვალს გუგეშაშვილების საცხოვრებელში უცნობი მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით სიცოხლეს გამოასალმა დოდო გუგეშაშვილის ერთადერთი ვაჟი, ხოლო თავად დოდო გუგეშაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

შემთხვევიდან დაახლოებით ერთ წელში, სამართალდამცველებმა 45 წლის ზაზა მურჯიკნელი დააკავეს. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და სასამრთლოს წინაშე წარდგენა 5 ოქტომბერს მოუწევს.

როგორ ცხოვრობს ტრაგედიის შემდეგ მებრძოლი ქალი და რა ახალი გარემოებები იკვეთება სისხლიანი ანგარიშსწორების საქმეში - აღნიშნულთან დაკავშირებით AMBEBI.GE დოდო გუგეშაშვილს ესაუბრა:

- პირველ რიგში, როგორ ხართ? როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ახლა არა მიშავს. ძალიან მძიმე ოპერაციები გამიკეთდა იმ ტრაგედიის შემდეგ, ვცდილობ როგორც შემიძლია... არ მინდა ჩემს შვილს იმედები გავუცრუო და დავჩაჩანაკდე. ბოლოს, თებერვალში გავიკეთე მძიმე ოპერაცია და საკმაოდ დიდხანს ვიწექი საავადმყოფოში. საოცრად პროფესიონალი ექიმები გვყავს.

- როგორ ცხოვრობთ ახლა, როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ვცდილობ, მხოლოდ ჩემს ტრაგედიაში არ ვიყო ჩაფლული და არავის მოვახვიო თავს ეს ყველაფერი. ახლა ვარ საერთაშორისო ასოციაცია "დაიცავი შენი წილი სამშობლოს" თავმჯდომარე. ჩვენ ვცდილლობთ, დავეხმაროთ ვეტერანებს, გავუწიოთ მათ საჭირო კონსულტაცია და რითაც შეგვიძლია, გვერდით დავუდგეთ. ერთდაერთი რასაც სახელმწიფო ვეტარენებისთვის იმეტებს, არის მიზერული 22 ლარი. ამ თანხით ვეტერანმა თავიც უნდა ირჩინოს, კომუნალურებიც გადაიხადოს და ა.შ. თუ წინა ხელისუფლებამ ეს მათხოვრული თანხა შეჰკადრა ომის ვეტერანებს, მოქმედმა ხელისუფლებამ ამაში უხერხულობა ვერ დაინახა და არაფერი მოუმოქმედებია. მხოლოდ ახლა, წინასაარჩევნოდ გაახსენდათ პარლამენტში, რომ თურმე ეს 22 ლარი ძალიან ცოტაა და უნდა გაიზარდოს. მხოლოდ ახლა დაიწყეს ამაზე საუბარი, არჩევნები რომ მოახლოვდა.

- რა ახალი გარემოებები იკვეთება თქვენი შვილის მკვლელობის საქმეში? ხომ არ გასულა გამოძიება დამკვეთის კვალზე?

- როგორც გითხარით, თებერვალში მძიმე ოპერაცია ჩამიტარდა, დიდხანს ვიწექი საავადმყოფოში, ახლა შეზღუდულია ჩემი მოძრაობაც და კიდევ ბევრი რამ. ამიტომ ვერ შევძელი გავცნობოდი საქმის მასალებს. თუმცა გამოძიებას ვენდობი. ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს საქმე გაიხსნებოდა. მკვდარ საქმედ მიაჩნდათ, მე არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ დამნაშავეს დაიჭერდნენ, თუმცა ასე მალეც არ ველოდი. მაგრამ ახლა მთავარია დამკვეთზე გავიდნენ და დასაჯონ. ამ საკითხსაც ოპტიმისტურად ვუყურებ, მჯერა ამასაც შეძლებენ.

- როგორც ჩანს, კარგად ორგანიზებული სისხლიანი ანგარიშსწორება იყო...

- ბოლომდე კარგად ორგანიზებული ალბათ არ იყო, რადგან ახლა ცოცხალი ვარ. მკვლელს ორივე ვჭირდებოდით - მეც და ჩემი შვილიც. თუმცა დიდი ხნით ადრე რომ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული, ფაქტია. მკვლელი ცდილობდა ურთიერთობაში შემოსულიყო ჩემთან. რამდენჯერმე იყო ჩემს სახლში მოსული. ჩემი შვილი მკვლელობამდე ორჯერ ნახა და სთხოვა ჩემთვის გადმოეცა, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა, გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით. მე მას პირადად არ შევხვედრივარ და გავსაუბრებივარ. ერთხელ სახლიდან გამოვედი, ქვემოთ მანქანა მელოდებოდა. ბინასთან დამხვდა და გამომელაპრაკა. ვუთხარი, მეჩქარება, ქვემოთ მელოდებიან-მეთქი.

ლიფტში შემომყვა და სელფის გადაღება მთხოვა. მე უარი ვუთხარი. აშკარად უნდოდა, ეს ფოტო ვიღაცისთვის გადაეგზავნა, მაგრამ მაშინ ვერაფერს მივხვდი. ამ ამბიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემედეგ, 7 თებერვალს, გამთენისას მოვიდა ჩემთან. ხალათით ვიყავი. გამიკვირდა ასე ადრე მისი მოსვლა. მოსვლიდან ორ წუთში კი შუქი ჩაქრა. მან შემოსვლამდე იცოდა, რომ შუქი იყო ჩამქრალი. მუქი ქურთუკი ეცვა, "კაპიუშონი" ჰქონდა გადმოფარებული თავზე, "კეპი" ეფარა. ეკეთა სათვალეები. ვიყვირე, სახლში მკვლელია-მეთქი. ჩემს ყვირილზე და იარაღის ხმაზე ნოდოს გაეღვიძა და სამზარეულოში ჩემს საშველად გამოვარდა. მესროლა პირდაპირ გულში. ტყვია გულის აორტას მილიმეტრნახევრით ასცდა.

თვალებში რომ დამიბნელდა, რამდენიმე წამში ისევ მომივიდა თვალში სინათლე და დავინახე, რომ მკვლელს ჩემი შვილი ეწვინა სამზარეულოს იატაკზე, ჩემთან ახლოს და იარაღს თავში უმიზნებდა. დაჭრილი ვიყავი, მაგრამ მაინც შევძელი და მკვლელი სკამით მოვაშორე ჩემს ბიჭს. შემდეგ გარეთ გამოვვარდი, რომ უკან გამომყოლოდა. თუ მას მხოლოდ ჩემი მოკვლა უნდოდა, ყველა ლოგიკით უნდა გამომყოლოდა…მაგრამ ორივე ვჭირდებოდით... რამდენიმე სართული ჩავირბინე და, რომ მივხვდი, არ გამომყვა, ვეღარ მოვახერხე ზემოთ არბენა, რადგან ძალიან ბევრი სისხლი დავკარგე და დაძაბუნებული ვიყავი. კიბეებზე მოდიოდა. მეზობლებს ვუთხარი, ეს არის მკვლელი-მეთქი, მაგრამ ჩაირბინა.

- ეს ადამიანი დაქირავებული ქილერი იყო? ვინ არის, რა ინფორმაცია მოიძიეთ მასზე?

- მხოლოდ ის ვიცი, რაც მედიით გავრცელდა. მეტი არაფერი. თავად კატეგორიულად უარყოფს. ამბობს, რომ თვითონ არ ჩაუდენია და ყველა მოწმე არასწორ ჩვენებას აძლევს. ის იყო ქილერად დაქირავებული, პროფესიონალი მკვლელი. მას რაღაც სკოლებიც ექნებოდა გავლილი, ან სპეცრაზმის ან სამხედროს ან რაიმე მსგავსი, მაგრამ იარაღი არ უვარგოდა.

მე ჩემი თვალით ვნახე, როდესაც მან ჩემს შვილს დაუმიზნა, არ გავარდა და ამიტომ თავში მიაყენა იარაღის ტარით დაზიანებები. თუმცა, სადაც და როგორც იყო ნასროლი, პროფესიონალი მკვლელის ხელწერა იკითხებოდა. დამატებითი ინფორმაცია ამ ადამიანის შესახებ მე არ მომიძიებია. ვიცი, მხოლოდ ის რომ მუხროვანის ამბოხის საქმეში ფიგურირებდა, სასჯელიც აქვს მოხდილი. სხვა დანარჩენი ვინ არის და რას წარმოადგენს, არ ვიცი და არც დავინტერესებულვარ. გაგრძელება